" მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები - არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა " - ივანე ჩხაიძე
ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები - არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია და ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა საქართველო პანდემიამდე პერიოდს, სადაც ვაქცინებით მოცვის მაღალი მაჩვენებელი გვქონდა.
„ამ არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წლის განმავლობაში გვქონდა. გაცილებით უფრო მეტია… შემთხვევების მატება სახეზე გვაქვს და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია რომც არ გაგრძელდეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყივანახველის შემთხვევები ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.
სამწუხაროდ, ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია. ძალიან ბევრმა ადამიანმა გადახედა პანდემიის შემდეგ ვაქცინებისადმი დამოკიდებულებას. 2022 წელს მძიმე ვითარება იყო. ეს ეხებოდა არა მხოლოდ ყივანახველის, ასევე წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინებსაც. 2023 წელს შედარებით გამოსწორდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა საქართველო პანდემიამდე პერიოდს, სადაც ვაქცინებით მოცვის მაღალი მაჩვენებელი გვქონდა.
გამოტოვებულმა ვაქცინებმა განაპირობა ყივანახველის შემთხვევების მატება ბავშვებში. ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუ არ მივაწვდენთ ყველას ხმას, რომ არ არსებობს არცერთი ინფექციის მიმართ ისეთი ეფექტური მედიკამენტი, რასაც ვაქცინებით ვიცილებთ თავიდან.
თუ ვინმე გამოტოვა წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა 1 წლის ასაკში, შეუძლია გაიკეთოს. არ უნდა ჩათვალოთ, რომ თუ ვაქცინა არ გაკეთე თავის დროზე, ახლა დაგვიანებულია და აზრი არ აქვს. ძალიან ხშირად გვიწევს ყივანახველის შემთხვევების დიაგნოსტირება, როგორც ამბულატორიულ პრაქტიკაში, ისე სტაციონარული პაციენტების მიღებისას. ყივანახველის შემთხვევების მატება მხოლოდ ლაბორატორიულად არ ხდება, ასევე კლინიკურადაც. ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები“,-აღნიშნა ჩხაიძემ.
სიახლეები
- “2025 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა” - „საქსტატი“
- საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა
- გერმანიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- “ევროპა რუსეთის შესაკავებლად საკმარისად ძლიერი არ არის” - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
- ძაძიკი