თემაზე "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" კონფერენცია გაიმართა
საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" გაიმართა.
კონფერენციაზე განხილული ძირითადი თემები იყო:
· ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილე;
· ჩინეთის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში;
· ჩინეთის ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციები - პრეზიდენტ სი ძინ პინის „ჩინეთის დიდი ოცნების“ რეალიზაცია;
· „ერთი გზა, ერთი სარტყელი“- გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური წარმატების ფორმულა;
· კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევები;
· ჩინეთის აგრო-სამრეწველო პოლიტიკა;
· ჩინეთის თანამედროვე გეოსტრატეგიული კოდი - რეგიონული ლიდერობიდან მსოფლიო ლიდერობისაკენ;
· ჩინეთის სოციალური პოლიტიკის სასწაული - სიღარიბის დამარცხება.
კონფერენცია „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, მოდერატორმა მალხაზ გულაშვილმა გახსნა, რომელმაც, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების და კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის, თუმცა, ისეთი ინტენსიური, როგორიც დღეს არის, არასოდეს ყოფილა. მაგრამ, ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გაუმჯობესებაც არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, „ჯორჯიან თაიმსი“ მუდმივად ცდილობს, ამ პროცესების მამოძრავებელი იყოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ კონფერენციას უკვე ტრადიციულად, ყოველწლიურად ვატარებთ.
ღონისძიების მიზანია საქართველომ გაიზიაროს ის პოზიტიური გამოცდილება, რასაც, ჩინეთმა, ძალიან მოკლე პერიოდში, 100 წელიწადში მიაღწია. ვგულისხმობ ხელისუფლებაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოსვლის შემდეგ გატარებულ უდიდეს რეფორმებს, როგორც პოლიტიკის, ასევე, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალური საკითხებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ის ფაქტი, რომ დღეს ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მისი გამოცდილება ჩვენც გავიზიაროთ.
კონფერენციის მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებს ჩინეთის განვითარების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ და მისი, როგორც ძალიან წარმატებული ქვეყნის გამოცდილება გავიზიაროთ. ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით, მათი გამოცდილება ჩვენს ქვეყანაშიც გადმოვიტანოთ“, - აღნიშნა მან.
„სამომავლოდ, ეს ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება და ვგეგმავთ, ჩინეთ-საქართველოს ტელეხიდის მოწყობასაც, რაშიც, ჩინელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან“, - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.
კონფერენციაზე, მისასალმებელი სიტყვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, ლი იენმა წარმოთქვა, რომლის თემაც - „ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში - 100 წლიანი გამოცდილება“ იყო.
ელჩმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა პოსტ-კოვიდურ პერიოდში, ორ ქვეყანას შორის გამოჩენილ თანადგომას. როგორც ლი იენმა კონფერენციაზე აღნიშნა, - "კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მეგობარი გასაჭირში იცნობა."
"ჩინეთი ტრადიციულად საქართველოს მეგობარი ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში მუდამ თანამშრომლობის ახალ შედეგებს ვიღებთ; „სარტყელისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობაც უწყვეტად ვითარდება; განათლების, კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის, სპორტის, მედიის, კინოსა და ტელევიზიის და სხვა სფეროებში ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და სულ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ;
ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა მუდმივად ღრმავდება. აღსანიშნავია, კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი თანადგომა. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდა და უფრო მაღალ დონეზე ავიდა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების წყალობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
ჩინური მხარე მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება, სახელმწიფო მართვის საქმეში გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე კომუნიკაცია და კოორდინაცია, რათა ეს ორი უძველესი ცივილიზაცია ერთად გაბრწყინდეს," - განაცხადა ლი იენმა.
საქართველო - ჩინეთის ურთიერთობების შესახებ კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ:
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველ პარტიას ვულოცავ 100 წლის იუბილეს. აღსანიშნავია, რომ განვლილი დროის მანძილზე ჩინეთმა არაერთი რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა, საბოლოოდ არნახულ წარმატებას მიაღწია. საქართველოი როგორც გლობალური სამყაროს ნაწილი, საგარეო ურთიერთობა ქვეყნის განვითარებისთვის მთავარი ატრიბუტია. ჩინეთი ამ ჯაჭვში ერთ-ერთი განსაკუთრებული ქვეყანაა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩინეთმა 29 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამით მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს.
დიპლომატიური ურთიერთობის ამ მოკლე პერიოდში ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორად და ინვესტორად ჩამოყალიბდა. 2021 წლის პირველი კვარტლის მიხედვით ჩინეთი ექსპორტის მიმართულებით საქართველოში პირველ ადგილზეა და როგორც მოგეხსენებათ დიდი წილი ქართულ ღვინოზე მოდის. საქართველო ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყანაში ჩინური ინვესტიციების შემოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოყენებული იქნება,“- განაცხადა კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
საქართველო - ჩინეთის ბიზნეს ურთიერთობები და სამომავლო მიზნები -საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი - დავით საგანელიძე.
კოვიდ19 - ის გამოწვევები და ჩინეთთან თანამშრომლობა სამედიცინო მიმართულებაში, - ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მან პანდემიის პერიოდში, ჩინეთის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
"ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან მნიშვნელოვანი და საპატიო გახლავთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურთიერთობას იწყებს ერთ-ერთ უძლიერეს საერთაშორისო ინსტიტუციასთან, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ეს არის მაღალტექნოლოგიური დაწესებულება, რომლისგანაც ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ. პანდემიის დაწყების პირველივე თვეებში ჩინეთის სახელმწიფომ და საელჩომ საქართველოს სერიოზული დახმარება შესთავაზა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და უნივერსიტეტებთან დაახლოებით 3-ჯერ გვქონდა ტელეხიდები, რადგან, მათ პირველი 3 თვის განმავლობაში, ამ დაავადების მართვის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ჩინეთის მთავრობამ პირველ ეტაპზე, როცა ხელმიუწვდომელი იყო, საქართველოს კოვიდტესტები გადასცა. მათ უკვე ვაქცინის მილიარდ ნახევარი დოზა საკუთარ საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდა. მისასალმებელია, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მეტად ვითარდება და ამისთვის, ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს მსურს დიდი მადლობა გადავუხადო. ვიმედოვნებ, რომ მედიაციის პროცესი კიდევ გაგრძელდება," - განაცხადა კონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
აგრო-სამრეწველო პოლიტიკა, სიახლეების დანერგვა, - გიორგი ხანიშვილი - სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე.
საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები; გიორგი ამილახვარი - განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;
ჩინეთის აგროს-სამრეწველო პოლიტიკა - გიორგი კვესიტაძე - მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
საქართველო - ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები - დავით აფციაური - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პეკინის საერთშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი.
„ახალი მსოფლიო წესრიგის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები და ჩინეთის გლობალური გავლენის ცენტრის ფორმულა“ - ერთი გზა ერთი სარტყელი - სესიის მომხსენებელი - ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სინოლოგი, სინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი;
როგორც მაისაიამ „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა, საქართველოში სინოლოგიის განვითარების საქმეში.
„როგორც სინოლოგმა და ჩინეთის სინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრმა, მინდა კონფერენციას ამ კუთხით მაღალი შეფასება მივცე. სამწუხაროდ, ასეთი სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციები ნაკლებად იმართება საქართველოში. კონფერენციაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს საქართველომ ჩინეთის წარმატებული სახელმწიფოებრივი მშენებლობის გამოცდილება.
ფაქტია, რომ ჩინეთმა მოახდინა ორი სისტემის, - კაპიტალისტური და სოციალისტური სქემების კონვერგენცია, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და დღეს ჩინეთი არის ფაქტობრივად ნომერი მეორე ქვეყანა ეკონომიკური განვითარების კუთხით. შესაძლოა, მან რამდენიმე წელში, ამერიკასაც გაუსწროს და გახდეს მსოფლიოში პირველი ეკონომიკური გიგანტი. ჩინეთმა უკვე დაამარცხა სიღარიბე, რაც უნიკალური მოვლენაა. ეს ტერმინი იქ უკვე აღარ არსებობს. ჩინეთმა საკმაოდ დიდი ნახტომები გააკეთა პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკის მიმართულებით. ეს ქვეყანა ბიზნესის განვითარების კუთხით მართლაც საოცრებას წარმოადგენს.
ჩინური გამოცდილების საქართველოში დანერგვა ძალიან კარგი იქნება. ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული მეგობარია. დიდი მადლობა, პირველ რიგში მალხაზ გულაშვილს, რომელიც, ამ იდეის ავტორია. სწორედ სახალხო დიპლომატია არის ის, რასაც მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ აკეთებს“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
გამომსვლელებს შორის იყო ასევე, „ჩინეთის სახელმწიფოებრიობის წარმატებული რეფორმირების გამოცდილება საქართველოსთვის“. ალექსანდრე გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საქართველოს და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები - თამარ ყორიაული - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
ქართულ ჩინური გეოეკონომიკური წარმატებები და მიღწევები - ჯემალ ფუტკარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ჩინეთის კვლევის ინსტიტუტის დოქტორი, პროფესორი.
თემაზე: საინფორმაციო საკითხები და მედია, საერთაშორისო მედია ექსპერტმა, სიმონ კილაძემ ისაუბრა.
სიმონ კილაძის თქმით, ჩინეთის განვითარების ზრდის ტემპები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფოზეც კი შესაჩნევია, უფრო და უფრო ძლიერდება. ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერე კი, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება.
„მოგეხსენებათ, თურქეთიდან მატარებლები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით დადიან, ეს მატარებლები საქართველოს ტერიტორიაზე გადიან, რაც, ქართულ კომპანიებს განვითარების და უდიდეს შანსსა და პერსპექტივას აძლევს.
რაც შეეხება ჩინურ გამოცდილებას, თუ ზუსტად არ გადმოვიტანთ მათ წესებს, კარგი იქნება, თუ გარკვეულწილად მაინც დავიცვათ და ჩვენს გამოცდილებას შევუხამებთ. ჩინეთი კომუნისტურ სახელმწიფოდ ითვლება, მაგრამ, იქ საბაზრო ეკონომიკა იმ დონეზეა განვითარებული, ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანას არ დაესიზმრება. ამ მხრივაც, სასურველი იქნება, რომ დიდი ჩინეთის გამოცდილება პატარა საქართველომ გაითვალისწინოს.
აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „ჯორჯიან თაიმსი“ საქართველოში ერთადერთი მედიაჰოლდინგია, რომელიც საინფორმაციო უზრუნველყოფას აკეთებს ჩინეთთან დაკავშირებით და აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებაში ამ მიმართულებით. მედიაჰოლდინგი აქტიურად ჩართულია ერთ-ერთ პროექტში, სადაც ქართული კომპანიების შესახებ ჩინეთში მასალები ვრცელდებოდა. კორონავირუსმა და ფინანსურმა პრობლემებმაც იმოქმედა და პროექტი შეჩერდა. ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა სიმონ კილაძემ.
კონფერენციაში, აგრეთვე მონაწილეობდნენ კინორეჟირორი გოგა ხაინდრავა, თემით ქართულ - ჩინური ურთიერთობების 113 წლიანი ისტორია და ფილმების ინდუსტრია და ასევე, ვახტანგ ჭარაია, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, თემით: ქართულ ჩინური ეკონომიკური საკითხები.
კონფერენცია, პანდემიის გამო, ონლაინ, Zoom-ის რეჟიმში გაიმართა.
სიახლეები
- "2022 წლიდან ომში 60-დან 100 ათასამდე უკრაინელი სამხედროა მოკლული, რუსეთის დანაკარგი ომში კიდევ უფრო დიდია" - „ეკონომისტი“
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 37-ე სხდომა გამართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ნოემბრისთვის
- პარლამენტი მთავრობას ნდობას 28 ნოემბერს გამოუცხადებს
- ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს