"ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა სნაიპერული შაშხანით"
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში განუცხადეს, რომ მის წინააღმდეგ შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დასტურდება და შემსრულებელი ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია.
გვარამიას განმარტებით, შესაბამისი ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ სნაიპერული შაშხანით მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა ერთი თვის წინ მიიღო და აღნიშნული ინფორმაცია სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრს მიაწოდა.
,,გამოკითხვის შემდეგ გამოვედი ჟურნალისტებთან და არაფერი მითქვამს. როგორც ჩანს, ეგონათ, რომ ყველაფერს ვიტყოდი. ეს ასე არ მოხდა. ამის შემდეგ გამოდის ადამიანი და თვითონ ამბობს ყველაფერს თავიდან ბოლომდე, რაც მე არ უნდა მეთქვა. ამით არამხოლოდ კონფიდენციალურობას და ჩემგან ჩამორთმეულ პირობას არღვევს, არამედ უქმნის საფრთხეს ჩემს სიცოცხლეს. ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. მე არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, სიმართლეა ეს თუ არა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. მათ დაიწყეს გამოძიება და დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება. შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია არ იყო სერიოზული და პრაქტიკულად გამორიცხავდნენ ყველაფერს, ასეთი ტიპის კომუნიკაცია იყო ჩემს ადვოკატთან. უცებ, დღეს რეკავენ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გითხრათო. შევედი და მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. არ ვიცი თუ ეგონათ, რომ იქ ძალიან შემეშინდებოდა, ეს ასე არც ახლა არ არის. ამის შემდეგ დაამატეს, რომ ჩემს გარდა იხილებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციას მე არ უნდა მაწვდიდნენ, რადგან ჩემს საქმესთან კავშირში არ არის.
ვკითხე დასტურდებოდა თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაზეც განმიცხადეს, რომ არა, უცხოეთის მოქალაქეები არიან.
მოკლედ, გამიორმაგეს დაცვის ღონისძიება, მაგრამ გაოგნებული, ვარ რომ უფროსის მოადგილე მოყვა შეკვეთილი მკვლელობის ამბავს, რომ პირები იდენტიფიცირებულები არიან და დასტურდება. პრაქტიკულად მათ უთხრეს ჩემი დაცვა უფრო მარტივია თუ რთული, მოყვნენ ასევე რომ იგეგმებოდა ჟურნალისტის ლიკვიდაციაც, რაც არ უნდა ეთქვათ არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის" - თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა რეალური საფრთხე არსებობდეს, რის გამოც გვარამიას უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიეცა.
როგორც მგელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს.
სიახლეები
- "ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის" - გიორგი გახარია
- "აუცილებელია, მოხდეს რეჟიმის დელეგიტიმაცია - ძალიან გთხოვთ, ნუ დაიღლებით საქართველოსგან" - ნიკა გვარამია
- "ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს" - ელეონორა არჩაია
- უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა