როგორ ხდება აზრისა და გრძნობების გაცვლა შორ მანძილზე
ტელეპათია – აზრისა და გრძნობების მიღება-გადაცემის პარაფსიქოლოგიური ფენომენი, რომლის არსი აზრის ვიბრაციისა და გადაადგილების უნარს ეფუძნება.
სწორედ ამ თვისებათა წყალობით მყარდება ორ ადამიანს შორის ექსტრასენსორული ურთიერთობა. თემა ძალიან ფართოა, ამიტომ დღეს მხოლოდ ძირითად საბაზისო შეხედულებებს შევეხებით, რაც ტელეპათიური პრაქტიკისთვის გამოგადებათ. თუმცა ეს უნარი ზოგს დაბადებიდანვე დაჰყვა და მათ შორის ყველაზე გავრცელებული დედა-შვილს შორის არსებული სენსორული კავშირია. ინტერვიუში ექსტრასენს ნუგზარ ნ-სთან იმ მარტივ ხერხებს გაეცნობით, რომლის დაუფლებაც საშუალებას მოგცემთ, შორ მანძილზე აგრძნობინოთ თქვენი სურვილი სამიზნე ობიექტს და მისი „აზრის წაკითხვაც“ შეძლოთ.
– ტელეპათია ორ სუბიექტს შორის კავშირია აზრისა და გრძნობების საშუალებით. დაიბადა აზრი ადამიანის ტვინში, ამან გამოიწვია ვიბრაცია, რასაც მისი გადაადგილება მოჰყვა და შედეგად, აზრმა ადრესატამდე მიაღწია. ტელეპათია ორი დონით განისაზღვრება. პირველი – დაბალი საფეხურია: სენსორული ანუ მგრძნობელობითი, როცა ერთი ადამიანი მეორის გრძნობებსა და შეგრძნებებს აღიქვამს, რის ყველაზე მკაფიო მაგალითია კავშირი დედა-შვილს შორის. დედა ნებისმიერ მანძილზე წამიერად გრძნობს შვილის უარყოფით განწყობას. მეორეა – აზრობრივი ტელეპათია, როცა ერთი სუბიექტი მეორის გრძნობებსა და აზრებს უკვე ხმით, გამოსახულებით, ბგერით აღიქვამს. ეს „აზრის წაკითხვის“ უნარია, ანუ ტელეპათიის მაღალი დონე. მიიჩნევენ, რომ ტელეპათი შეიძლება, გახდეს ნებისმიერი, ვინც კი შეძლებს გონების სურვილისამებრ გაკონტროლებას. ადამიანი საფრთხის, შიშის, უბედურების დროს ავტომატურად აგზავნის ტელეპათიურ შეტყობინებას, რომელსაც მისი ყველაზე ახლობლები მანძილისა და დროის მიუხედავად გრძნობენ.
– რა არის საჭირო, რომ ტელეპათიური კავშირის დამყარება შევძლოთ?
– ტელეპათიაში არის 4 ძირითადი ეტაპი, რომლებიც შემდეგი ტერმინებით აღინიშნება: სიგნატურა, პინგირება, სკანირება და შეერთება. დავიწყოთ სიგნატურით – ეს არის მიზნის განსაზღვრა ანუ ორიენტირება ადამიანზე, ვისზეც უნდა მოხდეს კონცენტრირება. ამ დროს ყველა შეგრძნებას ერთად უყრით თავს და მიმართავთ სამიზნე ობიექტისკენ: წარმოიდგინეთ როგორ გამოიყურება და საერთოდ, ყველა მონაცემი ისე, თითქოს ყოველივე იმის სიას ადგენდეთ, რაც კი კონკრეტულ პირზე მიუთითებს. გარეგნული მონაცემების გახსენებაში ჩართულია ემოციები, შემდეგ გამოსახულება და ემოციებიც ერთდება გონებაში და ეს არის სიგნატურა ანუ პირველი ეტაპი.
– პინგირება რაღაა?
– პინგირება სიტყვა „პინგიდან“ მოდის, რომელიც სპეციალური ქსელური პროგრამაა ერთი კომპიუტერის მეორესთან დასაკავშირებლად. ამ შემთხვევაში კი ის ყველაზე მოკლე გადაცემაა, რომელიც ტელეპათიის ობიექტის ყურადღების მისაპყრობად გამოიყენება. ეს იგივეა, რომ ადამიანს მხარზე ხელი შეახო ან დაუძახო „ეი!“ პინგირებისთვის აუცილებელია, მიიღო სამიზნე ობიექტის სიგნატურა: გრძნობები, ემოციები, გამოსახულება, რის საშუალებითაც, სპეციალური დაპროგრამების გარეშე, უნდა გაგზავნოთ უბრალო შეტყობინება, როგორიცაა: „ეი!“ ან მსუბუქი ბიძგი მხარზე. „პინგი“ შეიძლება, გამოიყენოთ მეგობრის ყურადღების მისაქცევად.
– როგორ ხდება ეს?
– მაგალითად, როცა გსურთ, მეგობარმა დაგირეკოთ ან იმ დროს ქსელში შემოვიდეს. სულ ახლახან მომწერა ჩემმა ნაცნობმა, შოკში ვარ, არ მეგონა, ასეთ შედეგს თუ მივიღებდიო: ის რამდენიმე თვის წინ დაშორდა შეყვარებულს და ძალიან განიცდიდა. სცადა, ტელეპათიის გამოყენებით შორ მანძილზე მიეწვდინა მისთვის ხმა, რათა მისგან სასიყვარულო შეტყობინება მიეღო. 10-15 წუთში მოდის გზავნილი: „ძალიან მენატრები“. ტექნიკა მართლა მუშაობს, თუ სწორად მოახდენთ იმ ადამიანის ვიზუალიზაციას – მარტო გამოსახულება არ კმარა, მისი სურნელიც უნდა იგრძნო, ხმაც გაიგონო და შეეხო კიდეც. მოკლედ, მთელი გული და სული უნდა ჩადო ამ პროცესში.
– შემდეგი ეტაპია სკანირება...
– სკანირება გამოიყენება საერთო ინფორმაციის მისაღებად სამიზნის შესახებ – ამისთვის კი პინგირებისას გამოყენებული მეთოდიც გამოგადებათ, ოღონდ სამიზნესა და საკუთარ თავს შორის გაჭიმულ მილს, ამ შემთხვევაში „ეის“ ნაცვლად, ინფორმაციის შესაგროვებლად დააპროგრამებთ, რასაც შემდგომ ამავე მილის საშუალებით წაიკითხავთ... და დგება ბოლო ეტაპი – შეერთება. ამ დროს გონებით უკავშირდებით მეორე ადამიანს და იღებთ მისგან ინფორმაციას. ამისთვის კი ჯერ წარმოიდგინეთ თქვენი თავიდან მიმართული მილი როგორ უერთდება ტელეპათიის სამიზნის თავს. მყარდება კონტაქტი და იღებთ ინფორმაციას და ასევე, უგზავნით მასაც. დაიწყეთ მარტივით და გაგზავნეთ მოკლე სიტყვა ან რაიმე ფიგურა. შეგიძლიათ, შეადგინოთ სია: ფიგურების – ვარსკვლავი, კვადრატი, სამკუთხედი და წრე; ფერების – წითელი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი. შეარჩიეთ შემთხვევითი კომბინაცია, მაგალითად, წითელი სამკუთხედი და ეს გამოსახულება გონებაში წარმოიდგინეთ. შემდეგ დაამყარეთ კავშირი თქვენს მეგობართან და ინფორმაცია გადაეცით. გადაცემა რომ ძლიერი იყოს რამდენჯერმე რიტმულად გააგზავნეთ. გამოსახულების მიღებას თუ ცდილობთ, ძლიერი კავშირი უნდა გქონდეთ გამომგზავნთან. რაც მთავარია, პრაქტიკული სეანსის შემდეგ არ უნდა დაგავიწყდეთ კავშირის გაწყვეტა. წარმოიდგინეთ, როგორ ჭრით ბმულს მაკრატლით, რის შემდეგაც ის ჰაერში ქრება. ამ მეთოდს თუ სისტემატურად მიმართავთ და მოთმინებით ივარჯიშებთ, აუცილებლად მიაღწევთ შედეგს. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ ჩემი ახალგაზრდობიდან, როგორ შევიმუშავე თავდაცვის ტექნიკა, რომელიც, როგორც მერე გავარკვიე, თურმე ტელეპათიური ხერხი ყოფილა. საქმე ის გახლდათ, რომ სახლში დაბრუნებისას ისეთი უბანი უნდა გამევლო, სადაც ათასი ჯურის თუ გაგების ხალხი იყრიდა თავს და თუ შემაგვიანდებოდა, მათი დანახვისას შორიდანვე ტანში მზარავდა. ჰოდა, მეც მოვიფიქრე, მივუახლოვდებოდი თუ არა, ჩავაგონებდი თავს, რომ გამძვინვარებული, ფაფარაშლილი ლომი ვიყავი და კბილების ღრჭიალითა და ბრდღვინვა-ბრდღვინვით შიშის ზარს ვცემდი იქაურობას. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ხერხმა ათასგზის გამიყვანა ფონს. ისეთ ძალას მმატებდა, რომ პირდაპირ შეჯგუფების შუაშიც კი გამივლია და მათაც უსიტყვოდ დაუთმიათ გზა. არადა, ახლაც რა ვარ და მაშინ ერთი გალეული ბიჭი ვიყავი, თანაც კეთილი სახით. ეს ხერხი კიდევ უფრო ეფექტურია ცხოველებთან. ქუჩის ძაღლების მთელი ხროვისთვის ჩამივლია ხოლმე უმტკივნეულოდ.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი