კოვიდრეგულაციების გზაგასაყარი - რატომ ირღვევა პანდემიასთან ბრძოლის ერთიანი მიდგომა

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პლანეტის მასშტაბით როგორც ინფიცირების, ისე ლეტალობის მხრივ მიმდინარე კვირის ანგარიში შემაშფოთებელი აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად ევროპის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში რეგულაციებს ამსუბუქებენ. ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს შესაძლოა დასაშვები იყოს იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის ტემპი მაღალია, თუმცა, მიიჩნევენ, რომ საქართველოს პირობებში “მწვანე პასპორტის” გაუქმება სწორი ნაბიჯი არ იყო.

ჯანმოს ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში, გასულ კვირას, კორონავირუსს 59 195 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 9%-ით მეტია, ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნისთვის გამარჯვების გამოცხადება და დანებება ჯერჯერობით ნაადრევია, ჯანმო შეშფოთებულია ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულ ნარატივთან დაკავშირებით, რომ “ომიკრონ” ვარიანტის მაღალი გადაცემის და დაბალი სიმძიმის გამო, გავრცელების პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარც საჭიროა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კოვიდრეგულაციების გზაგასაყარი - რატომ ირღვევა პანდემიასთან ბრძოლის ერთიანი მიდგომა.

 

“მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ჩვენ არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ეგრეთ წოდებულ “ლოქდაუნს”, მაგრამ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი ხალხი ყველა საშუალების, და არა მხოლოდ ვაქცინების, გამოყენებით”, - აღნიშნა გებრეისუსმა. “ის ქვეყნები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს უფრო ფართო გახსნისთვის, ასევე დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ შეუძლიათ ხელახლა დააწესონ ზომები, საჭიროების შემთხვევაში. ასე რომ, თუ კარებს სწრაფად გავხსნით, სჯობს, ძალიან კარგად შეგვეძლოს მათი სწრაფად დახურვაც”, - ამის შესახებ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა. თუმცა მიუხედავად ამისა, პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნების ერთიანი მიდგომა ირღვევა, სამშაბათს საკოორდნიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში “მწვანე პასპორტი” გაუქმდა, თუმცა როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ეს არ ნიშნავს რომ რეგულაციები, რაც დაწესებულია ან ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტეს. როგორც ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რეგულაციების შემსუბუქება თუ იმ ქვეყნებმა დაიწყეს, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ეს დასაშვებია, თუმცა საქართველოში “მწვანე პასპორტების” გაუქმება მისთვის მიუღებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“იმ ქვეყნებმა, რომლებმაც რეგულაციები შეამსუბუქა, ან გააუქმა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცრეს. ჩვენთან ორი მესამედი აუცრელია, ასე რომ, ვერანაირ ლოგიკას მე ამაში ვერ ვხედავ, რადგან დარჩენილი გვქონდა რამდენიმე რეგულაცია, “მწვანე პასპორტის” მექანიზმი კი პირველ რიგში ვაქცინაციის წახალისებას ემსახურებოდა და არა ინფექციის კონტროლს. გასაგებია, რომ “ომიკრონის” პირობებში “მწვანე პასპორტი” ინფექციის კონტროლისთვისაც აღარ გამოდგება, მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ მისი პირობები და აღსრულება გაგვემკაცრებინა, რეალურად ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ისეთმა ქვეყნებმა გააკეთეს, სადაც ამ პასპორტებმა თავისი დანიშნულება შეასრულეს და მოქალაქეების 80%-ზე მეტი აცრეს. ამ პირობებში ეს სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია... იგივე მოხდა 1918 წლის პანდემიისას, როცა უკვე მეოთხე ტალღაზე საზოგადოება და ხელისუფლებები იმდენად დაღლილები იყვნენ, საერთოდ არჩიეს, რომ ამ ტალღისთვის იგნორირება გაეკეთებინათ და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი იღუპებოდა, ცხოვრება ისე გააგრძელეს, თითქოს არც არაფერია. დღეს საქართველოში ამ სიტუაციას ვხედავ” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

 

“ახლა “ომიკრონის” პირობებში შემთხვევების თვლას აზრი აღარ აქვს, ამას თავიდანვე ვამბობდით. მთავარია, რომ რეაგირება მოვახდინოთ და ჰოსპიტალიზაციების და სიკვდილობის რაოდენობა გავაკონტროლოთ. შემთხვევების რაოდენობაზე საუბარსაც აზრი არ აქვს, რადგან, ვიცით, რომ უამრავი შემთხვევაა და ამის გარდა გამოუვლენელიც ბევრია, 26 ათასს რომ ვამბობთ, გამოუვლენელი ალბათ უკვე 60 ათასზე მეტია, აქტიური შემთხვევა 200 ათასამდეა. ქვეყნებში ის მოხდა, რაც მოსალოდნელი იყო. მთავარია, გავაკონტროლოთ ის, რომ ადამიანები საავადმყოფოში ნაკლებად მოხვდნენ. ასევე, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა დავარწმუნოთ, რომ აიცრან, რადგან ეს ყველაფერი შესაძლოა პანდემიის ლოგიკური დასასრულისკენ წავიდეს, თუ არალოგიკურად თვისობრივად ახალი შტამი არ გამოჩნდა, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ავიცრებით”, - მიიჩნევს ზოიძე.

 

“პანდემია მხოლოდ აცრილებისთვის დასრულდება, აუცრელებისთვის კი სამწუხაროდ გაგრძელდება, რისკი, რომელიც მათ ექმნებათ ძალიან მაღალი იქნება. 50-60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის სიცოცხლესთან და სიკვდილთან თამაში გაგრძელდება. ზაფხულისკენ, როცა ყველა ტალღა ჩაივლის, ველოდებით, რომ იმ ნაწილისთვის, ვინც ვაქცინირებულია და ბუსტერ დოზებითაა აცრილი, პანდემიური მძიმე მოლოდინები და საგანგებო სიტუაცია დასრულდება”, - თვლის ზოიძე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “მწვანე პასპორტებმა” ვერ გაამართლა და ახლა ისევ ეპიდემიოლოგიური თავდაცვა უნდა გავაგრძელოთ. “მწვანე პასპორტმა” ვერ გაამართლა იმიტომ, რომ რეგულაციების დაცვა სახელწიფო დონეზე არაა აყვანილი ისე, როგორც საჭიროა. ის ხალხი, ვინც ამ რეგულაციებს არ იცავდა, ბოლოს როდის ნახეთ “დასჯილი” - ჯარიმა გადახდილი?”,- ამბობს ხმალაძე, რომლის თქმით გაუგია, რომ, “არსებობს ხალხი, რომლებიც იმ ადამიანების “მწვანე პასპორტებს” იყენებდნენ, რომლებიც გარეგნობით ჰგავდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“მწვანე პასპორტი” მუშაობდა მხოლოდ იქ, სადაც თავშეყრის ადგილებია, მაღაზიაში არა, ასევე არ მუშაობდა ახალი წლის შეკრებებზე, ხო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. “მწვანე პასპორტი” გაამართლებდა, თუ მკაცრი ზომები იქნებოდა, ეს ვერ შესრულდა, რადგან დაუსჯელობის სინდრომი განვითარდა. მეორე მომენტიცაა - ქვეყნები იმიტომაც აუქმებენ რეგულაციებს, რომ “ომიკრონს” ძალიან ძლიერი გადამდებლობა აქვს. ახალ ვირუსს 24 მუტაციური გენი აქვს, მართალია ლეტალობა დიდი არაა, მაგრამ გადამდებლობის უნარი დიდია, ამის რეგულირება კი ძალიან ძნელია. ისე და ისევ მარტივი ეპიდემიოლოგიური თავდაცვა უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა გაიზრდება, შეიძლება 30-32 ათასამდე ავიდეს. მანამდე, შესაძლოა აცრებიც გაზარდოს და ბუნებრივი იმუნიტეტიც ჩამოყალიბდეს. ვიძახდი, რომ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც სჭირდებოდა, რომ ოფიციალურად მთლიანად მოსახლეობა აცრებზე ვალდებული გაეხადა, სხვანაირად არ ავიცრებოდით” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია “ომიკრონის” შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაინც იზრდება, იმიტომ რომ შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან მაღალი”, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. “მატულობს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, აქვთ თანმხლები დაავადებები. მათ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, იმიტომ რომ ზოგს სუნთქვის განსაკუთრებული რეჟიმი უნდა, ზოგს მაღალი ცხელება აქვს და ა.შ. ასე რომ, ჰოსპიტალური სექტორი მაინც იტვირთება. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 297 პაციენტი”, - განაცხადა გოფოძემ. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ კი განაცხადა, რომ მარტში ელოდება მიმართვიანობის ზრდას მულტისისტემური ანთებითი სინდრომით”, - დასძენს გამოცემა.

 

“ყველაზე სერიოზული გართულება, რასაც კორონავირუსი ბავშვებში იწვევს, ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ვითარდება კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ. როდესაც ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში საქართველოში იქნება მეექვსე ტალღის პიკი, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის თვე იქნება გამორჩეული პოსტკოვიდური გართულებების მხრივ. მარტში ველოდებით მიმართვიანობის ზრდას მულტისისტემური ანთებითი სინდრომით. ამ პაციენტების მართვა შესაძლებელია მხოლოდ სტაციონარებში”, - აცხადებს ჩხაიძე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით კი, ამჟამად, არ ჰყავთ მძიმე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული. “განყოფილებაში ახლა 30 პაციენტი წევს და კიდევ რამდენიმე ადგილი გვაქვს. დაინფიცირებულების ასეთი რაოდენობის პირობებშიც კი, ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთული არ არის, მაგრამ ამ 30 პაციენტიდან, 2/3-ზე მეტი მძიმეა. მძიმე პაციენტთა უმეტესობა აუცრელია, აცრილები საშუალო სიმძიმის არიან. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად, აცრილი და დამძიმებული პაციენტი არ გვყავს”, - აცხადებს მარინა ენდელაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 411 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.