როგორ უნდა მოვიქცეთ ბირთვული აფეთქების შემთხვევაში - რეკომენდაციები თავდაცვისთვის
ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის (ICRP) რეკომენდაციებზე წერს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ბირთვული აფეთქების შემთხვევაში.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"გასაგები მიზეზების გამო, ბოლო ხანებში მოხშირდა ბირთვულ საფრთხეებზე საუბარი და პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა არსებული ინტერესის გათვალისწინებით გადავწყვიტე ამაზეც დამეწერა.
ვისაც გაინტერესებთ გაგაცნობთ რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის (ICRP) რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ბირთვული აფეთქების შემთხვევაში:
აფეთქებიდან პირველი 10 წთ:
არ დარჩეთ გარეთ ან ავტომობილში.
საუკეთესო თავდაცვა და ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის დახურულ შენობაში შესვლა;
შენობაში უნდა გადაინაცვლოთ ცენტრალურ ნაწილში (კედლებიდან და ფანჯრებიდან მაქსიმალურად მოშორებით), საუკეთესო შემთხვევაში კი სარდაფში.
მიწისქვეშა პარკინგები და მეტროც კარგი ალტერნატივა შეიძლება აღმოჩნდეს ამ დროს.
თუ იმყოფებით ავტომობილში და ახლომახლო შენობა არ არის, გადადით გზიდან უსაფრთხოდ, ამოეფარეთ გზის შემაღლებულ ნაწილს ან შედით ხიდის/გადასასვლელი გზის ქვეშ.
აფეთქებიდან პირველი 24 სთ:
თუ ფიქრობთ, რომ რადიაციული ნარჩენებთან გქონდათ შეხება, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა მოიშოროთ, თუ გყავთ შინაური ცხოველი და ფიქრობთ რომ მათაც ჰქონდათ შეხება, მათი გასუფთავება უნდა მოხდეს განცალკევებულ ოთახში.
გასუფთავების (დეკონტამინაციის) დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლიკებზე:
1 - https://www.cdc.gov/.../infographics/decontamination.html
2 -
ჩართეთ საინფორმაციო წყარო, ტელევიზია/რადიო და მოისმინეთ ინფორმაცია.
ინსტრუქცია მიიღეთ მხოლოდ ოფიციალური(!) (საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადების კონტროლის ცენტრი, შსს და ა.შ.) წყაროებიდან და მიჰყევით მათ.
არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ევაკუაცია და გადაადგილება თვითნებურად, ნუ მოუსმენთ სხვადასხვა არაოფიციალურ პირებს თუ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, დარჩით დაცულ ადგილას 12 - 24 საათის განმავლობაში და არ დატოვოთ შენობა თუ რაიმე გადაუდებელი სასიცოცხლო საფრთხე არ გემუქრებათ.
ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა საფრთხეებს შეიცავს ბირთვული აფეთქება:
▪️ძლიერი ნათება - რომელსაც შეუძლია დროებითი მხედველობის გაუარესება შესაძლოა იყოს ბირთვული აფეთქების მანიშნებელი და შესაძლოა განვითარდეს 10 კმ მოშორებით აფეთქების ადგილიდან;
▪️სითბური დარტყმა - მოსდევს ძლიერ ნათებას, მაღალი ტემპერატურის აირების გამოდევნა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კანის დამწვრობა, თვალების დაზიანება, სხვადასხვა ნივთების აალება, შესაძლოა გავრცელდეს აფეთქების ადგილიდან რამდენიმე კმ-ში;
▪️დარტყმითი ტალღა - აზიანებს ახლომდებარე შენობებს და შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა ფრაგმენტების გავრცელება, აფეთქებიდან რამდენიმე კილომეტრში;
▪️პირველადი რადიაცია - აფეთქებიდან რამდენიმე კმ-ში შეუძლია გამოიწვიოს დაზიანება და სიკვდილიც კი;
▪️ნარჩენი რადიაცია - აფეთქების შემდეგ, რადიაციული ნარჩენები ერევა მტვერს, ხდება მისი ატმოსფეროში გაფანტვა და შემდეგ მისი უკან, მიწისკენ დაბრუნება, რასაც დაახლოოებით 10 წთ (ან მეტი) სჭირდება.
ნარჩენი რადიაცია ყველაზე საშიშია აფეთქებიდან 10 კმ-ს რადიუსში და პირველ რამდენიმე საათში;
▪️ელექტრომაგნიტური ტალღა - დამატებითი ზიანი შეიძლება განვითარდეს ტელეკომუნიკაციების დაზიანება, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ინფორმაციის მიღებისთვის ვეცადოთ/თვალყური ვადევნოთ და გამოვიყენოთ ყველანაირი წყარო, ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო FM/AM
როგორ შეიძლება მოვემზადოთ წინასწარ:
წინასწარ განსაზღვრეთ თავშესაფრის ადგილმდებარეობა (შენობის ცენტრალური ნაწილი/სარდაფი), იქნება ეს თქვენი სახლი, მეტრო, დიდი შენობები თუ სხვა;
გქონდეთ პირველადი საჭიროების ნივთები, ფანარი, ელემენტები, სამედიცინო ჩანთა, ნიღბები, ტანსაცმელი, საკვები, წყალი (დეტალური სიის ერთ-ერთი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://www.ready.gov/kit );
გაიარეთ პირველადი დახმარების ტრენინგები ორ წელიწადში ერთხელ;
არ იქნება ურიგო წინასწარ შემუშავებული გეგმის ქონაც, რომელსაც შეუთანხმებთ თქვენს ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს.
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ არ არსებობს პანიკის საფუძველი, უბრალოდ წინასწარი მზაობა და ცოდნა ყოველთვის კარგი იდეაა," - წერს არჩილ მარშანია.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი