"88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო" - მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი მედლინ მუნს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ 88 წლის დათა ვანიშვილს გაესაუბრა.
ვანიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს ბარიერების გამო შექმნილ პრობლემებზე შესჩივლა და ასამბლეის პრეზიდენტს დახმარება სთხოვა.
“გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ. 88 წლის კაცი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ლარზე პურსაც კი ვერ ვყიდულობ ამ ტერიტორიაზე. მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის “მოქალაქეობა” და აქაური პენსია ჩვეულებრივ დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის “მოქალაქეობა” როგორ მივიღო? სახლში მოხუცი ავადმყოფი მეუღლე მყავს, ვეხვეწები, რომ საშუალება მომცენ გორში წავიყვანო ექიმთან, მაგრამ არც ამის უფლებას მაძლევენ. მეუბნებიან, ცხინვალში ან ლენინგორში წაიყვანე საავადმყოფოშიო. ამ მთებზე როგორ ვატარო ავადმყოფი ქალი, შესაძლოა, გზაში დაემართოს რამე. გორი კი აქვეა, მაგრამ ამ მავთულხლართების იქით არ გვიშვებენ. აქ ბევრი დელეგაცია მოდის, მელაპარაკებიან, ვუყვები ჩემს მდგომარეობას, მაგრამ არაფერი იცვლება. იქნებ, დაგვეხმაროთ და რამის გაკეთება შეძლოთ, რომ ეს ვითარება შეიცვალოს“,- მიმართა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.
სიახლეები
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე