"ეს იყო უძილო, შიშისა და ლოცვის ქვეშ გათენებული ღამეები" - 12 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან

412 დაღუპული, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1 747 დაჭრილი; 130 000 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 000 განადგურებული სახლი; მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ხუთი ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, – ეს რუსეთ-საქართველოს შორის ხუთ დღიანი ომის შედეგებია.

დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო.

 

ამის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.

 

შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? რა მოუტანა ქვეყანას? FirstNews.ge გთავაზობთ გამოკითხვას, სადაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი აგვისტოს ომს იხსენებს და საკუთარ ემოციებზე გვიყვება.

 

ლევან ალაფიშვილი - იურისტი

რუსეთის საქართველოში სამხედრო შემოჭრა, იგივე რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომი,  არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია იყო, არამედ რუსეთის მიერ თანამედროვე საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის ძალადობრივი შეცვლის, აგრეთვე დემოკრატიული საზოგადოებისათვის სილის გაწვნის მცდელობა. ეს იყო ომი, რომელმაც შეიწირა მრავალი ჩვენი მოძმე, თანამოქალაქე, უსახლკაროდ და შემოსავლის გარეშე დატოვა ათასობით ადამიანი, რომლებსაც თავიდან მოუწიათ ცხოვრების დაწყება დევნილობაში.

ამ დიდ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პუტინის რუსეთია, რომელიც ვერ შეგუებია სსრკ-ს დაშლას და ცდილობს ტოტალიტარული იმპერიის რეანიმაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთის შემოჭრის თავიდან აცილებაზე საუბარი გულუბრყვილობაა, განსაკუთრებით დღევანდელი გადასახედიდან. საქართველოში შემოჭრას მოჰყვა უკრაინასა და სირიაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ზრახვას, შეცვალოს მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო სამართალი და აღადგინოს ტოტალიტარული იმპერია.

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი უპირველესად არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთის დუმაში მისი გაფორმება, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა არ სცნობს. ტრაგიკულ შედეგად განვიხილავ ასევე, რუსეთის პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების, ეთნიკური აფხაზებისა და ოსების მიმართ. ფაქტია, რომ რუსეთის პოლიტიკა ამ ჯგუფებს არსებობისა და განვითარების არეალს სულ უფრო უმცირებს და გაქრობას უქადის.

 

ნათელა ჯიმშელეიშვილი -  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება #ქართულიფესვების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში, ჟურნალისტი, პოეტი.

აგვისტოს ომი სულ რაღაც 12 წლის წინ მოხდა, არ მავიწყდება მაშინდელი საგანგებო სიტუაციები,  ქალაქების მოსახლეობის მიერ თვითევაკუაცია, როგორ აფარებდნენ თავს ქალები და ბავშვები ცხელი წერტილის ახლო ტერიტორიებიდან შორს.  საშინელი შიშის შეგრძნება იყო, ცას ვუყურებდით, თითქოს ყოველთვის მოველოდით საშიშროებას. ეს იყო უძილო, შიშისა და ლოცვის ქვეშ გათენებული ღამეები.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, საქართველოსთან ომის წამოწყების ეს გეგმა რუსულმა გენ. შტაბმა გაცილებით ადრე, დაახლოებით ომამდე 2 წლის წინ მოამზადა. მაგრამ პრაქტიკულად 2008 წელს განახორციელა. მიზეზიც ვიცით, რაც იყო და მიზანიც. მიზეზი ის, რომ საქართველოს ღრმა ურთიერთობები დასავლეთთან საბოლოოდ ხელს შეუშლიდა რუსეთს და  ჩვენს ქვეყნას გავლენის ქვეშ ვეღარ მოაქცევდა, ან სულ მცირე, გაუჭირდებოდა

მიზანიც ახლოა, რომ მან ამ ომით საწადელი აისრულა. ყოფილ საბჭოთა ქვეყანაზე რაიმე ფორმით მასზე კონტროლის აღდგენა მისი სტრატეგიული მიზანი იყო და ეს რაიმე ფორმა რუსული ჯარების შემოჭრა გახდა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ამ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

