"დედობა ურთულესი გზაა, რომელიც დიდ მოთმინებასა და უპირობო სიყვარულს აერთიანებს" - მზია თადუმაძე
3 მარტი დედის დღეა — ამ დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. საქართველოში „დედის დღე“ საოჯახო დღესასწაულია. დედის კულტი ქვეყანაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
დღესასწაულის მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქალის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი.
ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ — 3 და 8 მარტი. ოფიციალურად ორივე უქმე დღედ არის გამოცხადებული. დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.
საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge ტრადიციულად, გთავაზობთ ინტერვიუს დედის დღესთან დაკავშირებით, მზია თადუმაძესთან, რომელიც ჟურნალისტიკის დოქტორი, "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელია. ასევე, ვფიქრობთ, რომ ის გამორჩეული დედაა.
- ვინ არის მზია თადუმაძე?
- რთული კითხვაა. ერთი შეხედვით - ჩვეულებრივი ქალი, დედა ,მეუღლე, მეგობარი, განათლების სფეროში რეალიზებული. თუ უფრო დეტალური პასუხი გვაინტერესებს - უფრო რომანტიკული, უფრო პრინციპული, უფრო მებრძოლი და დასაყრდენი ადამიანი...
- რა გაძლევთ ძალას და ცხოვრების სტიმულს?
- ენერგია ჩემი ბუნებრივი მოცემულობაა. რაც თავი მახსოვს სულ მოძრაობაში ვარ და ვცდილობ ეს მოცემულობა ჩემს ყოველდღიურობაში ეფექტურად გამოვიყენო. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა. რა მაძლევს ძალას? ცხოვრებისეული მისია, ჩემი საქმე, მოვალეობები, ურთიერთობები, ოჯახი , მეგობრები, ოცნება, მიზანი, გულწრფელი ღიმილი, უბრალოდ, გულთბილი მისალმებაც კი.
- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
- საკუთარი თავის რწმენა, პოზიტიური ფიქრები და კონცენტრირება იმ საქმეზე, რომელიც სასარგებლოდ მიმაჩნია. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. წარმატების მიღწევა შეუძლებელია დაუღალავი შრომის, თვითდისციპლინის, დაბრკოლების, რისკისა და სიძნელის გარეშე. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, რადგან ყოველი მარცხი გამოცდილებაა, შანსია უკეთ გაკეთებული საქმეების, უკეთესი ხვალინდელი დღის.
- რა იგრძენით, როცა დედა გახდით?
- ეს არის გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მშობლიური ენა გვაძლევს აზრის გამოხატვის დიდ შესაძლებლობას. როცა დედა ხდები იცვლება საკუთარი თავის აღქმა. გრძნობ, რომ შენ მხოლოდ გარეგნულად ხარ ერთი ადამიანი, რეალურად კი ხარ-ორი. თუ ორი შვილი გყავს, მაშინ - სამი და ა.შ. ეს განცდა მომყვება დღემდე, რაც მარტივი სატარებელი არ არის. ძალიან რთულია იცხოვრო ორი ადამიანის ცხოვრებით, გაიარო ორი ადამიანის გასავლელი გზა, დამარცხებები და გამარჯვებები. საკუთარ სამყაროში დაატიო ორის ფიქრი, მისწრაფება, ემოცია, სიყვარულის უნარი. დედობა ურთულესი გზაა, რომელიც დიდ მოთმინებასა და უპირობო სიყვარულს აერთიანებს. თუ სიყვარულის გაზომვა შესაძლებელია, მაშინ დედაშვილობა ყველაზე დიდი სიყვარულია ამ ქვეყანაზე.
- დღეს დედის დღეა, როგორ აღნიშნავთ ამ დღეს?
- ძალიან მარტივად. ჩემთვის სრულიად საკმარისია შვილის სითბოთი სავსე თვალების დანახვა, დანარჩენი - მეორეხარისხოვანია. მე არ ვიცი სხვა დედების განცდები, მაგრამ მგონია, რომ დედის დღე ყველაზე ემოციური დღესასწაულია, რომელზეც სამყაროს ერთნაირი, პოზიტიური რეაქცია აქვს.
- რა მიზნები გაქვთ მომავალში?
- ჩვენი მიზნები ჩვენივე ცხოვრების საზრისიდან გამომდინარეობს. საკმარისი გზა გავიარე იმისთვის, რომ მეპოვა ჩემი ცხოვრებისეული ნიშა. როცა იცი , რომ შენი, როგორც ერთი ადამიანის მისია არ არის მხოლოდ პიროვნული და ემსახურება საყოველთაო სიკეთეს, მიზნებიც უფრო რეალისტური და კონკრეტულია. დრო სწრაფად მიქრის, პირველ რიგში, მინდა დროის მენეჯმენტი დავალაგო, მსურს ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთო პროფესიაში და გამოვყო დრო დასვენებისთვის, რაც ძალიან მჭირდება.
ავტორი: ანანო ხუჯაძე
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი