ვისთვის არის ყველაზე საშიში ახალი შტამი და რამდენ დღეში გვექნება მე-6 ტალღის პიკი
“ორწლიანი პანდემიის განმავლობაში დღიური რეკორდი მოხსნილია და პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ეპიდემიოლოგები 2-3 კვირაში დღეში ათეულობით ათას ახლად დაინფიცირებულს პროგნოზირებენ.
24 საათში კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა მორიგი ანტირეკორდი მოხსნა - ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 8 728-ია. გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი. მხოლოდ დედაქალაქში ახალი შემთხვევების რაოდენობა 5 ათასს უახლოვდება. პიკს აღწევს მონაცემები აჭარაშიც. სადაც ინფიცირებულთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2020 წელსაც არ ყოფილა, მაშინ, როცა მეორე ტალღის დროს, აფეთქება ქვეყანაში სწორედ აჭარიდან დაიწყო. მედიკოსები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რეკომენდაციების დაცვისკენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ მცირე სიმპტომების ქონის შემთხვევაშიც კი აუცილებელია იზოლაცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისთვის არის ყველაზე საშიში ახალი შტამი და რამდენ დღეში გვექნება მე-6 ტალღის პიკი.
“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე იმ რისკ-ჯგუფებს ასახელებს, რომლისთვისაც კორონავირუსის ნებისმიერი მუტაცია, მათ შორის “ომიკრონიც” საშიშროებას წარმოადგენს: “ზიანის მომტანი იქნება და აქ ხაზს ვუსვამ - მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ფენისთვის არა. ნაკლებად იქნება ახალგაზრდა ასაკისთვის ზიანის მომტანი. ვსაუბრობთ რისკის ჯგუფებზე ესენია: ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები ასაკის მიუხედავად - ესაა დიაბეტი, სიმსუქნე, გულის პრობლემა, და რაც ყველაზე საშიშია, ისევე როგორც კორონავირუსის ყველა მუტაციის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს განეკუთვნება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ასაკიდან გამომდინარე”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, ვაქცინის ბუსტერდოზით აიცრან, რაც მათ კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისაგან დაიცავთ. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად რეკომენდაციები უცვლელია - პირბადე, სოციალური დისტანცია და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეპიდსიტუაცია საყურადღებოა და ძირითადად, ეს დაკავშირებულია ახალ შტამთან. ვიცით, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ამაზე მიუთითებს საქართველოში არსებული სტატისტიკა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ. პირველია, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესი, იმიტომ რომ სრული ვაქცინაცია იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან”, - ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა. ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით პრობლემებია და მას გლობალური გადაწყვეტა სჭირდება”, - განაგრძობს გამოცემა.
“პირველად ჯანდაცვას გაძლიერება უნდა, ადამიანებისადმი ნდობის მოპოვება უნდა. ჩვენს ქვეყანაში თითი წამოგვტკივდება და ვიწრო სპეციალისტს ვეძებთ, რაც არ ხდება გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში. ეს ისეთი საკითხებია, რასაც გლობალური გადაწყვეტა სჭირდება და კრიზისის დროს ამას ვერ გამოვასწორებთ. ამიტომ, ეს არის სერიოზული პრობლემა. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახის 2000 ექიმი არის მობილიზებული, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, რომ პაციენტები მართონ. 2000 ექიმს ულიმიტო შესაძლებლობა არ აქვს, ბუნებრივია”, - ამბობს კულუმბეგოვი. კითხვაზე რამდენად მზად არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი იმისთვის, რომ გააზრებულად მართოს ეს პროცესი, კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ექიმების კომპეტენციის გაზრდა კრიზისის დროს შეუძლებელია”, - დასძენს გამოცემა.
“სწორედ ეს არის ის გრძელვადიანი პრობლემები, რომლებსაც ჩვენ დროის მცირე მონაკვეთში ვერ გადავწყვეტთ. ახლა ექიმების კომპეტენციის გაზრდა კრიზისის დროს შეუძლებელია. ამას სჭირდება რამდენიმე წლიანი ტრენინგი. ამას ყველანი ვუყურებთ, სამწუხაროდ, და მეც მეხება, როგორც ექიმს, რომ ხშირად არ ვთქვათ, ეს იყო არასწორი დანიშნულება. ეს არის თავდაცვითი მედიცინის პოზიცია, მით უმეტეს როდესაც ტელეფონით გიწევს პაციენტის მართვა. ხშირად პაციენტი გეუბნება, რომ “მე სიცხე მაქვს, ფილტვის ანთება რომ მქონდეს?” ხშირად ეს ვირუსული ანთებაა. ამიტომ ეს არის სერიოზული პრობლემა. დღეს 57 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს და კლინიკებში 4400 ადამიანია. ეს დაახლოებით 7.7%-ია“, - აცხადებს კულუმბეგოვი, რომლის თქმით, “ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენი უპასუხისმგებლობით” - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "არასდროს ვიკარებდი ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს" - მიხეილ სააკაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
- "ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას" - გაფართოების ანგარიში
- "გთხოვთ, მკაფიოდ გამოხატოთ პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით"- მიმართვა კოლეჯ "იბერიას"
- "ნაძვის ხე პოლიტიკური წნეხისა და დაპატიმრებისგან გათავისუფლდა, დგას და ანთია!" - სალომე ზურაბიშვილი