დიდი გაურკვევლობა დავით-გარეჯის გარშემო - რა ხდება სინამდვილეში
"იმ ფონზე, როცა ბაქოში საქართველო-აზერბაჯიანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თემაზე შექმნილი კომისიის 2-დღიანი შეხვედრები დაიწყო, დავით-გარეჯის გიდი, ზვიად ანანური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი დღეა აზერბაიჯანის მხრიდან გარეჯის ჩიჩხიტურის კოშკთან გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ოფიციალური თბილისი ამაზე ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს და მხოლოდ ჟურნალისტებისგან იგებს, რომ სადავო ტერიტორიის ახლოს მეზობელმა ქვეყანამ გზის გაყვანა დაიწყო.
უფრო მეტიც, მედიის მხრიდან ატეხილი ხმაურის მიხედავად ვერ შეძლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერკვია და ჟურნალისტებისთვის გაეცა პასუხი, რეალურად რა ხდება გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დიდი გაურკვევლობა დავით-გარეჯის გარშემო - რა ხდება სინამდვილეში
"დღის ბოლოს „რეზონანსის" შეკითხვის პასუხად სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ამბობს, რომ ბაქოში ქართულმა მხარემ შეკითხვა დასვა და პასუხს შეხვედრის მეორე დღეს, პარასკევს ელოდებიან. „ქართულმა მხარემ, ფლობდა რა ამ ინფორმაციას, კომისიის სხდომაზე დააყენა საკითხი და აზერბაიჯანული მხარე დაგვპირდა, რომ დამატებით დეტალებს მოგვაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს და კონკეტულად სად. როცა სხდომა განახლდება ხვალ, ინფორმაცია გვექნება," - ამბობს სამინისტროს პრესსამსხურის უფროსი მარი ნარჩემაშვილი. მანამდე კი, შუა დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად თქვა, რომ ინფორმაცია მედიიდან ახლა გაიგო და მესაზღვრეებთან გადაამოწმებს, თუმცა, არ გაუცია პასუხი, რატომ არ ფლობს სამინისტრო საზღვართან მიმდინარე სამუშაოებზე ცნობებს მედიის გარეშე“, - აღნიშნავს გამოცემა.
"მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება. იცით, რომ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ამასთან, ყველას მოუწოდა „ემოციური განცხადებებისგან" თავი შეიკავონ: „უნდა გადამოწმდეს სად, რომელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენს კომისიას". განცხადება ასევე გააკეთა განათლების და კულტურის მინისტრმაც. დავით ბატიაშვილის თქმით, ინფორმაციები არსებობს, მაგრამ "გადაზუსტება სჭირდება" ."იმის შემდეგ, რაც მთლიანი სურათი შეიძლება იქნეს მიღებული, თუ ასეთი რაღაც რეალურად ხდება, ამის მიხედვით მოხდება შეფასებაც, ისე ნაბიჯების დაგეგმვაც მთავრობის მხრიდან,"- განაცხადა ბატიაშვილმა“, - განაგრძობს გამოცემა.
"საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი 2-დღიანი სხდომა ბაქოში ხუთშაბათს, 23 მაისს დაიწყო. შეხვედრაზე საუბარი იქნება დავით-გარეჯის ნაწილზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამიჯნული. მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა, თუმცა უცნობია მას ამ დროს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ გარეჯში აზერბაიჯანელებს გზის სამშენებლო სამუშაოები ჰქონდათ დაწყებული.მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მას პოზიტიური მოლოდინები აქვს და დარწმუნებლია, ყველა საკითხი იმ სულისკვეთებით გადაწყდება, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია. მაშინ როდესაც პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა, „ფეისბუქში" დავით-გარეჯის გიდმა ზვიად ანანიაშვილმა დაწერა, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა ორი დღეა დაიწყო და ადგილზე მობილიზებულია გზის სამშენებლო ტექნიკა. „აზერბაიჯანულმა მხარემ გზის მშენებლობა დაიწყო ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს. გზა სავარაუდოდ, ამავე მიმართულებით მიჰყავთ. ჩიჩხიტურის კოშკამდე ჯერ არ მისულან, კოშკამდე დარჩენილი აქვთ ალბათ 1-1,5 კმ, შეიძლება მეტიც", - ამბობს ანანიაშვილი და „ფეისბუქში" ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს“, - დასძენს გამოცემა.
„ანანიაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანული მხარე ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელ გზას აკეთებენ. საუბარია მონასტრიდან 3 კილომეტრის დაშორებით გზის გაყვანის სამუშაოებზე. ადგილობრივი გიდის, ზვიად ანანიაშვილის თქმით, იმ დროს, როცა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკება იმართება, გზის გაყვანის სამუშაოების წამოწყება ბევრ კითხვას ბადებს. ის საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს განმარტებას, რა სამუშაოებს აწარმოებენ აზერბაიჯანელები დავით-გარეჯის ტერიტორიაზე და რატომ არ ფლობს ინფორმაციას ოფიციალურ თბილისი. „დავითის ლავრამდე დაახლოებით 3 კილომეტრში ხდება გზის მშენებლობა. ჩიჩხიტურის მონასტერი გვხვდება გზად. ტრაქტორები, რაც გადავიღე, ერთ კილომეტრშია ლავრამდე. დღეს მესამე დღეა, რაც მუშაობენ. ცუდი მომენტია ის, რომ მოლაპარაკებების ფონზე მიდის ეს. ჩვენ ამ მოლაპარაკებების გამო შევთანხმდით და ზემოთ ასვლაზეც უარი ვთქვით, რომ ვაცალოთ ხალხს. თუმცა, თვითონ, ამ ადგილიდან არც თუ ისე შორს, უკვე მუშაობენ და სასაზღვრო ზონაში ინფრასტრუქტურას ავითარებენ. თუ მოლაპარაკებას ველოდებით, დაველოდოთ. რა ხდება, ეს საინტერესოა,"- ამბობს ანანიაშვილი. ადგილზე ჩასული იყო „რუსთავი 2"-ის კორესპონდენტიც, თუმცა მესაზღვრეებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ჯერჯერობით პასუხი არ აქვს არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც აცხადებენ, რომ დეტალებზე ინფორმაციის მიწოდებას აზებაიჯანული მხარე თბილისს პარასკევს დაჰპირდა. ცნობისათვის, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მცირე ნაწილი, ჩიჩხიტურის მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს , საბჭოთა დროს მიეკუთვნა ეს ტერიტორია აზერბაიჯანს და საქართველოს უკვე რამდენი წელია სწორედ ამ ნაწილის გაცვლა სურს აზერბაიჯანთან, თუმცა უშედეგოდ“, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- ირაკლი კობახიძე
- კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს – საპატრიარქო
- 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
- ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
- აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - საია