ამ ომმა ქვეყანას მოუტანა დაობლებული შვილები, შვილმკვდარი დედები, დაქვრივებული მეუღლეები და თავგანწირული გმირების უკვდავი სახელები, რაც ყველაზე მტკივნეულია დაკარგული ტერიტორია და აქედან გამომდინარე დაკარგული საფლავები, დღემდე დაუსრულებელი შიშის განცდა, რომ ხვალ ჩემი ქვეყანა რამდენიმე ასეული მეტრით უფრო დაპატარავდება, შემცირდება და ვინ იცის, იქნებ გამოილიოს კიდეც. ყველაზე ცუდი, ამ ომმა ქვეყანას შედეგებზე შეგუებული ხელისუფლება მოუტანა. ათასობით უსახლკაროდ დატოვებული ოჯახი მოუტანა, შეშინებული ბავშვები და მათი დაკარგული ქართული ფესვები მოუტანა.

2008 წლის ომმა ძალიან ბევრი გამოუსწორებელი დეფექტი დატოვა, ის, რაც ომის სინდრომია ზოგადად.

 

13925127 1895082957404123 4859225197067636265 n

 

გოჩა მთვარელიშვილი - ექიმი-რეზიდენტი

2008  წელს მეორედ ვიყავი ზღვაზე, რასაც ჰქვია „მეფურად“ ვისვენებდით. ჯერ ბახმაროში ვიყავით ერთი კვირა, მერე ზღვაზე ჩავედით, ქობულეთში და თითქოს ყველაფერი ზღაპრულად იყო. სათევზაოდ ვიყავი მდინარეზე, როდესაც შევნიშნე თუ, როგორ აცილებდა პოლიცია ჯარისკაცებს, სიტყვებით : -მშვიდობა ბიჭებო!

ვერ მივხვდი რა ხდებოდა, თუმცა კარგი რაღაც არ იდგა ამ სიტყვების  უკან. იმ საღამოს ტელევიზორშიც აჩვენეს თუ, როგორ დაიწყო ომი. მეორე დღესვე ჩავსხედით მანქანაში და  კახეთში წამოვედით. ცეცხლი იყო შეწყვეტილი 5 საათამდე და უნდა მოგვესწრო კონფლიქტის ზონის გავლა. გზადაგზა ჯარისკაცებს ვხედავდით, სამშობლოსთვის გულანთებულებს.

მამაჩემმა ვერ მოითმინა, რამდენჯერმე გავჩერდით  და პარაკლისი გადაიხადა. თან იმეორებდა: -ღმერთმა მშვიდობით გატაროთ ბიჭებო!  ბოლოს საცობში მოვხვდით, ტყვია-წამლით დატვირთული მანქანების გვერდით. 5 საათი ხდებოდა და  ვერ ვასწრებდით დროზე გამოსვლას. გორში რომ შევედით დავინახეთ, როგორ გადაიფრინა ბომბდამშენმა. მივხვდით, რომ გორი დაიბომბა და წუთებით გამოვასწარით. იმ საღამოს ქართველებმა ცხინვალი დაიკავეს და მიხაროდა, თუმცა მეორე დღიდან რუსები შემოვიდნენ.

თვალებიდან ახლაც არ ამომდის იმ ჯარისკაცების სახეები, საბრძოლველად რომ ემზადებოდნენ. ომის თავიდან აცილება რამდენად შეიძლებოდა არ ვიცი, ალბათ ვერ ავიცილებდით. იმდენი პროვოკაცია იყო რუსეთის მხრიდან, შეუძლებელი იყო ალბათ. ომითა და კაცის კვლით არაფრის მოგვარება არ შეიძლება.

ამ ომმა ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა. დავკარგეთ ტერიტორიები და ყოველდღე კილომეტრებს გვართმევენ. „რუსული ჩექმა“ კი უფრო და უფრო მეტ მიწას იპყრობს.

 

მარიამ ფიროსმანაშვილი - ემიგრანტი

ის დღეები ყველაზე საშინელი მომენტი იყო, როგორც ქვეყნის, ასევე ჩემს ცხოვრებაშიც. ეს იყო მომენტი, როცა ძალიან უმწეოდ გრძნობ თავს და ძალიან გაბრაზებული ხარ, რომ ვერ ეხმარები საკუთარ ქვეყანას. ვთვლი, რომ ეს იყო ერთ -ერთი ბრძოლა, რომელშიც  დავმარცხდით, მაგრამ ომი გრძელდება.

ამ ომის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა. საქართველო 1990 წლიდან  რუსეთთან ომშია და ეს ჯერ არ დასრულებულა. ომი რუსეთმა დაიწყო,  ამიტომ არამგონია, რომ ამ ომის აცილება შესაძლებელი იყო.  

რა დაუტოვა?! ბევრი სისხლი და გაუბედურებული ოჯახები, უფრო მეტი ტერიტორიული დანაკარგი, ძალიან ბევრი გმირი და ქვეყნას შეწირული პატრიოტი,  რომლებმაც საკუთარ კეთილდღეობას ქვეყანა არჩიეს. კიდევ, მტკიცებულება, რომ ძალიან პატარა ქვეყანას არ ეშინია რუსეთის იმპერიის  და რომ ჩვენ მაინც მოვიგებთ ამ ომს.

0 e5c57 2c234f09 X4L 800x533

 

თამუნა ცხოვრებაშვილი - ჟურნალისტი

ჩემთვის ყველაზე მტკივნეული, მძაფრი და სრულიად ახალი ემოციებით სავსე იყო აგვისტოს ომი. მაშინ პირველად განვიცადე ახლობლებისა და მშობლიური სახლის დაკარგვის შიში. არასდროს დამავიწყდება, საშინელი დაუცველობის შეგრძნება, როცა შენზე არაფერია დამოკიდებული და არ იცი, ხვალ ცოცხალი გადარჩები თუ არა.

ომის თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელი იყო. ვფიქრობ, წინა ხელისუფლება არ უნდა აჰყოლოდა რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას. ზოგიერთის აზრით, აგვისტოს ომმა საქართველოს ცნობადობა მოუტანა მსოფლიო ასპარეზზე, თუმცა, რად გვინდოდა ამ ფასად ცნობადობის ამაღლება?!

აგვისტოს ომის შედეგად უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათასობით ადამიანმა საკუთარი სახლი დაკარგა და ახლა, მათ დევნილობაში,  ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

 

ვაჟა ჭრელაშვილი - ადვოკატი

ძალიან მძიმე გასახსენებელია, მართალია, იმ დროს გორიდან საკმაოდ შორს ვიყავი, მაგრამ ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო. განსაკუთრებით იმან იმოქმედა, როცა ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი ტყეს შეაფარეს. ომის აცილება რამდენად შეიძლებოდა არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ყოველთვის შეიძლება კონფლიქტის მოგვარება მოლაპარაკებისა და შეთანხმების გზით. ომს არასოდეს არ მოაქვს კარგი შედეგები. ომმა ძალიან ცუდი გავლენა იქონია ქვეყანაზე. ჯერ ერთი, რომ ტერიტორია დავკარგეთ და  მცოცავი ოკუპაცია ჯერაც მიმდინარეობს. მეორე - ის, რომ ეკონომიკურად ძალიან დააზარალა ქვეყანა. ომმა მხოლოდ ცუდი შედეგები მოიტანა.

 

20180808164812დდდდდ3434

 

გიორგი რუხაია - არქიტექტორი

არასწორია, როცა ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას! მეც ის მძიმე დღეები გავიარე და არასდროს დამავიწყდება 2008 წლის ომი... საკუთარ თავზე გამოვცადე და ღრმა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში.  

ომი 200 წელია გრძელდება, ასე რომ მის აცილებაზე საუბარი ალოგიკური იქნება, ის არ შეწყვეტილა და დღესაც გრძელდება.

რა თქმა უნდა, ამ ომმა დიდი ტკივილი მოუტანა ქვეყანას. დიდება გმირებს! 

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 1075 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.