საშიშ ეტაპზე შევდივართ - ეყოფა თუ არა ქვეყანას რესურსი, რომ რამდენიმე ეპიდკერას ერთდროულად გაუმკლავდეს
“მას შემდეგ რაც მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩაიკეტა, ახალი ეპიდკერა გაჩნდა ყაზბეგშიც, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 11 აგვისტოს კორონავირუსის ხუთი შემთხვევა იყო დადასტურებული. შემდეგ მათი რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ყაზბეგშია და პირადად კურირებს სიტუაციას, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება. ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში რამდენიმე ეპიდკერა გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საშიშ ეტაპზე შევდივართ - ეყოფა თუ არა ქვეყანას რესურსი, რომ რამდენიმე ეპიდკერას ერთდროულად გაუმკლავდეს.
“ჩვენი ერთი ჯგუფი კიდევ წასულია ყაზბეგის რაიონში. ინფიცირებულთაგან 3 არის ადგილობრივი. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები მათ არ აქვთ, თავიანთ ოჯახებშიც ბევრი კონტაქტები არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა იქიდან გამოკვლევისათვის აღებული ნაცხები. დღეისათვის ყაზბეგში პოლიციაში დადასტურებული 7 შემთხვევაა. ის ღონისძიებები, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში გატარდა, ძალიან ოპერატიული და მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ვირუსის შეკავება მაქსიმალურად მომხდარიყო, მაგრამ მინდა ყველამ კარგად იცოდეს, თუ ასეთი კერა ქვეყნის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, რადგან არც ერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში ასეთი კვლევები მიმდინარეობდეს”, - ამბობს პაატა იმნაძე. “რეზონანსთან” საუბრისას ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ქყვენას სამედიცინო რესურსი ეყოფა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყანაში რამდენიმე ეპიდკერა ერთდროულად იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ ერთდროულად რამდენიმე ეპიდკერას გაუმკლავდეს. ასეთ დროს, საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი - პაციენტების რაოდენობაზე და მეორე - მთავარი ესაა სიმძიმე პაციენტებისა. საქართველოში 10 000-ობით გრიპის შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ჩაიკეტოს ქვეყანა. მთავარი არის რამდენად დიდია მძიმე პაციენტების რაოდენობა. მაგრამ რაღაც დოზით, ბუნებრივია, იქნება მძიმე პაციენტებიც. იმ შემთხვევაში თუ გრიპის სახით მოიხდის ეს ხალხი კორონავირუსს, ჩვენ ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება. ამიტომაა ეს ჩაკეტვები აუცილებელი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი ინფექციის გავრცელებისგან. ჩაკეტვებით ქვეყანა არ დაიქცევა, რა თქმა უნდა, რაიონს პრობლემები ექმნება, მაგრამ ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ გაუმკლავდეს ამას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“რუსეთმა უკვე გამოაცხადა, რომ აქვს ანტივირუსული ვაქცინა. რუსები რამდენად სიმართლეს ლაპარაკობენ, ცოტა საეჭვოა, იმიტომ, რომ ასე მალე ვაქცინის შექმნა ცოტა წარმოუდგენელია. მაგათ უყვართ ჩვენ ყველაფერში პირველები ვართო, რომ იძახიან. მაგრამ რეალურად, თუ მართლა იმუშავა ამ ვაქცინამ, ეს უკვე ძალიან კარგი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სანამ არ შეიქმნება ანტივირუსული არა პრეპარატი, არამედ ვაქცინა, მანამ ჩვენ უძლურები ვიქნებით პანდემიასთან”, - დასძენს ხმალაძე. 12 აგვისტოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით ჩაკეტვის საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, არანაირი რისკი არ არსებობს, ყაზბეგსა და ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ხოლო გავრცელებული ხმები “არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- " გვსურს, რომ სანაკრებო წელი პოზიტიურად დავასრულოთ – დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით"- ბუდუ ზივზივაძე
- "პერსონალური თავდასხმები ცხადყოფს იმას, რომ რეალური ბრალდებები არ არსებობს"- გიორგი კალანდარიშვილი
- "ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას" - ნათია მეზვრიშვილი
- "საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი გალაშქრების მიზანია, რომ როგორმე სათავეში დაბრუნდნენ იგივე დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს ნგრევის პროცესში ჩართავენ" - გიორგი ვოლსკი
- " ვფიქრობთ, იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ჩვენს ურთიერთობებში ყველაფერი წარიმართება დადებითად" - ირაკლი კობახიძე