რატომაა მნიშვნელოვანი პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობა
სპეციალურად FirstNews.ge-თვის თამარ კლდიაშვილის ბლოგი
20 ივნისი, ის დღეა, რომელმაც საქართველოს პოლიტიკურ კლიმატზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა. ახალგაზრდების პროტესტის მუხტი თითქმის მთელი წლის განმავლობაში გასდევდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამ მოვლენებმა ხელისუფლებას დაანახა, რომ ახალგაზრდა თაობა სულაც არ არის ნიჰილისტურად განწყობილი რუსეთის საკითხისა და ოკუპაციის მიმართ.
ამ მოვლენების დროს, ახალგაზრდების, როგორც სამოქალაქო აქტივისტების როლი განსაკუთრებული იყო. ახალგაზრდობამ გააცნობიერა საკუთარი ხმისა და აზრის მნიშვნელობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ (ჩვენს ირგვლივ არსებული ფაქტების მიხედვით, აქციებზე ახალგაზრდების დაკავების სახით) ძალადობისა და შანტაჟის გამო პოლიტიკაში ყოფნა დღეს საქართველოში უსაფრთხო არ არის. ეს იწვევს რადიკალიზაციას და ძალადობრივი გარემო კი, როგორც ყოველთვის ხალხს პოლიტიკაზე გულს უცრუებს.
დიახ, ახალგაზრდობა არის საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. თვით ტერმინი ”ახალგაზრდობა” ენერგიას, ენთუზიაზმსა და ქარიზმას უკავშირდება. მათი საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებებში დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდების აქტიურობა, უზრუნველყოფს ეფექტურ და გრძელვადიანი პოლიტიკის განხორციელებას.
იმისათვის, რომ საზოგადოებაში პოლიტიკის მიმართ არსებული ხედვები შეიცვალოს, აუცილებელია მეტი ახალი (ახალგაზრდა) სახე პოლიტიკაში, რითაც არსებული პროცესი გაჯანსაღდება და უფრო მეტად გამჭვირვალე იქნება.
ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის კი აუცილებელია, რომ სახელმწიფომ სათანადო პირობები შექმნას, მყისიერად უპასუხოს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს, განახორციელოს თანმიმდევრული, საჯარო და ინტეგრირებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად.
ქართული პოლიტიკის ხვალინდელი დღე სწორედ იმ ახალგაზრდებზე დგას, რომლებიც დღესდღეობით აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში. ახალგაზრდული პროტესტი კი ძირეული რეფორმების განხორციელებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში.
ოკუპაციის საკითხი ის თემაა, რომელიც უნდა აერთიანებდეს საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ამ საკითხს ახალგაზრდები ყველაზე ხშირად აპროტესტებენ. ჩვენ გვინახავს ცოცხალი ჯაჭვი საოკუპაციო ზოლთან, მასშტაბური აქციები, მათ შორის, სტუდენტური მსვლელობები ოკუპაციის წინააღმდეგ.
ჩვენს ქვეყანაში, რატომღაც, უკვე პოლიტიკური ელიტის ცვლილების მომხრეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია.
„შეიძლება ვცდები, ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური ველი ახალი თაობის პოლიტიკოსებისათვის უნდა გაიხსნას. სწორედ ამას ნიშნავს ჩემთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია. ეს არის ის შესაძლებობა, როდესაც ნიჭიერ, კარგი განათლებით ახალგაზრდებს აღარ უნდა შეეშინდეთ პოლიტიკურ ველზე რაღაც ინიციატივების დაწყება. რადგან ისინი დღეს ამჯობინებენ სხვა უფრო რეპუტაციულად დაცულ სფეროებში მოღვაწეობას. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ მეტი პოლიტიკური კულტურა უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური პარტიების ველზე და ამაში ჩვენი ახალდაფუძნებული პარტიაც გარკვეულ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ.
საკვირველია, რომ ბატონმა გიორგიმ მხოლოდ ახლა დაინახა ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ამას 20 ივნისის ღამეს ვერ ხედავდა.
საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმი ძირითადად პოლიტიკასთან, პროტესტთან და ქუჩის აქციებთან არის გაიგივებული.
საბოლოოდ კი ვფიქრობ, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში და მათი მოთხოვნა, დემოკრატიულ განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ფაქტორია.
სიახლეები
- "2022 წლიდან ომში 60-დან 100 ათასამდე უკრაინელი სამხედროა მოკლული, რუსეთის დანაკარგი ომში კიდევ უფრო დიდია" - „ეკონომისტი“
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 37-ე სხდომა გამართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ნოემბრისთვის
- პარლამენტი მთავრობას ნდობას 28 ნოემბერს გამოუცხადებს
- ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს