პირველი არხი “ქართული ოცნების”, ზეგავლენის ქვეშ მოექცა

მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვას ეხმაურება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო შემთხვევის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა შეფასება, რომ მაუწყებელი მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, ზეგავლენის ქვეშ არის, "ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია". კოალიციის შეფასებით, მაუწყებელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოუმზადებელი ხვდება.

 

კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს:

 

  • უზრუნველყონ მაუწყებლის პლურალისტური და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა, მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, რეალური ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მისი მონაწილეობა დიალოგში;
  • ასევე, მოაწოდებს მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყოს პლურალისტური გარემოს შექმნას ქვეყანაში.

კოალიციის განცხადებითვე, პროგრამების დახურვას წინ უძღოდა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მცდელობა, შეეცვალა დაფინანსების მოდელი, რომელიც მიზნად ისახავდა ტელევიზიის მთავრობაზე დამოკიდებულების გაზრდას.

 

"მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო სისრულეში მოყვანილი და საბოლოოდ სხვა მოდელზე მოხდა შეთანხმება. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არ იყო საჯარო დისკუსიის და ფართო კონსენსუსის საგანი.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულებამ და ქმედებებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნეს მაუწყებელში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციისთვის. ტელევიზია არ ფუნქციონირებს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედია, არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც ვუახლოვდებით კრიტიკულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს", - წერია განცხადებაში.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.

„არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ", - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით გორგილაძემ.

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ გარდა, პირველ არხზე ასევე იხურება:

  •  არხი „ტელესკოლა“;
  • „დღის კოდი“;
  • „ფერმა“;
  • „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“;
  • „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“;
  • „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“;
  • „კაცები“.

ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება ასევე მიმდინარეობს გარეწარმოების ყველა (6 კომპანია) კომპანიასთან.

წაკითხვა 191 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 20 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.