November 27, 2024

რატომ არის რეგიონებში მუშახელის სიმცირე

“რეგიონებში იაფ მუშახელზე მოთხოვნა არის, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, როგორც ოჯახებს, ასევე მწარმეებსაც, სასოფლო-სამეურნეო საქმეებზე დამხმარის შოვნა მაინც უჭირთ. ირკვევა, რომ არის სოფლები, სადაც მუშახელის ლოდინს, მოსახლეობის სიმცირის გამო, შეიძლება რამდენიმე კვირაც დასჭირდეს.

ზოგ შემთხვევაში, სოფელი შეიძლება მჭიდროდ დასახლებულია, მაგრამ ხალხი ამ ტიპის სამუშაოს შესრულებას გაურბის. დაქირავებული მუშის მინიმალური ანაზღაურება 35-40 ლარია, მაქსიმალური კი - 70 ლარი. თუმცა, დღიური ქირა დაქირავებულთა ყოფით პრობლემებს ბოლომდე ვერ აგვარებს. შრომაზე უარს ამბობენ ისინიც, რომლებიც წინა წლებში რეგიონებში დადიოდნენ სხვადასხვა სამუშაოზე და ამით ირჩენდნენ თავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რეგიონებში მასობრივად მუშახელის სიმცირეა.

 

“თერჯოლის მკვიდრი ვახო ქავთარაძე ამბობს, რომ სამეგრელოს სოფლებში გლეხებს მოსავლის აღებაში ეხმარებოდა და მიღებული ჯამაგირი მისი ოჯახის ძირითადი შემოსავალი იყო. ამჟამად მას საკუთარი სოფლიდან გასვლა სამუშაოს შოვნის მიზნით არ უწევს, რადგან ფიქრობს, რომ გაწეული შრომა ანაზღაურებას არ შეესაბამება. “შეიძლება, მთელი დღე იმუშაო და 40 ლარზე მეტი ვერ მიიღო. თუმცა სამეგრელოში მუშაობა უფრო სარფიანია, სეზონზე შეიძლება თხილის პლანტაციებსა და სიმინდის ყანებში იმუშაო. მთავარია, მოსავალი იყოს. მირჩევნია, სახლს მივხედო ან სადმე ახლომახლო სოფელში დავკავდე, თუკი საქმე გამომიჩნდება. სახლ-კარს თვეობით ვშორდები და ვერ ვიღებ იმდენ საფასურს, რომ ოჯახის საჭიროება დავაკმაყოფილო”, - ამბობს რესპონდენტი. გურიის რეგიონში ამბობენ, რომ მუშახელზე მოთხოვნა არის, მაგრამ ასეთი ადამიანის შოვნა სოფლებში თითქმის შეუძლებელია. ოზურგეთში, სოფელ შრომის მცხოვრებ დავით ბოლქვაძის თქმით, ახალგაზრდების უმრავლესობა სეზონურ სამუშაოებზე თურქეთში გარბის და ადგილზე სერიოზული დეფიციტია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

,”ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ფულს გადაუხდი და დამხმარედ დაიქირავებ, ხალხი არ დარჩა სოფელში. თითო დღის შრომის საფასური საშუალოდ 40-50 ლარია, მაგრამ ამ ფასადაც ჭირს მუშის შოვნა, ხალხი სოფლებიდან გაიქცა. არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ადამიანი ოჯახში დააკავოს. სოფელი კი შრომისუნარიან ახალგაზრდებს კარგავს”, - ამბობს გურული გლეხი. გაცილებით მძიმე ვითარებაა მთის რეგიონებში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიგი მდივნიშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახს მუშახელი ქუთაისიდან ჩაჰყავს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“სოფელი გორისუბანი იმდენად ცარიელია, რომ ზოგჯერ ხმის გამცემიც კი შეიძლება ვერ იპოვო. მთელ სოფელში 5 ოჯახია დარჩენილი, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. სახლის შეკეთება გადავწყვიტე, ხელობა თვითონაც მეხერხება, მაგრამ საქმეს დამოუკიდებლად ვერ გავაკეთებდი, ამიტომ იძულებული გავხდი, ხალხი ქუთაისიდან ჩამომეყვანა. ხან ტყიბულელ მუშებს ვქირაობთ და საოჯახო საქმეებს ასე ვუძღვებით. დღიური შრომის საფასური 35-50 ლარის ფარგლებშია, გაწეული შრომის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში, 70 ლარიც, მაგრამ შრომა არავის უნდა. მთის კანონი შემოვიდა და ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აქ დაბრუნებული არავინ მინახავს”, - ამბობს გივი მდივნიშვილი. კახელი მეღვინეების ინფორმაციით, რეგიონში მუშახელის დეფიციტია, რის გამოც ხალხის ჩამოყვანა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან უწევთ. მათი თქმით, მოიმატა ფასმაც და 40 ლარზე იაფად მუშახელის დაქირავება უკვე შეუძლებელია. ამის მიზეზად წინანდალელი ფერმერი ოთარ ბერძენიშვილი ქარხნებში დასაქმების ზრდას მიიჩნევს და ამბობს, რომ სეზონურად მომუშავეებმა ღვინის ქარხნებში გადაინაცვლეს და ვენახებში დღიურ შრომას უკვე ვერ ახერხებენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“შარშან ვენახში მომუშავეებს 40 ლარს ვუხდიდი, წელს მეტს ვთავაზობთ და ხალხი არ არის. თანაც, პრობლემაა დეფიციტი, რაც მუდმივი სამუშაო გაჩნდა, ხალხმა ქარხნებს მიაშურა. ამდენად, ყველა, ვინც დღიურ მუშახელად ითვლებოდა და დადიოდა ვენახებში, ქარხნებშია დასაქმებული. ფაქტიურად სოფლებში იაფი მუშა გაქრა, რა ფასიც არ უნდა შესთავაზო, მომუშავეს ვერ იშოვი, ამიტომ ხალხი სხვა რეგიონებიდან ჩამოგვყავს. ამ პერიოდში ყველაზე მეტი სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოდის სამუშაოდ, სეზონზე არიან დასაქმებულები და ნორმალურ გასამრჯელოსაც იღებენ. ჩვენი ხარჯი კი მაქსიმალურად გაიზარდა, ამიტომ ყურძნის ფასმა უნდა გაამართლოს, რომ შრომა გვიღირდეს”, - უთხრა “რეზონანსს” მევენახემ. წარმოების დეფიციტთან ერთად, შრომის ანაზღაურების პრობლემაზე საუბრობს აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“მთავრობამ უნდა გაკეთოს ანალიზი, რა სამუშაოებზე საქმდებიან უცხოეთში ქართველები. ეს არის ძირითადად თხილის ან ჩაის სეზონი, რა მხრივაც თურქეთში დასაქმების დიდი შესაძლებლობაა. მუშახელი რომ ჩავანაცვლოთ, აუცილებელია მაქსიმალურად დამუშავდეს მიწები და მოთხოვნა გაჩნდეს. მეორე მხარეა, შეძლებს თუ არა ქართველი ფერმერი ადგილობრივ მუშახელს გადაუხადოს იმდენი, რამდენსაც ჩვენი თანამემამულეები თურქეთში ღებულობენ. ძალიან კარგი იქნება, თუკი ქართველებს სხვა ქვეყნებში დასაქმება მონური პირობის ხარჯზე არ მოუწევთ, მაგრამ ამის რესურსს ჯერჯერობით ვერ ვხედავ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

წაკითხვა 249 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.