შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს ამერიკის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ გამოყოფილი მორიგი სამხედრო დახმარების ნაწილი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 25 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ეწვივნენ. ომის ზონაში იშვიათი ვიზიტის დროს, ამერიკის მინისტრთა კაბინეტის ორმა წამყვანმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინის და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფს.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი ბაკლანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება „ამერიკის ხმის“ ცნობით, მათ შორის არის საქართველოც.
„საქართველო მიიღებს 35 მილიონ დოლარს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერთავდაცვა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.
დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა. მისი მიზანია, „ნატო-ს მოკავშირეების დახმარება, შეავსონ შესაძლებლობები, რომლებიც მათ უკრაინას უსასყიდლოდ გადასცეს საკუთარი მარაგებიდან, რათა ნატო-მ შეინარჩუნოს და გააძლიეროს შეკავების შესაძლებლობები. 322 მილიონი დოლარი ამ თანხიდან გამოყოფილია უკრაინისთვის და მიმართულია მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რუსეთთან მიმდინარე ომში საკუთარი თავის დასაცავად“.
უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება ინვესტიციას, რომელიც გააძლიერებს „შესაძლებლობების ფართო სპექტრს“. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამაში შედის „არანატო-ს სტანდარტის იარაღის სისტემები; უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება, გადავიდნენ ნატო-ს გრძელი რადიუსის სისტემებზე, როგორიცაა საარტილერიო ცეცხლი; და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები“.
დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც ამერიკისგან თავდაცვის იარაღს, ტრენინგსა და მომსახურებას მიიღებენ არიან ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია და ბოსნია-ჰერცოგოვინა.
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.
უკრაინაში მებრძოლმა რუსულმა ჯარებმა ხარკოვის რეგიონში აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოიყენეს. ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ავრცელებს.
პენტაგონში აცხადებენ, რომ კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის ცვლილებას ჰგავს და არა ჯარის გაყვანას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა.
“აშშ-მა საქართველოსთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების “ჯაველინის” რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო - სამხედრო ექსპერტები აღნიშნულს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს სისტემები შესაძლოა გამოიყენო იმისთვის, რომ თავდაცვითი ბრძოლები უფრო გონივრულად დაგეგმო და იმის გარანტი იყოს, რომ მოწინააღმდეგე თავდასხმასა და აგრესიას ნაკლებად იფიქრებს.