ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილს, - რომელსაც 24 ოქტომბერს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდება წარუდგინეს, - დღეს, 12 იანვარს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ფულის გათეთრება) სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მუხლი, რომელსაც ღარიბაშვილს ედავებოდნენ, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

მას ასევე დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ადვოკატის განცხადებით, მას ჩამოართმევენ ორ ავტომობილსაც.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ ინფორმაცია 12 იანვარს, 15:35 საათისთვის გაავრცელა.

„ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, - იუწყება პროკურატურა.

ადვოკატის ცნობით, ყოფილი პრემიერი უკვე დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებსაც კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები აქვთ წაყენებული.

ის პირველია, რომელთანაც 2025 წლის „ანტიკორუფციული წმენდის“ შემდეგ საპროცესო შეთანხმება ფორმდება.

ღარიბაშვილის ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს „არ არის სამოხელეო დანაშაული“ და „საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება“.

„დარჩა ბრალი იმაში, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალი“, - თქვა ადვოკატმა.

სასამართლოს ეზოსთან ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატმა შაყულაშვილმა ასევე თქვა, რომ „როგორც ყველა პატიმარს, მასაც აქვს უფლებები ე.წ უდოზე, ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზეც, შეწყალებაზეც, ყველაფერზეც“.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა იგი შეიწყალოს, იურისტმა განაცხადა:

„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ, რა ვიცი, ახლა რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, ხუთი წელი უნდა იჯდეს და რა ვიცი... მომავალში რა მოხდება“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, აპირებს თუ არა რომ შეწყალება ითხოვოს, ადვოკატმა უპასუხა, რომ „ეგეთი რამე არ გაუჟღერებია არავის“.

2025 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის ორგზის პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა შს მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლები აღიარა.

მანამდე უკვე გაჩხრეკილი იყო მისი უძრავი ქონება, სადაც, გამოძიების მასალების მიხედვით, 6 500 000 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

ბრალდება, ჯამში, დაახლოებით 20 მილიონ ლარზე მიუთითებდა.

ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ.

წაკითხვა 84 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.