როგორ შეამოწმებენ მძღოლებს ნარკოტესტზე 1 აპრილიდან
1 აპრილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლების ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებას იწყებს.
გერმანიაში წარმოებული 10 ათასი ნარკოტესტერი უკვე საქართველოშია.
პირველი აპრილიდან საპატრულო პოლიციელს, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ნებისმიერი მძღოლის ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების უფლება აქვს.
პროცედურა სულ სამწამიანია. 3-წამიანი პროცედურის შემდეგ, აპარატს 4-დან 8 წუთამდე სჭირდება იმის საჩვენებლად, აქვს თუ არა მოქალაქეს ბოლო 8 საათის განმავლობაში მიღებული რომელიმე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. გერმანული ფირმის ტესტერის შესაძლებლობებშია აღმოაჩინოს ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი. ასევე მარიხუანის, ჰაშიშის, ექსტაზის, კოკაინისა და 6-მდე ოპიატის თრობა.
მედიკოსები თანხმდებიან, რომ თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა მაღალი რისკის შემცველია, როგორც თავად მძღოლისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. თუმცა ხშირად თრობის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით რთულია. მედიცინის დოქტორის დავით ვადაჩკორიას რეკომენდაციაა, მოხმარების ფაქტი ტესტთან ერთად კლინიკური ფორმით, ანუ ექიმის დაკვირვებით დადასტურდეს.
ალკოჰოლური თრობისგან განსხვავებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. 275-ე და 276-ე მუხლების ახალი რედაქციით კანონდარღვევა ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე შესაძლებელია მოქალაქეს 3 წლით მართვის უფლება შეეზღუდოს. ჯარიმის ოდენობის მოსამართლე ინდივიდუალურად განსაზღვრავს
კანონი პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
რას ითვალისწინებს მარიხუანის მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ახალი კანონის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, კერძოდ:
• იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;
• ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
• ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია;
• მარიხუანის მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
• მარიხუანის მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;
• გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
• სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.
კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია.
imedinews.ge
სიახლეები
- “ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის” - ირაკლი ზარქუა „ფარას“ ანალოგზე
- “ნიკა მელია რაც უფრო მეტს დააშავებს, მით უფრო მეტი ბრალი წარედგინება” – ნინო წილოსანი
- “ამ ტიპის ქმედებები – მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო – ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს” - კახა კალაძე
- “ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში” - ირაკლი კობახიძე
- “სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი და ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ხონის კარცერებში სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე” – წულუკიანი