ომი შესაძლოა გრძელვადიან კამპანიაში გადაიზარდოს
“ყოველი დღე ახალი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის მეორე ფაზის გეგმებიც მიუღწეველი რჩება, თუმცა, საოკუპაციო ძალები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში წინ წაწევას მაინც ცდილობენ.
სამხედრო ანალიტიკოსებიც და თავად უკრაინის ხელისუფლებაც ამბობს, რომ ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი ახალ სტარტეგიაზე გადავა და შეეცდება, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს, რათა სახე და ძალაუფლება შეინარჩუნოს. ექსპერტების განმარტებითვე, თუ ომი ახლო პერიოდში დამთავრდა, პუტინი ყველა ვარიანტში დამარცხებული გამოვა, რაც მის ძალაუფლებას წამიერად დაამხობს, ზუსტად ამას უფრთხის და სანამ ქვეყანას რესურსი ექნება, ომს გაწელავს. თუმცა, მათივე შეფასებებით, ამის პარალელურად გლობალურად რისკები შეიქმნება იმისა, რომ ახალი კონფლიქტები გაღვივდეს, ასევე, შეიქმნას ეკონომიკური კრიზისი - უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, როგორც ჩანს, რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება. მისი თქმით, გაჭიანურებული ომი გლობალურ სასურსათო კრიზისს შექმნის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ომი შესაძლოა გრძელვადიან კამპანიაში გადაიზარდოს - “რუსები იწყებენ საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს”
“არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ რუსეთი გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის. ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ იწყებენ რუსი ოკუპანტები საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს ხერსონის რაიონში, ზაპორიჟიაში, რათა საჭიროების შემთხვევაში თავდაცვაზე გადავიდნენ. გაჭიანურებული ომი ქმნის გლობალურ სასურსათო კრიზისის, ისევე როგორც კიდევ ერთი მიგრაციული კრიზისის რისკს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა დავამარცხოთ მტერი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები რაც შეიძლება მალე. ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გახანგრძლივების უფლებას. ამიტომ ვართ ძალიან დაინტერესებული მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად და სწორი რაოდენობით. ჩვენ გვჭირდება ტანკები, ჯავშანტექნიკა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემები (მძიმე არტილერია, თვითმფრინავი, რაკეტები). ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე”, - აღნიშნა რეზნიკოვმა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ჯერჯერობით მეორე ფაზის დასრულებას პირი არ უჩანს და ზოგადად კონფლიქტმა შესაძლოა ერთ წელზე მეტხანსაც გასტანოს, რაც მსოფლიო დონეზე კრიზისებს გამოიწვევს და ახალი კონფლიქტების გამომწვევიც შესაძლოა გახდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჯერჯერობით მეორე ფაზის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია, სიტუაცია გარკვეულწილად შენელებულია, მაგრამ, რუსები მაინც ცდილობენ, რომ დონბასთან მიმართებაში გეგმები განახორციელონ. ის პირი უჩანს, რომ ეს კონფლიქტი შესაძლოა გაჭიანურდეს. თუ დროში გაიწელა, შესაძლოა ერთ წელზე მეტს გასტანოს, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტად ამის გათვლა რთულია. თუ ომი გაჭიანურდა, ეს პირველ რიგში მსოფლიო დონეზე სერიოზულ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისს გამოიწვევს, სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით იქნება სერიოზული პრობლემები, უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ხორბლის მარაგები იწურება. დროში გაწელილმა კონფლიქტმა შესაძლოა გეოსტრატეგიულ ძალთა ბალანსზე რეგიონალურ და მსოფლიო დონეზე გავლენა იქონიოს. კონფლიქტმა ევროპის შუაგულში შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და სხვა კონფლიქტების გაღვივებას ხელი შეუწყოს. დავუშვათ, იგივე ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებული სიტუაცია გართულდეს, ასევე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაც. ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა, ცენტრალურ აზიაში სიტუაცია უკვე სერიოზულად ირევა, ტაჯიკეთ-ავღანეთს შორის შეტაკებებია. პალესტინა-ისრაელს შორის სიტუაცია როგორ განვითარდება, ეს არავინ არ იცის, იქაც საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებების ქარიშხალია. ასევე, აფრიკის კონტინენტი, კავკასიის რეგიონი - მთიანი ყარაბაღი თითქოს მიჩუმათებულია, მაგრამ ვულკანივითაა და უკვე პრეტენზიები აქვთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული სიტუაციით შესაძლოა მივიღოთ ის, რომ თურქეთი ნატოდან გაირიცხოს, ან წევრობა შეუჩერონ. მსგავსი შინაარსით “სიენენმა” დაწერა. თურქეთი ყველა მიმართულებით დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებს და ეს ნატოს ქვეყნებისთვის სირთულეებს ქმნის, თუნდაც თუ ფინეთი და შვედეთი თურქეთის გამო ნატოში ვერ გაწევრიანდნენ, ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მანამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ ქვეყანა ნატოდან გაერიცხათ და როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი, თუმცა, ესეც არაა გამორიცხული. თურქეთს ერთხელ ნატოს წევრობა შეუჩერეს, რადგან 1974 წელს ჩრდილოეთ კვიპროსში შეიჭრა და ოკუპაცია განახორციელა... არც ის არაა გამორიცხული, თუ კონფლიქტი გაიწელა, ომმა გლობალური ხასიათი მიიღოს, რადგან რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოებზეც გადავიდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რუსებმა პოლონეთის წინააღმდეგ გარკვეული ფსიქოლოგიური ოპერაცია წამოიწყეს, ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს პოლონეთი უკრაინასთან შეთანხმებით აპირებს, რომ დასავლეთ უკრაინაში თავის სამხედრო კონტინგენტი შეიყვანოს და იქ ერთობლივი პარტულირება განახორციელოს. ეს აბსოლუტიური ჭორია. მე პოლონეთის სამხედრო საექსპერტო წრეებთან კომუნიკაცია მქონდა და მთხოვეს, რომ სიმართლე გამეხმოვანებინა. რუსეთი იმასაც კი ამზადებს, რომ რამე რომ იყოს, პოლონეთშიც კი შეიჭრას. რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია და შენელებული ომი შესაძლოა ტრანსრეგიონალურ ომში გადაზარდოს. რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა, პუტინს არ სურს, რომ უკრაინის ომიდან წაგებული გამოვიდეს და ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს გამოიყენებს და კონფლიქტს გაწელავს, ამ პერიოდში კი პუტინისგან არც ისაა გამოსარიცხი, რომ არსებული კონფლიქტი მსოფლიო ომში გადაზარდოს”, - განმარტავს ექსპერტი.
“მარიუპოლის ოპერაციაც რუსეთის წისქვილზე სამწუხაროდ გარკვეულწილად წყალს ასხამს, ახლა გადაჯგუფდნენ და ჯერჯერობით ცდილობენ, რომ დონბასის რეგიონი დაიკავონ. დასავლეთი უკრაინის დახმარებას დიდი შემართებით აგრძელებს, ყველა კუთხით ეხმარება. პუტინს კი აწყობს გაჭიანურებული ომი, მაგრამ, ამ ეტაპზე უკრაინამ რომ სიტუაცია უცებ მოაგვაროს და მასობრივ კონტრშეტევაზე გადავიდნენ, ეს ცოტა რთულია, რადგან რუსები ნელ-ნელა მობილიზდნენ და მათი საერთო რაოდენობა ახლა 200 ათას ადამიანამდეა, პლიუს ამას ემატება სეპარატისტული ძალები”, - მიიჩნევს მაისაია. შავი ზღვის უნივერსოიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ პუტინს ომის გაწელვა მის ძალაუფლებაში ყოფნას ხელს უწყობს და ამიტომაც ყველა რესურსს იმაზე მიმართავს, რომ გააჭიანუროს”, - დასძენს გამოცემა.
“პუტინს ურჩევნია, რომ ომი გაწელოს, რადგან გაჭიანურებული კონფლიქტი მის ძალაუფლებაში ყოფნას ხელს უწყობს. ახლა მან რომ ომი დაასრულოს, ეს რუსეთის სასარგებლოდ ვერ იქნება გადაწყვეტილი, აქედან გამომდინარე, რუსეთის მოსახლეობა, თუნდაც პოლიტიკური ელიტა და ოლიგარქები პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილები იქნებიან, ეს კი მის ძალაუფლებას შეარყევს. ახლა პუტინი ცდილობს, რომ ომი როგორმე გაწელოს და ძალაუფლება ამით შეინარჩუნოს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით მოსალოდნელია, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 12% შემცირდეს. დღეს რუსეთის კოზირი ისაა, რომ ის ნავთობს ჯერ კიდევ ჰყიდის და ფასებიც გაიზარდა. სანამ რუსეთს ეკონომიკური პოტენციალი და ბერკეტები ჯერ კიდევ დარჩა, ამას იმაში იყენებს რომ ომი დააფინანსოს, სხვადასხვა მონაცემებით რუსეთს ომი დღეში 800 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე უჯდება. გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს, მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია უკვე დაიწყო”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“რუსეთს ამ რესურსით შეუძლია, რომ ომი მაქსიმალურად სადღაც ერთი წელი კიდევ გაწელოს. ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით რუსეთის სამხედრო პოტენციალის ერთი მესამედი განადგურებულია. ახალ სამხედრო პროდუქციას ვერ აწარმოებს, მაგრამ ის ჯერ კიდევ 10 ათას ერთეულამდე ტანკს ფლობს, ასევე 5 ათასზე მეტ ჯავშანმანქანას, 3 ათასზე მეტ სამხედრო თვითმფრინავს და ამით პუტინს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ რაღაცას გააკეთებს. პუტინი ახლა ცდილობს, რომ ომი რაც შეიძლება გაწელოს, თან წაგებული არ გამოვიდეს, თან ამასობაში უკრაინაც გამოფიტოს, თან ფიქრობს, რომ ევროპა რუსული ნავთობისა და გაზისგან ასე უცებ ვერ გათავისუფლდება. ამიტომაც ამით სარგებლობს”, - თვლის ჩიტაძე.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი