ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში მოქმედი ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტებიდან ქუთაისის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სერტიფიკატი მიიღო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას ხუთ ეტაპად ახორციელებს. ყველა ეტაპი, ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით გაიარა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან, ქუთაისის აეროპორტი იყო პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების წესის შესაბამისობაში მოიყვანა.
„მოხარულები ვართ, რომ წელს პოზიტიური ინფორმაციით ვიწყებთ. ქუთაისის აეროპორტმა რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. ეს დოკუმენტი არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რათა ოპერირება იყოს უსაფრთხო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისიამ შეამოწმა და ადგილზე შეაფასა ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა. დარწმუნდა რა, რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათ მიერვე გაცემული წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან. უნდა აღვნიშნო, რომ სულ ახლახანს, ფრენების უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ დავასრულეთ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ბაქანის გეგმიური სარემონტო სამუშაოები, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა. ამ ეტაპზე, სერტიფიცირების პროცესს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადი ადგილობრივი აეროპორტები გადიან.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის