ლია მუხაშავრია - “გამოსავალია რადიკალური რეფორმა, პოლიციის სისტემის გაწმენდა!”
„15 წლის მოზარდის საქმეზე კონკრეტული პირების გარდა, იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მაღალი რანგის პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც არ გამორიცხავს. ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბრისას ამბობს, რომ სისტემა გასაწმენდია ყველა იმ სუბიექტისაგან, რომელიც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის და საჭიროა ამ სისტემის კარდინალური ცვლილება იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს. მისივე თქმით, სუიციდი საქართველოში გახშირებულია და აუცილებელია ცალკე ამ საკითხის გამოკვლევა, კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ქვეყანას რამდენიმე სერიოზული ინსტიტუციონალური პრობლემა აქვს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, არ მოგვარდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „დღევანდელი ქართული რეალობა სასიკვდილო საფრთხის შემცველია“ - მუხაშავრია.
“15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკასთან, სადაც მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა შს სამინისტროსთან და “მწვანე სკოლასთან” წარწერები - “ამ ცხოვრების დედაც!” დატოვეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. უფლებადამცველი კი სკოლის უპასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “დღევანდელი ქართული რეალობა სასიკვიდილო საფრთხის შემცველია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამ წარწერების გამო პოლიციაში დაბარება გამართლებული არ იყო. ყველგან, ყველა რგოლში პრობლემა და ჩავარდა გვაქვს. ადამიანს, რომელსაც არ აქვს ძალიან მყარი ფსიქიკა, არ არის გამოცდილი, ან არ არის შეჩვეული ამ არანორმალურ სამყაროსა და გარემოში ცხოვრებას, უჭირს გადარჩენა. დღევანდელი ქართული რეალობა სასიკვდილო საფრთხის შემცველია. ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ მყარი ფსიქიკა, არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენი გარემო, სახელმწიფო და საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის შემცველია. იმის მაგივრად, რომ სკოლა ეხმარებოდეს აღზრდაში, პოლიცია - უსაფრთხოებაში, გვაქვს სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება და შედეგი. თვითმკვლელობები ძალიან გაზრდილია და ყოველთვის არ ვიცით მიზეზები, არ ვიკვლევთ ამ მიზეზებს - ესეც ცალკე პრობლემაა. თითოეული თვითმკვლელობის ფაქტი, განსაკუთრებით საშიში და საგანგაშოა. ადამიანები და სახელმწიფო საზოგადოება ამას განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ლია მუხაშავრია.
“პასუხისმგებლობა დადგება პოლიტიკური და სამართლებრივი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევაშინებთ ამ სახელმწიფოს მესვეურებს, რომ ამას არ ვეგუებით და ეს ჩვენთვის მიუღებელია - არაფერი დაგვაწყნარებს, თუ არა ადეკვატური ზომები იქითა მხარეს, რაც პოლიტიკური ფიგურების გადადგომას გულისხმობს. პოლიციას იმისთვის ვინახავთ, რომ შვილები მოგვიკლან ან თვითმკვლელობამდე მიიყვანონ? საჭიროა სისტემის გაწმენდა ყველა იმ სუბიექტისაგან, ვისზედაც ოდნავი ეჭვი მაინც არსებობს, რომ ისინი უკანონო, ძალადობრივ და დაუშვებელ მეთოდებს იყენებენ მოქალაქეებთან ურთიერთობაში, ქუჩაში იქნება, ოფისებში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. ყველა ასეთი პოლიციელისაგან სისტემა უნდა გაიწმინდოს, რადიკალური ზომები უნდა იქნას მიღებული. მჭირდება პოლიცია იმისათვის, რომ დამნაშავისგან დამიცვას, ჩემი უსაფრთხოება დაიცვას. პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ საქმე დანაშაულამდე არ მივიდეს. აქ რას ვხედავთ? - დანაშაულს ჩადიან თავად პოლიციელები და ისინი რჩებიან ორგანოში. თანაც ეს მოხდა ქალაქში, დედაქალაქის შუაგულში და ყველაზე უარესი ფანტაზიით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ხდება რაიონებში ან მივარდნილ ადგილებში, სადაც ასეთი მონიტორინგი, საზოგადოების თვალი და ყური ადგილზე არ არის”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ინსტიტუციური და სისტემური პრობლემაა. გამოსავალია რადიკალური რეფორმა, სისტემის გაწმენდა ყველა იმ უკეთური სუბიექტისგან, რომელიც მსახურობდა იმ დროს, როდესაც ძალადობა, წამება იყო ჩვეულებრივი, ყოველდღიური პრაქტიკა და მეთოდი პოლიციელის საქმიანობაში. ეს ადამიანები ვერ გადაეჩვევიან ამ მეთოდებს, რაც არ უნდა შეიცვალოს მინისტრი, კანონი, დამოკიდებულება. ეს ადამიანები უნდა გავუშვათ სისტემიდან და მივიღოთ სულ სხვა ადამიანები, ვინც მოწოდებული არიან იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება და არა იმისთვის, რომ ყოველი მისვლა პოლიციაში, ადამიანს დაუჯდეს ნერვებად, ჯანმრთელობად და ხანდახან სიცოცხლედაც კი”, - დაასკვნის ლია მუხაშავრია.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში