„ერთ მშვენიერ დღეს ადამიანს საკვებზე პრობლემა შეექმნება“ - რა საფრთხეებზე საუბრობენ ეკოლოგები
კლიმატის ცვლილება XXI საუკუნეში, მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ცდილობენ რომ აღნიშნულ პრობლემას გაუმკლავდნენ. თუმცა, ამ პროცესში მხოლოდ მსოფლიო ლიდერების ჩართულობა არ კმარა. დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილების პროცესი კი უფრო და უფრო მწვავდება.
მსოფლიოში გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა კატასტროფების შედეგად, რომლებიც საშიშ კლიმატურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ მოვლენებთან არის დაკავშირებული.
ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, გაერო-ს სპეციალიზებული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.
ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ამინდთან დაკავშირებული კატასტროფების რიცხვი ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში გაიზარდა. მათი თქმით, კლიმატის ცვლილება იწვევს ამინდის ექსტრემალური მოვლენების რაოდენობის ზრდას. 1970 წლიდან 2019 წლამდე მსოფლიოში მოხდა 11 000-ზე მეტი კატასტროფა, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ მოვლენებთან.
დაღუპულთა 91%-ზე მეტია განვითარებად ქვეყნებში. გვალვებმა 650 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 577 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქარიშხლების შედეგად, 58 ათასზე მეტი - წყალდიდობის შედეგად, 55 ათასზე მეტი - ექსტრემალური ტემპერატურის გამო.
კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, რომელმაც ნათლად დაგვანახა, რომ ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, ადამიანი კვლავაც ვერ ახერხებს სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბუნების გამოწვევებსა და ახალ დაავადებებზე.
რა გავლენა იქონია კოვიდ პანდემიამ კლიმატის ცვლილებაზე? ამ და სხვა საკითხებზე FirstNews.ge-ს "თაობათა დიალოგის" დამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე ესაუბრა:
- პანდემიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად მეცნიერები კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებს ასახელებენ . ცნობილია, რომ თუ კაცობრიობამ ყურად არ იღო მეცნიერთა გაფრთხილება კლიმატის ცვლილებებთან აუცილებელი და სასწრაფო ბრძოლის თაობაზე 21 საუკუნეში პანდემიათა ხშირი გამეორება მოხდება. ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ანტარქტიდის დაჩქარებული ლღობა, რადგან (როგორც მეცნიერები ამბობენ) შესაძლებელია, ახალ, ადამიანისთვის უცნობ ვირუსებს გაუხსნას გზა და უფრო რთული პანდემიების საფუძველი გახდეს.
- რა როლს თამაშობს გლობალური დათბობა კლიმატის ცვლილებებზე და როგორ უმკლავდება მსოფლიო ამ გამოწვევას?
- კლიმატის ცვლილებების შედეგი იქნება გლობალური დათბობა, რომელიც სრულად შეცვლის გარემოს. იქნება კი ადამიანი მზად ამ ახალი გარემოსთვის? მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ტემპერატურის ცვლილება მოახდენს ჯაჭვურ ცვლილებებს ჩვენთვის ნაცნობ ეკოსისტემაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი მეტად ეკომეგობრული გახდეს, შეამციროს მისი წვლილი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურის მაჩვენებელი 2 გრადუსამდე.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და როგორ უნდა ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას? ამ საკითხზე FirstNews.ge- ს აკ. წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკოლოგი ელენე გამყრელიძე ესაუბრა.
"კლიმატის ცვლილება მთელს მსოფლიოში შეინიშნება, ამას ვერც საქართველო აუვლიდა გვერდს. მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამჟამად XXI საუკუნის დასაწყისია და ტრანსპორტის რაოდენობამ მოიმატა, როგორც მთელს მსოფლიოში და მათ შორის იმერეთში, ჩვენს ქალაქ ქუთაისში. ეს ძალიან შესამჩნევი პრობლემა გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ მანქანების გამონაბოლქვი უარყოფითად მოქმედებს ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ჩვენს ჯანმრთელობაზე. ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი სათბურის აირებია. მისი შემადგენელი ნაწილებია ნახშირორჟანგი, აზოტის ოქსიდები და ტყვია. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად საქართველოში ევროპიდან და აშშ-დან მოძველებული მანქანები შემოდის, რაც ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს გარემოზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი იყოს მინიმალური. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი მუდმივად განახლებული იყოს. მანქანების ძირითადი ნაწილი სხვადასხვა საწვავზე არ უნდა მუშაობდეს, არამედ იყოს ჰიბრიდი ან ელექტრომობილი, რომლებიც შეარბილებენ სათბურის აირების უარყოფით გავლენას ატმოსფერულ ჰაერზე,"- აცხადებს ეკოლოგი.
მისივე თქმით, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე სუფთა ტრანსპორტი ველოსიპედია და იმედია, ველობილიკები კიდევ დაემატება ქალაქს და ადამიანები იცხოვრებენ ცხოვრების ჯანსაღი წესით.
"სხვადასხვა სპეციალისტების გამოთვლებითა და დაკვირვებებით დადგენილა, რომ კლიმატის გლობალური ცვლილებები და მათ შორის ტემპერატურის მატება კაცობრიობას უქადის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანს პრობლემა შეექმნება საკვებზე. ამის მიზეზი კი გვალვები და კოკისპირული წვიმებია. ყველაფერი ეს, საბოლოოდ, საკვები პროდუქტების შემცირებას იწვევს დედამიწაზე. თუნდაც, ავიღოთ გაუდაბნოებული ადგილები დედამიწაზე, მათ შორის საქართველოში. ამას კიდევ სხვა დიდი პრობლემებიც ემატება.
ასევე, ადამიანები უკვე გადამეტებულად იყენებენ სასუქებსა და შხამ-ქიმიკატებს. ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვში არის ტყვია. განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც განთავსებულია გზატკეცილები, საკვები იჟღინთება ტყვიით, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მსოფლიოში პოპულარული გახდა გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოყენება. კლიმატის გლობალური ცვლილებები დაკავშირებული არის ისეთი პროდუქციის გამოყენებასთან, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს,"- განმარტავს ელენე გამყრელიძე ჩვენთან საუბარში.
კლიმატის შეცვლის შედეგად იცვლება ბუნება, ეკოსისტემები, რომელთაგან მრავალი ვერ ასწრებს ადაპტაციას და გადაგვარდება; იზრდება ადამიანთა დაავადების რისკი, მათ შორის, ეპიდემიების გავრცელებისაც.
პრობლემის მოსაგვარებლად კი აუცილებელია დროული ქმედებები, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ზიანს და ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.
ავტორი: ივლიტა გოგუა
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის