ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება, ,,ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატების მიერ, ,,იმერეთი ნიუსზე'' თავდასხმისა და დეპუტატ ელეონორა არჩაიას ოჯახზე ზეწოლის ფაქტების აფიშირებას მოჰყვა. გიგა შუშანიამ ხელისუფლება ადამიანის უფლებების ხელყოფაში დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით, ყველაზე მეტად ზაზა სარალიძისთვის კარვის ჩამორთმევის ფაქტი მოწმობს. საპასუხოდ, ,,ქართული ოცნების'' დეპუტატებმა ოპოზიციას გვირგვლიანის საქმე შეახსენეს და აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებები წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც მნიშვნელოვნად ირღვეოდა, რის შემდეგაც ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს. მათი თქმით, საკრებულო ქალაქის პრობლემების გარდა ყველაფერს განიხილავს და სხდომაზე დარჩენას აზრი არ აქვს.

 

,,რამდენიმე დღის წინ კოტე ცირეკიძემ, ,,იმერეთი ნიუსის’’ დამფუძნებელმა, მის ოჯახზე არსებული ზეწოლის შესახებ გააკეთა განცხადება. ის იძულებული გახდა დაეხურა სააგენტო. ქალბატონმა ელეონორა არჩაიამ დაადასტურა, რომ 6 თვის განმავლობაში გამუდმებით წნეხის ქვეშ იყო. ჩვენ სოლიდარულები ვართ ყველა საკრებულოს წევრის, ყველა მოქალაქის მიმართ, არ დავუშვებთ ძალადობას, არ დავუშვებთ სააგენტოს დახურვას. დღევანდელმა საკრებულოს სხდომამ აჩვენა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი ისწავლა. იმის ნაცვლად, რომ 28 ოქტომბრის შედეგებს გამოეფხიზლებინათ, ისევ იქ დარჩნენ , სადაც იყვნენ. რასაც 6 წლის განმავლობაში აკეთებდნენ, დღესაც იგივეს აგრძელებენ. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ქართველი ხალხი მათ განაჩენს გამოუტანს. ახლა ერთმანეთის ჭამა დაიწყეს, ეძებენ დამნაშავეს და ვერ ხვდებიან, რომ დამნაშავეები თავად არიან. ხალხი იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ 600 ათასმა ადამიანმა ხმა მათ წინააღმდეგ მისცა. ქუთაისში კატასტროფული შედეგით წააგეს არჩევნები. ეს კატასტროფა გაგრძელდება და დაგვირგვინდება მეორე ტურში. მშვიდობიანად, ყოველგვარი ექსესების გარეშე, გავისტუმრებთ ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც მისი ადგილია“-განმარტა გიგა შუშანიამ.

ელეონორა არჩაიას ოჯახზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასა და ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ თავიანთი კოლეგისთვის გამოცხადებულ სოლიდარობაზე, კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების დეპუტატმა, მარეხ ნიჟარაძემ. მარეხ ნიჟარაძის თქმით, მისთვის უცნობია, ახდენდენ თუ არა ზეწოლას ელეონორა არჩაიას ოჯახზე, თუმცა სასაცილოა, როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობა" ვინმეს სოლიდარობას უცხადებს.

,, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დაიპყრეს ყველა ტელევიზია და დაარბიეს ტელეკომპანია იმედი. მათ არასდროს გამოუხატავთ სოლიდარობა სანდრო გვირგვლიანის დედის მიმართ. ამიტომ ღმერთმა დაგვიფაროს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ რომელიმე წევრის მხარდაჭერა დაგვჭირდეს. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ჩვენ ვართ არჩაიას გვერდით, თუ ვინმემ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, აუცილებლად მოეთხოვება, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები-შუშანია, უკლება ვინმეს სოლიდარობას უცხადებენ, არათუ არჩაიას“-განაცხადა მარეხ ნიჟარაძემ.

,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის შედარებით დაბალი რეიტინგი ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერების არჩევნებზე მიუსვლელობით არის განპირობებული.

,,ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც არ მოვიდა პირველ ტურზე, მოვა მეორე ტურზე. ,,ქართული ოცნების" ბევრმა მხარდამჭერმა ჩათვალა, რომ უკვე გამარჯვებულები ვიყავით და შესაბამისად, არჩევნებზე მისვლაც არ იყო საჭირო. მალე იქნება მეორე ტური და ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის გზით მივდივართ. არასდროს გაგვიყალბებია არჩვენები. შეიძლება ყველაფერი ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო, ვერ ვიყავით საკმარისად ეფექტურები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოდესმე ,,ნაციონალური მოძრაობა’’ დაბრუნდება. ქართველი ხალხი არის ბრძენი და ზუსტად იცის კონკრეტულ დროს როგორ გადაარჩინოს ქვეყანა. მე მაქვს ჩემი ხალხის იმედი"- განაცხადა მარეხ ნიჟარაძემ.

წაკითხვა 1124 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.