“ტრანსპორტის გახსნა ერთ-ერთი ბოლო ეტაპი უნდა იყოს” - ეპიდემიოლოგები პაატა იმნაძის მკაცრ მიდგომას უჭერენ მხარს

"ახლა რომ ყველაფერი გაიხსნას, ეპიდსიტუაცია გაუარესდება და შესაძლოა კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებლის საკმაოდ მაღალი რიცხვები მივიღოთ - ამაზე ეპიდემიოლოგები თანხმდებიან და აცხადებენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ეპიდსიტუაციის დარეგულირების შემდეგ ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ერთ-ერთი ბოლო ეტაპი კი ტრანსპორტის გახსნა უნდა იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოხსნა-არმოხსნა - კოვიდშეზღუდვები უკვე ყველას ყელში ამოუვიდა, მაგრამ ეპიდემიოპოგები პაატა იმნაძის მკაცრ მიდგომას უჭერენ მხარს.

“გუშინ ჩვენ გვქონდა დაახლოებით 1 600 შემთხვევა, ახლა რომ გაიხსნას ყველაფერი, ჩვენ ძალიან მალე, დაახლოებით1 თვეში ისევ 5 ათასამდე ავალთ. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლებამდე უნდა დავიყვანოთ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა და შემდეგ, წესების დაცვის შემთხვევაში, ეკონომიკის გახსნა კატასტროფულ მატებას არ გამოიწვევს, - ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ხუთშაბათს განაცხადა, რასაც გარკვეული კრიტიკა მოჰყვა. თუმცა ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძეც “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ შეზღუდვები არა მთლიანად, არამედ ეპიდსიტუაციის დარეგულირების შემდეგ ეტაპობრივად უნდა მოიხსნას. იგივე აზრს იზიარებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც, იგი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა დიდ რისკს შეიცავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საქართველოში კორონავირუსი ბევრმა მოიხადა, მაგრამ ასე მთლიანად გახსნასაც მაინცდამაინც არ ვეთანხმები, მე უფრო მაღაზიებში შედარებით თავისუფლების მიცემას მივესალმები, ვიდრე ბაზრობებზე, სადაც პრაქტიკულად არანაირი დაცვა არ ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციას ძალიან დაბალი რანგის ეპიდსაწინააღმდეგო ქცევები ახასიათებდა, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ლოკდაუნის მოხსნის შემდეგ საკმაოდ მაღალი რიცხვები მივიღოთ. ან მოხსნა, ან ჩაკეტვა ასე უცბად არ შეიძლება, ცუდი ამბავიც და კარგიც ადამიანს უნდა შეაჩვიო, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯერ გარკვეულწილად გაიხსნას მაღაზიები, სადაც ეს ყველაფერი შედარებით ცივილიზებულად ხდება და შემდეგ უკვე ეს მასობრივი ყიდვა-გაყიდვის ადგილები, როგორებიცაა ბაზრობები და მასობრივი თავშეყრის ადგილები. ტრანსპორტი სამწუხაროდ ეპიდთვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საშიშია, იმიტომ, რომ იქ ძალიანაც რომ მოინდომო დისტანცირების დაცვა, ძალიან რთულია, მით უმეტეს ავტობუსში ადამიანებს ერთმანეთთან ყოფნა საკმაოდ ხანგრძლივად უწევთ. ჩვენ კი არ გვაქვს ისეთი ტრანსპორტი, სადაც ადამიანთა გადანაცვლება 2 მეტრით დაშორებით მოხდება, შესაბამისად ამ მხრივ ტრანსპორტის პრობლემა არსებობს, რომ არის საშიშროება იმისა, რომ ტრანსპორტის თავისუფლების შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“ალბათ ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ტრანსპორტის გახსნა უნდა იყოს, ტრანსპორტი ყველაზე მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ რადგან ქალაქში ტრანსპორტი არაა, ტაქსების ფასების რეგულირება რაღაცნაირად უნა მოხდეს, იმიტომ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა უკვე ზედმეტად ასე ვთქვათ აიგდო მოსახლეობა, სადაც ტაქსით გადაადგილებაზე არანორმალურ ფასებს ადებს, ეს თუ მერიის მიერ ტაქსების რაღაც გარკვეული შტატი შექმნა, რითაც იზოლირებულად და ნორმალურ ფასად ადამიანთა გადაადგილება მოხდება, ეს ყველაზე კარგი იქნება, რადგან ავტობუსი თავშეყრის ადგილია, 15 წუთზე მეტხანს ყოფნა გვიწევს, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა გახდეს”, - მიიჩნევს ხმალაძე და შეკითხვაზე - “რა დროისთვის შეიძლება უკვე, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა გაიხსნას?” - პასუხობს:

 

“აქ ესეთ კონკრეტულ რიცხვზე ნუ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ აქ მთავარია, რომ ეპიდსიტუაცია გამოსწორდეს, ერთი ან ორი თვეც რომ გავიდეს და ისევ თუ ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექციის წყარო და ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ ეს უკვე რაოდენობის გაზრდა გეომეტრიული პროგრესიით მოხდება.”

 

“ბატონი პაატა საქართველოში ყველაზე უფრო კომპეტენტური ეპიდემიოლოგია, ამიტომ ის იმ რეალობიდან გამომდინარე ამბობს, რაც გვაქვს. ამიტომ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გახსნა ძალიან დიდ რისკს შეიცავს. მე როგორც ვიცი, იგულისხმა ყველაფერი რომ გაიხსნას, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ეპიდსიტუაცია გაუარესდება და ჩვენ შეიძლება იმ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, რაშიც შემოდგომის ბოლოს ვიყავით. ამიტომაც გახსნა ეტაპობრივ უნდა მოხდეს, რომელიც გაწერილი უნდა იყოს და ალბათ ეს ერთ ორ კვირაში უნდა დაიწყოს და ამ ყველაფრის ნელ-ნელა შემსუბუქება ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. რაც შეეხება კრიტიკას, ექიმები საზოგადოებისგან კრიტიკას შეჩვეულები ვართ, ხშირ შემთხვევაში დაუმსახურებლადაც, რა თქმა უნდა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ამ ეტაპზე გახსნა კი ხიფათის შემცველია, მით უმეტეს მთლიანად”, - აცხადებს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“ტრანსპორტი ყველაზე სახიფათოა იმიტომ, რომ მობილობას ყველაზე მეტად ეს ზრდის, ამიტომ ტრანსპორტის გახსნას რეგულაციების დაცვა ყველაზე მეტად სჭირდება. მოწესრიგდეს და ტრანსპორტი დაემატოს, იმიტომ, რომ გადაჭედილი არ იყოს. რა თქმა უნდა მცირე ბიზნესის ხელისშეწყობა უნდა მოხდეს, რომ პირველ რიგში სავაჭრო ობიექტები გაიხსნას, რათა მეტ-ნაკლებად თავიანთი საქმე აკეთონ იმისთვის, რომ ისედაც ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს, მაგრამ ყველაფერს დაგეგმვა და სჭირდება და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუმცა ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ზეწოლის გამო არ უნდა მოხდეს, წესები არ უნდა შეიცვალოს და იმ წესებს უნდა მივყვეთ, რომელსაც მსოფლიო მიჰყვება, მესმის, რომ საზოგადოებისთვის რთულია, ბევრ დისკომფორტს შეიცავს, მაგრამ კორონავირუსის გახანგრძლივება და ეპიდსიტუაციის გაუარესება კიდევ უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე ეს შეზღუდვებია”, - დაასკვნის გოგინავა.

წაკითხვა 725 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 15 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.