სირიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის “გადაყლაპვის” ჯერი დგება?
”რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ტრიუმფის ზენიტშია - სწორედ ის კარნახობს თამაშის წესებს სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, თურქი კოლეგა სოჭში ეახლება, ამერიკელი კოლეგა კი სირიიდან საერთოდ გარბის, ამის შემყურე საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები კრემლის მთავარ ბინადარს გრანდიოზულ დახვედრებს უწყობენ.
პუტინმა ამ ეტაპზე გაიმარჯვა და ახლო აღმოსავლეთის “მთავარ მომრიგებლად” იქცა, მაგრამ ვინ იქნება პუტინის ახალ “მენიუში” და რიგით ვის ემუქრება კრემლის მიერ “გადასანსვლა”? ახლო აღმოსავლეთში ასეთი წარმატების მიღწევის შემდეგ, ლოგიკური იქნება, მოსკოვს დიდი სურვილი გაუჩნდეს, ბოლოს და ბოლოს, “ჭკუაზე” მოიყვანოს, რუსეთის მიერვე “ახლო საზღვარგარეთად” მონათლული საქართველო და უკრაინა, რომ შემდგომ უკვე მთელი ძალით ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც მოიცალოს”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N12, დეკემბერი, 2019) სტატიაში სათაურით სირიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის “გადაყლაპვის” ჯერი დგება? / სირიაში დიდი პოლიტიკური გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ პუტინს საქართველოს დაუსჯელად “გადაყლაპვის” დიდი ცდუნება შეიძლება გაუჩნდეს...
“აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის უკან დახევამ სირიის კონფლიქტში და, ფაქტობრივად, სირიელი ქურთების მიტოვებამ ძალზე შელახა მსოფლიოს ამ უძლიერესი ქვეყნის იმიჯი არა მარტო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. სირიაში უკანდახეული ამერიკა უკვე ცოტა ძნელად აღიქმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთის მიმართულებით გაძლიერების მთავარ გარანტიად, არადა, საქართველოსა და მეომარ უკრაინაშიც სწორედ ოკეანისგაღმელი ზესახელმწიფოს დიდი იმედი ჰქონდათ და აქვთ, რადგან ნატოს წევრი “ბებერი ევროპის” არანაკლებ ბებერ პოლიტიკურ ლიდერებს უახლოეს წარსულში არაერთხელ დაუხევიათ უკან რუსული ფაქტორის შიშით. გვინდა თუ არა ამის აღიარება, დღეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბევრად ძლიერი მსოფლიო დონის პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე მისი ამერიკელი კოლეგა, რომ აღარაფერი ვთქვათ თურქეთის, ისრაელისა და მით უმეტეს, ევროპელ პოლიტიკოს ლიდერებზე. პრეზიდენტი პუტინი ეცდება სირიაში მოპოვებული გამარჯვება გააორმაგოს ან სულაც გაათმაგოს საქართველოსა და უკრაინის “ჭკუაზე მოყვანის” გზით. საქართველოში კრემლს ამისთვის სამხედრო აგრესიის განახლება, სავარაუდოდ, არც დასჭირდება, ჩვენს ქვეყანაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსული "რბილი ძალა" მთელი სიმძლავრით ამუშავდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გამოუცხადებელ ომში ჩათრეულ უკრაინაში უკვე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ერთპიროვნულად გამარჯვებული პოლიტიკური პარტია ქვეყნის სათავეში მოვიდა და მალე გამოჩნდება, ის თავს ბოლომდე დაუხრის კრემლს თუ კრემლის მთავარ ბინადარს მაინც დონბასელი სეპარატისტების საფარქვეშ მოუწევს რუსული ტანკებით კიევზე შეტევა. რიგით მესამე მსხვერპლი კი რუსეთის მოძმე ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხელისუფლება იქნება (არ არის გამორიცხული, კრემლის მიერ ლუკაშენკოს საბოლოო “მოთვინიერებამ” ამ რიგში პირველ ადგილზე გადაინაცვლოს), რადგან ბელორუსის პრეზიდენტის ხშირი მცდელობა შეეწინააღმდეგოს მოსკოვის პირდაპირ ზეწოლას (მათ შორის ბელორუსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და უკრაინასთან მეტ-ნაკლებად მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების გამო), მისი რუსი კოლეგის გამძვინვარებას იწვევს და მოსკოვისთვის ბევრად კომფორტული იქნება მინსკში ლუკაშენკოზე დამყოლი, მარიონეტული ფიგურა დასვას”. - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- "აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- ირაკლი კობახიძე
- კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს – საპატრიარქო
- 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
- ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
- აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - საია