ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიან სამთავრობო კამპანიას კერძო სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდშიც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება.
პანდემიის დაწყებიდან, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ სახელმწიფოში არსებული უფასო სერვისები. ოჯახში ძალადობის მომატებული რისკების საპასუხოდ კი სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ.
ინფორმაციის გაზიარებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიაც, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება. საქართველოს მთავრობა წელსაც ტრადიციულად შეუერთდა ყოველწლიურ გლობალურ კამპანიას.
კამპანია, გზავნილით - „იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ", თითოეული მოქალაქის მხრიდან ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯების წახალისებას ისახავს მიზნად. ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სამთავრობო უწყებებმა უკვე 100-ზე მეტი თემატური ღონისძიება ჩაატარეს.
წელს 16-დღიან კამპანიას პირველად კომპანია "ბოლტი" (Bolt) და „სპარი" (Spar) უერთდებიან. „სპარის" მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მყიდველებს ინდივიდუალურად მიეწოდებათ ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზების, სერვისების, რეაგირების და პრევენციის მიმართულებით. „ბოლტის" მანქანებში კი განთავსდება ინფორმაცია და მოწოდება ქმედებისკენ, რაც სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას და ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯების წახალისებას ისახავს მიზნად.
16-დღიან კამპანიაში 30-ზე მეტი საჯარო უწყებაა ჩართული, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე. ინფორმაცია ტელე-რადიო საშუალებების, სოციალური ქსელების და სხვა პოპულარული არხების გამოყენებით ვრცელდება. იმართება თემატური ღონისძიებები, როგორებიცაა - „სპორტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ", „ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრა", „საჯარო მოხელეთა ფორუმი გენდერულ თანასწორობაზე" და სხვ.
2020 წლის სამთავრობო კამპანია გაეროს სააგენტოების (საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელის ოფისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის