November 23, 2024

"სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა საყურადღებო რჩება ფსიქოემოციური, ნევროლოგიური სტატუსი" - ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის წევრებთან შეხვედრა პროდუქტიული და შედეგიანი იყო.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ფსიქოემოციური და ნევროლოგიური სტატუსი კვლავ საყურადღებოა.

„მოგეხსენებათ, გუშინ პაციენტი მოინახულეს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა კონსილიუმის წევრმა ექიმებმა და გასინჯეს. მათ ნახეს კვლევის შედეგებიც. კონსილიუმის ექიმებთან ერთად, ვისაუბრეთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შეხვედრა იყო პროდუქტიული, შედეგიანი, კოლეგიალური. რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც ნორმის ფარგლებშია, თუმცა ამ ეტაპზე ფსიქოემოციური და ნევროლოგიური სტატუსი საყურადღებო რჩება. ასევე საყურადღებოა გარკვეული კვლევის შედეგები, რის გამოც გრძელდება მეთვალყურეობა და მკურნალობა ხდება სტაციონარის პირობებში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კითხვაზე, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, არის თუ არა შესაძლებელი სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა:

„ამ ეტაპზე მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში ყოფნა. ეს არის კონსილიუმის წევრების გადაწყვეტილებაც და ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში ვეთანხმებით. პაციენტი უფრო მეტად ითვალისწინებს ნუტრიციოლოგის რეკომენდაციას, გააუმჯობესა კვება, საკვების კალორაჟის რაოდენობამ იმატა, თუმცა ეს მაინც არ არის ნორმის ფარგლებში და არ არის რეკომენდებული კალორაჟი, რაც 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს. იმედს ვიტოვებთ, რომ გააუმჯობესებს კვებას. ამ ეტაპზე წონის მატება აღინიშნება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, გუშინ კლინიკა „ვივამედში“ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ და მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მათი განცხადებით, სააკაშვილმა წონაში მოიმატა, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა კი თითქმის არ შეცვლილა.

წაკითხვა 210 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.