November 23, 2024

“ოპოზიციის დილემა: ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს?!”- ირაკლი მელაშვილი

“გავიხსენოთ, ივანიშვილი მეორედ რომ წავიდა, თქვა, ღმერთმა დამიფაროს, დაბრუნებამ მომიწიოსო. ლოგიკას რომ გავყვეთ, თავისი ხალხის მუშაობით კმაყოფილი რომ იყოს, არ დაბრუნდებოდა, ხომ? მე ვიცნობ მას და ვიცი, ძალიან არ უყვარს პოლიტიკაში და საერთოდ, საჯარო სივრცეში ყოფნა. ეტყობა, რაღაც დიდი საფრთხე დაინახა. რამდენად არის ეს მხოლოდ ის მიზეზები, რაც ყრილობაზე დაასახელა, ძნელი დასაჯერებელია. თუმცა ძალიან სერიოზულ მიზეზებზე ისაუბრა - ფაქტობრივად დაუფარავად ისაუბრა კორუფციის შესახებ, თქვა, რომ პარტიაში თავში აუვარდათ და შესაძლოა ერთმანეთს დასცხონ მაშინ, როცა ოპოზიცია სუსტია და ა.შ. მაგრამ არა მგონია, მხოლოდ ეს იყოს დაბრუნების მიზეზი”, - ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციის იწილო-ბიწილომ საზოგადოება დაღალა...”

 

“ყოველ შემთხვევაში, როდესაც მან ასეთი უცნაური ფორმით გადაწყვიტა პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა, რომელიც მსოფლიოში ყველგან ნომინალური ფიგურაა, მაგრამ დაიტოვა პრემიერ-მინისტრის დასახელების უფლება, რაც რეალურად უპრეცედენტოა, მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ შეეშინდა, არჩევნების შემდეგ რომელიმე გუნდი ისე არ მოძლიერდეს, რომ მისი ნებართვის გარეშე დაასახელოს პრემიერი. ამიტომაც ახლავე ქმედითი მექანიზმი შეიტანა თავის პარტიაში... მეორე საკითხია, რამდენად უშველის ეს ამ ყველაფერს, თუკი პარლამენტში ის ხალხი შევა, რომელიც მისი ერთგული არ დარჩება... ინფორმაცია ძალიან მწირია, მაგრამ ივანიშვილის იმ გამოსვლის შემდეგ თითქოს იგულისხმება, რომ იქნება საკადრო გადაადგილებები, თუმცა ისიც შესაძლებელია არც არაფერი მოჰყვეს და ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო - ანუ მან დაინახა მმართველობის საფრთხე და გადაწყვიტა, არა დისტანციურად ემართა, არამედ თავად დაენიშნა “მძღოლი” და თავადვე ეკონტროლებინა. პარტიაშიც გაიმყარა თავისი როლი, მიუხედავად იმისა, ისედაც ვიცოდით, რომ ეს პარტია მისია... მე დამრჩა შთაბეჭდილება, მან იგრძნო საფრთხე, რომ ვიღაცები აპირებდნენ პარტიის მის გარეშე მართვას და ამიტომაც დაბრუნდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

 

“ვინ შეიძლება იყოს ასეთი ფიგურა და ვის შეიძლება გაუჩნდეს ასეთი ამბიცია? არ ვიცი, შესაძლოა ამ თამაშში კულუარული მოთამაშეები არიან ჩართული, მაგალითად, ძალოვანები. ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლიტიკაში ყველაზე საშიშია ის ხალხი, ვისაც დაუმსახურებლად დააწინაურებ, აიყვან მაღალ სოციალურ კიბეზე და მერე ყველაფერზე წამსვლელები ხდებიან ადგილის შესანარჩუნებლად. მეტიც, შესაძლოა იმასაც კი აუმხედრდნენ, ვისგანაც დავალებული არიან. ეს არაერთხელ მომხდარა მსოფლიო ისტორიაში. ამიტომ დაუმსახურებელი ხალხის პოლიტიკაში წინ წაწევა სახიფათოა. ივანიშვილის ნაბიჯები მიუთითებს, რომ მან რაღაცები ჩაკეტა, რაღაც გარანტიები იურიდიული კუთხითაც აიღო. იძულებული შეიქნა არა გარედან, დისტანციურად, არამედ ოფიციალურად შიგნიდან მართოს”, - განაგრძობს რესპონდენტი..

 

