COVID-19 ბიოლოგიური ტერორიზმი, ფატალური შემთხვევა თუ ბუნების ახალი გამოწვევა?
“2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: “უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება COVID-19 შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია”. პანდემია ეწოდება ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქვეყნებში და ზოგიერთ შემთხვევაში - მრავალ ქვეყანაში. ამ პუბლიკაციის გამოქვეყნების დროს პლანეტის 115 ქვეყანაში დაფიქსირებული იყო კორონავირუსის 124 910 შემთხვევა; გარდაცვლილი იყო 4 585 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 67 050. ეს ოფიციალური ციფრებია, თუმცა, ჩვენი აზრით, დაზუსტებით არც ვირუსის გავრცელების მასშტაბი და არც დაავადებულთა, დაღუპულთა თუ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა ცნობილი...”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N4, აპრილი, 2020) სტატიაში სათაურით “COVID-19 ბიოლოგიურიი ტერორიზმი, ფატალური შემთხვევა თუ ბუნების ახალი გამოწვევა?”
“სამწუხაროა, რომ ჯერ არ არსებობს ვაქცინა ან პრეპარატი, რომლითაც კორონავირუსს დაამარცხებენ, თუმცა სამეცნიერო-კვლევითი და სატესტო სამუშაოები ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს.დაავადების პირველი შემთხვევები ჩინეთში ოფიციალურად 2020 წლის იანვრის ბოლოს აღინიშნა და ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. შემდეგ იგივე განმეორდა ირანსა და იტალიაში. ვირუსის გავრცელების სწრაფმა ტემპმა და ლეტალურ შემთხვევათა დიდმა რაოდენობამ ვირუსის წარმოშობა-გავრცელების გამო დაეჭვება გამოიწვია. რა ხდება? რა არის ეს - ბიოლოგიური ტერორიზმი, ფატალური შემთხვევა (ანუ საიდუმლო ლაბორატორიებიდან შემთხვევით „გაპარული“ ვირუსი) თუ ბუნების ახალი გამოწვევა? შევეცდებით, მკითხველს თითოეული ვერსიის სასარგებლო და საწინააღმდეგო არგუმენტები გავაცნოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ბიოლოგიური ტერორიზმი? - ბევრს “შეთქმულებების თეორიის” არ სჯერა, თუმცა ისტორიული და უახლოესი ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ბიოლოგიური ომი და დივერსიები სახუმარო საქმე არ არის, მით უფრო, როცა მსოფლიოში ამდენი დაძაბულობის კერაა. შესაძლებელია თუ არა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას გააჩნდეს ბიოლოგიური იარაღი? 2006 წლის ზაფხულში ისრაელს ლიბანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდა, როცა ღაზას სექტორში პალესტინელთა ტერორისტულმა დაჯგუფება “ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადამ” ათასობით პროკლამაცია გაავრცელა. ეს ფაქტი შეიძლება ისრაელის მიმართ შანტაჟად და შეშინების მცდელობად ჩაგვეთვალა, რომ არა ამ პროკლამაციებში გამოთქმული მუქარის შინაარსი. ტერორისტები ირწმუნებოდნენ, რომ მათ სამწლიანი შეუპოვარი შრომის შედეგად ხელთ ჰქონათ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ოცზე მეტი სახეობა და იმუქებოდნენ, რომ თუ ისრაელი გაბედავდა და ღაზას სექტორში ჯარს შეიყვანდა, ისინი ირანულ რაკეტებს, “კასამებს” ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით აღჭურავდნენ და ისრაელს დაბომბავდნენ. ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საყოველთაოდ ცნობილი სახიფათო თვისებაა ის, რომ მათი მოქმედების მასშტაბი გამოყენების რადიუსზე ფართოა, ამიტომ ამ სახის იარაღით ისრაელის დაბომბვა უმძიმეს შედეგებს მოიტანდა როგორც მის მეზობელ ქვეყნებში, ასევე მთელ ახლო აღმოსავლეთში. მსხვერპლი, უმთავრესად, მშვიდობიანი მოსახლეობა იქნებოდა. საბედნიეროდ, მაშინ მუქარა მუქარად დარჩა!” - განაგრძობს გამოცემა.
“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, უპირველესად კი _ გაერო, ცდილობდნენ აეკრძლათ მასობრივი განადგურების იარაღის (ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური) წარმოება, შენახვა და გამოყენება, თუმცა მეცნიერება და ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ ცალკეულ ადამიანებს ან რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს უკვე ხელი მიუწვდებათ ბიოლოგიური იარაღის წარმოებასა თუ შეძენაზე. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციათა (“თალიბანი”, “ალ-ქაიდა”, “ისლამური სახელმწიფო” და სხვ.) ფინანსურ შესაძლებლობებს, არ არის გამორიცხული, მათ შექმნან მცირე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ხოლო ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის შესაქმნელად შანტაჟით ან მაღალი ანაზღაურებით მეცნიერები გადაიბირონ. ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ხელში ჩაგდების მეორე გზა მისი ფარული შეძენაა, თუმცა, ჩვენი აზრით, კორონავირუსის გავრცელების უკან ტერორისტული ორგანიზაციები არ უნდა იდგნენ, რადგან, ჯერ ერთი, ბიოლოგიური იარაღი ისეთი “ჯინია”, რომ თუ ბოთლიდან ამოუშვებ, არ არსებობს გარანტია, რომ შენთანაც არ მოვა. როგორ გააკონტროლებ და შეაკავებ ამას?! მეორე - ტერორისტული ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის შიშის დათესვა, შანტაჟი და საკუთარი კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება; ამისთვის კორონავირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას უნდა აეღო, ეს კი ჯერ არ მომხდარა”, - დასძენს გამოცემა.
“შესაძლებელია თუ არა, კორონავირუსის გავრცელების უკან რომელიმე სახელმწიფო იდგეს? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისტორიულ ლიტერატურაში უნდა ჩავიხედოთ. ბიოლოგიურ იარაღს ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში იყენებდნენ. მაშინდელი მეთოდები მართლაც დროის შესაფერი იყო. თავად განსაჯეთ, იყო თუ არა ზნეობრივი ალყაშემორტყმულ ციხე-ქალაქებში ტიფით ან ციმბირის წყლულით გარდაცვლილი ცხედრის თუ ლეშის გადასროლა. ამგვარი ბიოლოგიური შეტევა ციხის დამცველებს შორის პანიკასთან ერთად, სასიკვდილო ვირუსის გავრცელებასაც იწვევდა. საუკუნეთა მანძილზე ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების მეთოდები და ტექნოლოგია დაიხვეწა. დღეისათვის ცნობილია ბიოლოგიური იარაღის გამოყენების რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა, რომელთა ქრონოლოგია ასეთია”, - წერს სტატიის ავტორი.
“1916 წელს, როცა პირველმა მსოფლიო ომმა აპოგეას მიაღწია, კაიზერის გერმანიის სპეცსამსახურებმა მოწინაღმდეგის წინააღმდეგ ბიოიარაღის გამოყენება გადაწყვიტეს. ამ ოპერაციაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. ერთ დღეს ესპანეთში გერმანიის ელჩმა მაქსიმილიან ფონ რატიბორმა ბერლინიდან ძალზე საინტერესო ამანათი მიიღო. ეს იყო ლამაზად შეფუთული საპონი. მხოლოდ ელჩმა და რამდენიმე პიროვნებამ იცოდნენ, რომ ამ საპნების შიგნით, მინიატიურულ მინის სინჯარებში, გერმანიის სამხედრო-ვეტერინარული აკადემიაში გამოყვანილი ციმბირული წყლულის ბაქტერიები იყო მოთავსებული. გეგმის თანახმად, არგენტინასა და აშშ-ში მოქმედ გერმანიის აგენტებს ამ სასიკვდილო ბაქტერიებით ინგლისსა და საფრანგეთში გამოგზავნილი ცხენები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი უნდა დაეავადებინათ. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის პოლიციის ყურადღებით ეს ოპერაცია ჩაიშალა, თუმცა გერმანიის სპეცსამსახურები მაინც არ ისვენებდნენ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ერთი წლის შემდეგ, 1917 წლის იანვარში, ფინეთისა და შვედეთის საზღვართან დააკავეს “ტურისტების” ჯგუფი, რომელსაც გერმანელი ბარონი ოტო კარლ ფონ როზენი ხელმძღვანელობდა. მალევე გაირკვა, რომ მათ სურდათ ციმბირული წყლულის ვირუსი გაევრცელებინათ... ირმებში. “ბიოლოგიურ” დივერსანტებს თან აღმოაჩნდათ ამ სასიკვდილო ვირუსით მოწამლული შაქრის ნატეხები, რომლებიც ხორცის კონსერვის ქილებში იყო მოთავსებული. სპეცოპერაციის მიხედვით, შაქრის ნატეხები იმ შინაური ირმებისთვის უნდა დაეყარათ, რომლებსაც მარხილებით რუსეთში ინგლისური იარაღი გადაჰქონდათ. ზამთრის პერიოდში ეს იყო ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს საბრძოლო მასალებსა და იარაღს აწვდიდა. 1930-იანი წლების დასაწყისში ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებით “თავი გამოიჩინა” იაპონიამ. ამ ქვეყნის ავიაციამ ჩინეთის ქალაქებსა და სოფლებში რამდენჯერმე ჩამოყარა შავი ჭირის მატარებელი რწყილებით დაავადებული ხორბალი და ბრინჯი", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
“731-ე რაზმის საიდუმლო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონია ბიოლოგიური იარაღის უფრო მასშტაბურ გამოყენებას შეუდგა. კვანტუნის არმიამ ოკუპირებულ მანჯურიაში ადამიანებზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებისთვის სუპერსაიდუმლო დანაყოფი - 731-ე რაზმი შექმნა. ოფიციალურად რაზმი ჩინეთის მოსახლეობის წყლით მომარაგების კეთილშობილურ მისიას ასრულებდა, სინამდვილეში კი დანაყოფი, რომლის შემადგენლობაში 1945 წელს ორი ათას კაცზე მეტი იყო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ბაქტერიოლოგიურ ომს გეგმავდა. ამ მიზნით იაპონელები იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდს - თვითმფრინავებიდან ყრიდნენ ბაქტერიებით “დატენილ” ჭურვებს, ნათესებსა და საძოვრებს ასხურებდნენ ბაქტერიაშემცველ სითხეს, საარტილერიო დანადგარებიდან ისროდნენ ვირუსებითა და ბაქტერიებით სავსე ჭურვებს და ა.შ. მანჯურიის ტერიტორიაზე მოქმედებდა ორი საიდუმლო ლაბორატორიაც, სადაც ცდებს ადამიანებზე, კერძოდ - ჩინელ ტყვეებზე ატარებდნენ...” - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი