October 10, 2025

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მან გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე წარუდგინა.

 

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძესბრალი 3 მუხლით წარედგინათ:

 

  • სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის , ,,ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა);
  • 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).


დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელით.

 

ლაშა ბერიძეს ბრალი წარედგინა ორი მუხლით:

 

  • სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა).


მას თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელის.

 

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ერთი მუხლით, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა. ეს დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ "მაღალი საჯარო ინტერესიდან" გამომდინარე სასამართლო სხდომის დარბაზის შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა.

 

„სხდომა დაწყებულია, დიდი ზომის დარბაზი შეირჩა. 10-ზე იყო დაგეგმილი სხდომა და უკვე ერთი საათი გავიდა, ბევრმა ადვოკატმა დააგვიანა და ამაზე არ გამიკეთებია მინიშნება. სხდომათა დარბაზში უნდა იყოს იმდენი ადამიანი, რამდენსაც იტევს. საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრება სხდომას, ბრალდებულების ახლობლებიც. ჩემთვისაც უცნობია, არის თუ არა თავისუფალი პირველი და მეორე დარბაზი, ამის გარკვევა გამოიწვევს სხდომის გაჭიანურებას... სხდომა ტარდება საკმაოდ დიდ დარბაზში და მიმაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს", - თქვა მოსამართლემ.

 

პროკურორ ვაჟა თოდუას მოსაზრებით, დარბაზის შეცვლის მოთხოვნის მიზანი სხდომის გაჭიანურება იყო. მან გაიზიარა მოსამართლის პოზიცია, რასაც პროკურორი თამარ ბეჟუაშვილიც დაეთანხმა.

 

ბრალდებულთა ვინაობის დადგენის შემდეგ, პროკურორმა ვაჟა თოდუამ ბრალის დადგენილების შინაარსის კითხვა დაიწყო:

 

ბრალდების შინაარსი

 

„პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. კერძოდ: ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება“.

 

4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს“

წაკითხვა 304 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 07 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.