სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრა
სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრა, რამაც შესაძლოა, პაკეტების ფასის ზრდა გამოიწვიოს. სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური მოთხოვნები ძალაში 2024 წლის 15 იანვრიდან შევიდა.
როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, დადგენილი მოთხოვნების ამოქმედების შედეგად, გაიზრდება სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტიდან გამომდინარე მომხმარებლის დაცულობა და მომხმარებლის ინფორმირებულობის ხარისხი.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს უფროსის, მარიამ კოშორიძის თქმით, განისაზღვრა ისეთი ტიპის მინიმალური სტანდარტი როგორიცაა გადაუდებელი ამბულატორიის შემთხვევაში მინიმალური 5 000 ევროს/დოლარის დაფარვა, სტაციონალური მომსახურების დროს კი 30 000 ევროს/დოლარის დაფარვა.
„კიდევ ერთი ცვლილება უკავშირდება იმას, რომ მოგზაურობის დროს ადამიანის ჰოსპიტალში მოთავსების შემთხვევაში ძირითადად, სადაზღვევო კომპანია ხარჯების ანაზღაურებას სადაზღვევო პერიოდის დასრულებისთანავე წყვეტდა, ცვლილების შედეგად კი, თუ მოგზაური საზღვარგარეთ ჰოსპიტალში მოხვდება, თუმცა მისი ჰოსპიტალიზება საჭიროა კიდევ დამატებითი დღეების განმავლობაში და პოლისს ამოეწურება ვადა, არანაკლებ დამატებითი 15 დღის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია დაფარავს შესაბამის ხარჯებს“, - აცხადებს მარიამ კოშორიძე.
მისივე თქმით, მოლოდინი არსებობს, რომ სადაზღვევო კომპანიებმა სამოგზაურო სადაზღვევო პაკეტების ფასები გაზარდონ, თუმცა ცვლილება დრამატული არ იქნება.
„სამსახური არ არეგულირებს ფასების წარმოქმნას, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისა, რომ ფასები გაიზარდოს გვაქვს, თუმცა მოლოდინი არ არსებობს ბაზარზე არსებული კონსულტაციების შედეგად, რომ ეს ცვლილება იქნება ხელშესახები და მნიშვნელოვანი. ზოგიერთი კომპანიის ფარგლებში შესაძლოა, ტარიფები არ შეიცვალოს, ვინაიდან საკმაოდ მრავალფეროვანი იყო შეთავაზება და ზოგიერთი კომპანიის პირობები ისედაც აკმაყოფილებდა ასეთი ტიპის პირობებს და შესაბამისად, მათთან მიმართებაში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ შევა, ამიტომ ტარიფზე ნაკლებად იქონიებს გავლენას. ისეთი კომპანიები, რომლებსაც მოუწევთ დაფარვების და ლიმიტების გაზრდა, სავარაუდოდ, კორექტირება მოხდება, თუმცა კონკურენციის გათვალისწინებით არ გვაქვს მოლოდინი, რომ ფასთა ცვლილება იქნება რაიმე დრამატული“, - აცხადებს კოშორიძე.
სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები ვრცლად:
სამოგზაურო დაზღვევის პირობების მინიმალური მოთხოვნების მიხედვით:
თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ტოლია ან აღემატება 30,000 (ოცდაათი ათასი) ევროს/აშშ დოლარს:
ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ევროსი/აშშ დოლარისა (ძირითადად ლიმიტი იყო 1000 – 2000 ევრო/დოლარი)
ბ) გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 30,000 (ოცდაათი ათასი) ევროსი/აშშ დოლარის (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი, 150-1000 მდე; უმეტესად 400 ევრო/აშშ დოლარი);
თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ნაკლებია 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო/აშშ დოლარზე:
ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ ჯამური ლიმიტის 10%-სა, მაგრამ, არანაკლებ 1 000 (ერთი ათასი) ევროსი/დოლარის (ძირითადად ლიმიტი იყო 1000 ის ფარგლებში);
ბ) გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება უნდა იყოს ჯამური ლიმიტის (სადაზღვევო თანხა) ტოლი (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი: 150 და 400);
სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც დადგა და გრძელდება სადაზღვევო პერიოდის დასრულების შემდეგ:
ა) თუ მომსახურების გამწევის მიერ, სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება ერთიანი ტარიფით, უნდა ექვემდებარებოდეს ანაზღაურებას სრულად, შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში;
ბ) თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება დღიურად, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს, სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან არანაკლებ 15 (თხუთმეტი) დღის ხარჯი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი