აღიარებინებენ თუ არა კრემლს საუკუნის დანაშაულს?

"9 მარტს ჰააგაში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელმაც უკრაინის ცაში მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებასა და 298 ადამიანის დაღუპვაში დამნაშავეები უნდა გამოავლინოს..."

 


9 მარტს, ნიდერლანდებში, ჰააგაში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის საჰაერო სივრცეში მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდების "საუკუნის დანაშაულად" შეფასებულ საქმეს განიხილავს.

 

 

ერთობლივმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა (რომლის წევრები არიან გამომძიებლები ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, ავსტრალიიდან და უკრაინიდან) თითქმის ექვსი წლის განმავლობაში დიდი მოცულობის საგამოძიებო და
საექსპერტო სამუშაოები ჩაატარა და გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომლის თანახმად, უკრაინის ცაში სამგზავრო "ბოინგი" ჩამოაგდო რუსეთიდან დონბასში მალულად გადაყვანილმა რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის კუთვნილი საზენიტო-სარაკეტო დანადგარის, "ბუკის", ეკიპაჟმა ერთი საზენიტო რაკეტის გასროლით, რის შემდეგაც "ბუკი" ეკიპაჟითურთ სასწრაფოდ დააბრუნეს რუსეთის ტერიტორიაზე.
 
 
 
საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც არის ასი გამომძიებელი და ორასამდე ექსპერტი, ამ წლების განმავლობაში შეაგროვა ჩამოგდებული "ბოინგის" 1 448 ფრაგმენტი, გააანალიზა ნახევარ მილიონამდე ფოტო და ვიდეომასალა, მათ შორის - ინტერნეტში მოპოვებული, 60-ჯერ მიიღო სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურების კონფიდენციალური ინფორმაცია, დაჰკითხა 200-მდე მოწმე, გაშიფრა 150 ათასამდე სატელეფონო საუბარი;
 
 
 
ჯგუფმა დაასახელა ოთხი ეჭვმიტანილის გვარი (სამი რუსეთის და ერთი უკრაინის მოქალაქე), რომლებიც ხელმძღვანელობდნენ რუსული "ბუკის" უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანა-გამოყვანის ფარულ პროცესს. გარდა ამისა, გამოძიებას აქვს არანაკლებ 13 თვითმხილველის ჩვენებები, რომლებიც შეესწრნენ რუსული "ბუკიდან" საზენიტო რაკეტის გაშვების ფაქტს. ეს ჩვენებები აქამდე საიდუმლოდ ინახებოდა და ისინი პირველად სასამართლო პროცესზე გამჟღავნდება.
 
 
 
რუსეთმა, რა თქმა უნდა, არ აღიარა ეს ბრალდება, უამრავი მცდარი ვერსიის გავრცელება დაიწყო და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებიც დაბლოკა.
 
 
 
სიმართლის დასადგენ ერთადერთ გზად ღია სასამართლო პროცესი რჩებოდა და აი, ისიც დაიწყო.
 

სასამართლო ტარდება ჰააგიდან 50 კმ-ში მდებარე სხიპჰოლში, იმ აეროპორტის სიახლოვეს, საიდანაც ბოლოს აფრინდა მალაიზიური "ბოინგი".

 

 

სასამართლო პროცესი 25 კვირა გაგრძელდება და მას სამი ნიდერლანდელი მოსამართლე გაუძღვება, თუმცა სასამართლოზე ეჭვმიტანილთა გამოძახებას არ აპირებენ, რადგან რუსეთის ფედერაციის კანონი ამას არ დაუშვებს; მათ დაკითხვას ვიდეოკავშირით ეცდებიან.
 
 
 
 
ეს სასამართლო პროცესი უდავოდ იქცევა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად, რადგან თუკი ასობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვაში კრემლის ბრალეულობა დამტკიცდა, იქნებ საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი ძველი ტკივილიც გავახსენოთ, როცა აფხაზეთის ომის ბოლოს, 1993 წლის 20-23 სექტემბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა რუსი სამხედროების დახმარებით ბაბუშერის აეროპორტთან ორი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოგვიგდეს, სამი უშუალოდ აეროდრომზე დაწვეს, რასაც 136 მგზავრი ემსხვერპლა, ამისთვის კი დღემდე არავინ დასჯილა.
 
 
 
 
წაკითხვა 754 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.