“მისი გამოსვლისას `ოცნების~ ლიდერებს მაინცდამაინც ბედნიერი სახეები არ ჰქონიათ, კომენტარებში კი იმდენი ილაპარაკეს მისი დაბრუნებით გამოწვეულ ბედნიერებაზე, რომ მთლად მისაღები არ იყო მათთვის ბიძინას გადაწყვეტილება და ცოტა შოკშიც კი იყვნენ. ბევრი აბსურდული ვარაუდიც მოვისმინე. მაგალითად, ივანიშვილს პუტინმა უბრძანა, მიდი და ახლა შენ გააჩერე ევროინტეგრაციის პროცესიო. ივანიშვილს დიდი ფული იმისთვის არ უშოვია, რომ დაკარგოს. მისი და მისი ოჯახის ბიზნესები მსოფლიო დიდი კაპიტალის გლობალური ქსელის ნაწილია, ეს ქსელი კი ამერიკის და ევროპის გარეშე არ არსებობს, მათზეა დამოკიდებული და არა პუტინსა და თუნდაც ჩინეთზე. ამიტომ დასავლეთთან დაპირისპირება მისთვის ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს და მაგალითებიც აქვს, თუ როგორ ხდებოდა რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაცია და ამაზე რატომ წავა? რასაც ამ კაცს ვერ წაართმევ, არის ცივი აზროვნება და რაღაცების დათვლა. ამიტომ გამოვრიცხავ, გადადგას ისეთი აფექტური ნაბიჯები, რაც მას და აქედან გამომდინარე, ქვეყანას შეუქმნის საფრთხეს”, - დაასკვნის ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ხაზარაძემ დღეები დაუთვალა ივანიშვილს, 289 დღეში რუსეთში იქნებაო...” - პასუხობს:

 

“ასეთი განცხადებებით წინ ვერ წავლენ. 2016 წლიდან მესმის, აი, ახლა დავამარცხებთ “ოცნებას”, დავანგრევთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო და ყველა არჩევნების შემდეგ უარესი შედეგი აქვთ. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ ხვდებიან, იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონს, მათ არ დაუჭერს მხარს. ხელისუფლებას ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ უკმაყოფილების, როგორც ხაზარაძეს უყვარს თქმა, კაპიტალიზაციას. ასეთი განცხადებებით კი, აი, 289 თუ 285 დღეში ივანიშვილს მოსკოვში ვიხილავთო, თუ ვინმეს ჰგონია, რამე ემატება, განაგრძოს ასე და ვნახავთ, რასაც დაიჭერს”...

 

“გახარია ყველაზე ადეკვატურია, რადგან თანაბრად დაშორებული პოზიცია დაიჭირა “ოცნებისგანაც” და “ნაცმოძრაობისგანაც”. არ აჰყვა “ნაცების” რიტორიკას და ოპოზიციური საზოგადოების დიდ ნაწილზე მუშაობს, რომელიც სადღაც 30%-ია. ჩემი აზრით, მან შეძლო “ოცნების” მომხრეების იმედგაცრუებული ნაწილის თავისკენ წაყვანა - ანუ ამ ეტაპამდე სწორად გაიარა. ახლა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირდაპირ მის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადავიდნენ, რადგან მათთვის საფრთხე ზუსტად ის ზომიერი ნაწილია, რომელიც ამოვარდნილი იყო ამ პოლიტიკური დისკურსიდან, რადგან ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ისე იქცეოდა, როგორც “ნაცმოძრაობ” - ასეთი ნაწილი 30-35%-ია. დაახლოებით ამდენივეა “ოცნების” მხარდამჭერი და 1/3 რჩებოდა ზომიერი პოლიტიკის მომხრე. სწორედ ეს მესამედი იყო ამოვარდნილი ამ პოლარიზებული სისტემიდან. გახარია ახლა იმას აკეთებს, რაც თავის დროზე “ლელოს” უნდა გაეკეთებინა - ზომიერი ელექტორატის სეგმენტზე ემუშავა და ეცადა, “ოცნების” უკმაყოფილო ამომრჩეველი წაეყვანა. თუმცა “ლელო” სწორედ “ნაცმოძრაობის” ამომრჩევლის ველზე მუშაობდა და მუშაობს, ხმებს “ოცნებას” კი არ ართმევს. გახარიაში ივანიშვილმა სწორედ ის საფრთხე დაინახა, რომ შესაძლოა “ოცნებაზე” იმედგაცრუებული ელექტორატი წავიდეს გახარიასკენ. ამიტომაც გასაგებია “ოცნების” მოტივი, როდესაც გახარიას ურტყამს”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.

 

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  რომელიც ივანიშვილმა გახარიასთან ერთად ახსენა, ძალიან გაჭიანურდა პრეზიდენტის არჩევნებში ჩართვა-არჩართვის პროცესი და, თუ რაღაცას ძალიან სწრაფად არ დაადგა თავი, დასაწყისშივე ჩაფუშული აღმოჩნდება. ხან ქალების გაერთიანებაზეა ლაპარაკი, ხან “ლელოსთან” კოალიციაზე ჭორები და ა.შ. და ამ დროს არაფერი ხდება, ეს მოლოდინი და იწილო-ბიწილო საზოგადოებას ღლის. ჩემი აზრით, ამის გამოც დიდია შანსი, რომ ხალხი აქედანაც გახარიასკენ გადაიხაროს, რადგან ის გასაგები მაინც არის, რას აკეთებს. აქ კი სრული გაუგებრობაა. ამასთან, არჩევნებამდე სულ რაღაც შვიდი-რვა თვეა დარჩენილი. ერთია, ლიდერებმა მოილაპარაკონ და ერთმანეთში დაალაგონ ყველაფერი და მეორე, თუ ქვემოთ არ დაალაგე სიტუაცია და შენი საარჩევნო მანქანა არ შექმენი, რასაც თვეები მაინც სჭირდება, არაფერი გამოვა”, - დასძენს ანალიტიკოსი.

წაკითხვა 211 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 08 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.