ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია? - გერმანიის პრეზიდენტი ამ ინფორმაციას უარყოფს და “ფეიკს” უწოდებს
“გერმანიის პრეზიდენტი “ფეიკს” უწოდებს ევროპული გამოცემა “ობზერვერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლისა და მათ მიერ ჩადენილი კრიმინალური შემთხვევების გამო, ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე ემუქრება.
“ევროობზერვერი” ამ ინფორმაციას გერმანიის საემიგრაციო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს და გერმანული მხარის მიერ შედგენილ დოკუმენტს აქვეყნებს. ამ დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია, იტალია, ჩეხეთი და საფრანგეთი არსებული მდგომარეობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ევროკავშირს ბალკანეთის ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველო ათი ყველაზე პრობლემური ევროპული ქვეყნის სიაშია შეყვანილი, რომელსაც საემიგრაციო პოლიტიკაში სერიოზული დარღვევები აქვს და ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობა ყოველ წელს საგრძნობლად იზრდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია? - გერმანიის პრეზიდენტი ამ ინფორმაციას უარყოფს და “ფეიკს” უწოდებს.
“ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა 51 პროცენტით არის გაზრდილი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ევროკავშირმა მონტენეგროსთვის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის უვიზო რეჟიმი 2009 წელს დააწესა, 2010 წელს ამ სიას დაემატნენ ალბანეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინა. მოგვიანებით, 2014 წელს, ევროკავშირმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლა მოლდოვის, ხოლო 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის. სტატიას უკვე მოჰყვა განმარტებები თბილისსა და გერმანიაში. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ფეიკს“ უწოდებს „ობზერვერის“ ინფორმაციას. “დღეს, როდესაც აქ (კიშინიოვში) ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ, ყალბი ამბავია”, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მათივე ცნობით, აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა “ევროობზერვერის” მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. “ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ შეჩერების არანაირი მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება”, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვას. როგორც მანვე ზა განაცხადა, სტატიაში საუბარი არ არის საქართველოზე. ზალკალიანს სურს დაამშვიდოს ყველა და ასევე, “იმედი გაუცრუოს იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ამბავი აიტაცეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ვიცი, რომ აღტკინება არის ჩვენს ოპონენტებში ამის გამო. წარმოუდგენელია, როდესაც ოპონენტები ხარობენ, სავარაუდოდ, ქვეყნის წარუმატებლობით. მინდა, მათ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. უნდა ითქვას, რომ ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი, მოლდოვასა და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი. არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით, 75 პროცენტით არის შემცირებული. ეს არის ტყუილი. არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი არის კარგად. ბოლო სავიზო ლიბერალიზაციის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, არის უაღრესად პოზიტიური, სადაც დადებითი შეფასება აქვს ვიზალიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება... ჩვენი ევროკავშირის ინტეგრაცია, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო ლიბერალიზაცია - ეს არის შეუქცევადი პროცესი და ჩვენ არ გადავუხვევთ არც ერთი ჩვენი ნაკისრი ვალდებულებისგან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი არ არსებობს”, - დასძენს გამოცემა.
“არანაირი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს, არ არსებობს. ეს განხილვები, როგორც იცით, ყოველდღიურად მიმდინარეობს ხოლმე, ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესი და ის, თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა უვიზო მიმოსვლის სარგებლობისთვის ნაკისრ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში საქართველოს საქმე აქვს ძალიან კარგად, პოლიტიკური მოცემულობა ამ ქვეყანაში არის ჩვეულებრივი”, - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ. “თუ საქართველოში ჩატარდა ისეთი არჩევნები, როგორსაც ოპოზიცია ლამობს, რომ ჩაატაროს - იყოს მუდმივი დაძაბულობა, დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის თემა განიხილება”, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების თვალში საქართველოს იმიჯი შელახოს”, - წერს სტატიის ავტორი.
„ხშირად არ ვფიქრდებით იმაზე, რომ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე განიხილება არა მხოლოდ კონკრეტულ პარტიებს შორის მტყუან-მართლის გარჩევის ასპექტით, არამედ საერთოდ, საქართველოში არსებული ვითარებით. არჩევნები რომც არ იყოს, დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება არის სტრატეგიული გეგმა, რომელიც ოპოზიციის დღის წესრიგიდან არ იხსნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვისაუბრებდით მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც ეხება ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, განათლებას, ჯანდაცვას და ა.შ. თუმცა, საქართველოს დამცირება ევროკავშირის თვალში არის ის ამოცანა, რომელსაც ემსახურება ოპოზიცია”, - განაცხადა ვოლსკიმ. “ნაცმოძრაობის” დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის წამოჭრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას უკავშირდება. ხელისუფლებამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ზურგი აქცია ევროკავშირს, მათ შორის, ბოკუჩავა “შარლ მიშელის დოკუმენტის” ანულირებასა და მართლმსაჯულების რეფორმაზე ამახვილებს ყურადღებას”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“2019 წელს ეს მეტწილად დაკავშირებული იყო კრიმინოგენურ ვითარებასთან და აქედან გამომდინარეობდა რეზერვაციები, რომელიც ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს ჰქონდა უვიზო რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ახლა თუ ეს საკითხი განიხილება და ვადასტურებ, რომ, სამწუხაროდ, განიხილება და განიხილება პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე. ეს მოცემულობა კი მდგომარეობს იმაში, რომ “ქართული ოცნება” გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, არ ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვს მართლმსაჯულების რეფორმასთან მიმართებით, უარს აცხადებს ევროკავშირის დახმარებაზე და ზურგს აქცევს ევროკავშირს”, - განაცხადა ბოკუჩავამ, რომლის აზრით, “სამწუხაროდ, ევროკავშირს შეუძლია, განიხილოს ისეთი მძიმე ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის მთავარი სიკეთის შეფერხება, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე