როგორ უნდა ვებრძოლოთ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემას
ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა, სამწუხაროდ, მსოფლიოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევად რჩება. მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი მთელი ცხოვრება იტანჯება სახლში ან სამსახურში მის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.
დღესდღეობით, გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისათვის დახარჯული უზარმაზარი რესურსისა და დროის მიუხედავად, დისკრიმინაციული ხასიათის მქონე დამკვიდრებული სოციალური ნორმებისა და ტრადიციების გამო, ქალები და გოგონები კვლავაც განიცდიან ძალადობას სხვადასხვა ფორმით: ოჯახური ძალადობიდან სექსუალურ შევიწროებამდე, ადამიანებით ვაჭრობიდან ადრეულ ქორწინებამდე და ქალების მკვლელობამდე.
კონკრეტულად ტერმინი გენდერული ძალადობა არის ზიანის მომტანი ქმედება, რომელიც ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ მათი სქესის ნიშნით ხორციელდება. ის სათავეს გენდერული უთანასწორობიდან, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სახიფათო ნორმებიდან იღებს.
აღნიშნული პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია. რას აკეთებს სახელმწიფო გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებისთვის და დაზარალებულებისთვის? რა სერვისები და პროექტები აქვს? რა ხერხებით უნდა ებრძოლოს სახელმწიფო გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტებს?
ამ და სხვა საკითხებზე FirstNews.ge სხვადასხვა დარგის წარმომადგენელს ესაუბრა და შეეცადა პრობლემის მოგვარების გზები ეჩვენებინა მკითხველისთვის.
სატელევიზიო პროექტ “ჯეობარის” გამარჯვებული, პროფესიით დიპლომატი და იურისტი დეა ადამია, საკუთარი პირადი ცხოვრების გამო ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი. ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ბულინგი ეს რაღაც ახალი ტერმინია, რომლითაც ფარავენ სიტყვა “შურიანს”. მისი თქმით, თვითონ ქალებიც კი არ უდგანან გვერდში ერთმანეთს, მითუმეტეს თუ ერთი ქალი მეორეზე მეტად წარმატებულია, ბედნიერი და მამაცია….
“შური ძვლებს აშრობს… მებრალება შურიანი ადამიანი, რომელიც სხვის ბედნიერებას, სიმამაცეს, წარმატებას თავის თავის უბედურებად აღიქვამს… იმის ნაცვლად რომ თავად მიბაძოს და გახდეს მამაცი, წარმატებული, ბედნიერი, იბოღმება და მის ქვეცნობიერს ეუბნება მას რატომ აქვს ან ჰყავს და მე რატომ არა… იმიტომ რომ არ უცდია! სცადოს! იქნებ გამოსდის! თითოეული ადამიანი უნდა უფრთხილდებოდეს უფლისმიერ მიბარებულ სულს, რომელიც თავის სხეულშია…
შურიანებს ასე ვეტყოდი: მოუხმონ გონებას, რომ არ ჩამოხმნენ, რომ არ დაემსგავსონ უსარგებლო ხეს, რომელიც არავის არაფერში არგია და ბუნებასაც ამახინჯებს! ასეთებს კვეთენ ისევ თავისნაირები… სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია… მოშურნეები დაბადებიდან მყავდა და ახლაც მყავს. დაე იყვნენ! მე მათი შურის ენერგიით ვიკვებები, ვძლიერდები და მეტად წარმატებული, ბედნიერი, მამაცი ვხდები! მადლობა მათ ამისთვის! ჩემს პატარა “სტიმულატორებს”
ჩემი ყოველთვის შურდათ და ახლაც შურთ, მაგრამ ეს პრობლემა ჩემთვის როდია… პირიქით ამით კარგად ვირთობ თავს.
ხშირ შემთხვევაში ქალი ქალის მტერია… რომელ სოლიდარობაზე გინდა ესაუბრო უბედურ, წარუმატებელ, გაუბედავ ქალს? მხდალი რომ ხედავს ძლიერს ამით მისი შინაგანი ბუნება იწყებს გლოვას… ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ახლოს არაა ღმერთთან… არ ლოცულობს… არ ცდილობს უფალთან კავშირს… არ ცდილობს ადამიანებთან და სამყაროსთან ჰარმონიულ ურთიერთობაში ყოფნას… ყველა გზა უფალთან მიდის ბოლოს… თუ უფალთან ახლოს ვიქნებით არასდროს ვიქნებით უბედური, წარუმატებელი, მხდალი… და ა.შ. უფალში მყოფი ადამიანი ყოველთვის მამაცია, წარმატებულია, ბედნიერია!
იყავით მეტად მამაცნი! ნუ შეგეშინდებათ ნურავის და ნურაფრის, რადგან თვით უფალი გვეუბნება წმინდა წერილში დღეში 365-ჯერ ნუ გეშინია! (ბიბლია წიგნი რომელიც ცხოვრების სახელმძღვანელოა! გადაშალეთ, წაიკითხეთ, ყველაფერს თავად მიხვდებით, როგორი უნდა იყოთ და როგორ მართოთ თქვენი ცხოვრება!)
გაუფრთხილდით თქვენს სულს და სხეულს, იყავით მეტად გონიერი! ქალი არის თავად სიცოცხლე და ამით ყველაფერი ნათქვამია!”- აცხადებს ჩვენთან საუბარში დეა ადამია.
რას აკეთებს არასამთავრობო სექტორი გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებისთვის და დაზარალებულებისთვის? ამ საკითხზე განმარტება ჩვენთან საუბარში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა დარინა სალდაძემ გააკეთა:
“საია არსებობის განმავლობაში არაერთ ბენეფიციარს დაეხმარა, რომლებიც გახდნენ სხვადასხვა სახის ძალადობის, მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლნი.
საია თავისი საქმიანობით წლების განმავლობაში ეხმარება და მხარს უჭერს გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებს. საია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ეხმარება ძალადობის მსხვერპლებს კონსულტაციებითა და წარმომადგენლობის კუთხით საერთო სასამართლოებში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სახალხო დამცველის აპარატში. ასევე, საია არაერთი გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარის ინტერესები და უფლებები დაუცვია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,”- აღნიშნა დარინა სალდაძემ.
კითხვაზე, - იურისტთა ასოციაციის მხრიდან რა რეკომენდაციები გაიცემა ამ საკითხთან მიმართებით? - საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გვპასუხოს:
“საიას რეკომენდაცია ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში იყო და არის:
- შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებების გატარებას - გენდერული თანასწორუფლებიანობის, ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება;
- ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, დაინერგოს და განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული გადამზადების პროგრამები;
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, წარმართონ გამოძიება გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით და ყველა შემთხვევაში გამოიყენონ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი კვალიფიკაცია;
- საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშაულების დეფინიციაში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მოახდინოს იძულებითი აბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია.”
რას აკეთებს სახელმწიფო გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებისთვის და დაზარალებულებისთვის? რა სერვისები და პროექტები აქვს? - კონკრეტულად ამ საკითხზე ქუთაისის საკრებულოს წევრი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაგდა კოსტავა გვესაუბრა:
“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის N79 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების“ ქვეპროგრამას, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მყოფი პირის/ოჯახისთვის, თავშესაფრის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მატერიალური დახმარების გაწევა თვეში 200 ლარის ოდენობით.
ასევე, ამავე დადგენილებით დამტკიცებულია ,,გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფსიქიატრიული სერვისებით უზრუნველყოფა ქვეპროგრამა“, ქვეპროგრამის მიზანია: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლი ქალების, კერძოდ, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონებისთვის ფსიქიატრიული სერვისების მიწოდება, (ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და მედიკამენტებით დახმარება). მათ შეუძლიათ ასევე ისარგებლონ ამავე დადგენილებით დამტკიცებული ,,სამედიცინო დახმარების“ და ,,მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამებით.”
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარის ანა ნაცვლიშვილის თქმით საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში სხვადასხვა სახის სისტემური ჩავარდნები აღმოაჩინა. მისი განმარტებით, მზარდი ტენდენციით ხასიათდება ოჯახური ძალადობა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი დანაშაულები. პრობლემად რჩება ფემიციდის პრევენცია და კვლავ გამოვლინდა შემთხვევები, სადაც მსხვერპლს დანაშაულის ფაქტამდე ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის, თუმცა დანაშაულის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.
“მსხვერპლები ვერ ახერხებენ ექსპერტიზის დროული და ეფექტიანი სერვისის მიღებას რეგიონებში, მათ უწევთ თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩამოსვლა, რაც ართულებს ძალადობის მსხვერპლის დროულ და ეფექტურ მხარდაჭერას.
უდიდეს გამოწვევად რჩება არასრულწლოვანთა ქორწინების და არასრულწლოვანთა მშობლობის სტატისტიკა. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანი ორსული იყო, აქედან მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. 2022 წელს 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა.
ქალებზე ძალადობის პრევენციის უმნიშვნელოვანესი რგოლი, ეფექტური მუშაობა მოძალადეებთან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი მხრიდან ძალადობის განმეორების რისკები, არაეფექტურად მუშაობს, ამასთან ერთად სახელმწიფო არ უწევს არსებულ სისტემებს ზედამხედველობას და არ ახდენს მათი ეფექტიანობის ანალიზს. ხშირია ძალოვან უწყებებში მომუშავე პირების მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტები.
სახელმწიფოს მიერ მრავალწლიანი შრომა რეალურად ფრაგმენტულია და ვერ აისახება ქალების სრულ სეგმენტზე, ასევე, უდიდესი რგოლი, მოძალადის ქცევის კორექციის მიმართულება და ძალადობას გადარჩენილი ქალების ეკონომიკური და ფსიქო-ემოციური გაძლიერების კომპონენტი სრულიად უფუნქციოა, სწორედ ამ მიმართულებით არის ფინანსური და ინსტიტუციური გაძლიერება საჭირო.
მეორე საკვანძო ჩავარდნა განათლების სისტემაშია, სკოლამ უნდა შეძლოს გოგოს იმგვარი გაძლიერება, რომ მას საწყისშივე ჰქონდეს ინსტიტუციების მხარდაჭერის იმედი, ახალგაზრდა ქალებმა მარტივად უნდა ამოიცნონ ძალადობის ფორმები და ჰქონდეთ ეფექტიანი და დროული რეაგირების იმედი სოციალური მუშაკის ინსტიტუტისგან,”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
კითხვაზე, - როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო ამ ფაქტებს? რა შეუძლია გააკეთოს უფრო უკეთესად? - გვპასუხობს:
“სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა დაასრულოს გენდერული სიძულვილით განმსჭვალული რიტორიკა მაღალპოლიტიკურ დონეზე, საპარლამენტო და სახელმწიფო მართვის ორგანოებში ქალებს აქვთ საფრთხის შემცველი გარემო შექმნილი, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე, თუ საჯაროდ ხილვადი ქალი ვერბალური ძალადობის მიმართ მსგავსად მოწყვლადია, რიგითი მოქალაქე ბევრად დაუცველი ხდება.
განათლების სისტემაში ინტენსიურად უნდა დაინერგოს გენდერული ძალადობის იდენტიფიცირების მექანიზმების სწავლება და გენდერული თანასწორობის იდეების პოპულარიზება, როგორც დიდ ქალაქებში ისე სოფლებში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემით დასაქმების დონე სქესის მიხედვით შემდეგია: 40.1 % არის ქალი, ხოლო მამაკაცი-55.6%. უმუშევრობა უდიდესი გამოწვევაა ქალ მოქალაქეთა სეგმენტში, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია იმით, რომ ადრეული დასაქმების ეტაპზე მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ახალგაზრდა ქალებს დასაქმებაში, რაც პირდაპირპროპორციულად შეამცირებს მათზე სამომავლოდ შესაძლო განხორციელებულ ეკონომიკურ და სხვა ტიპის ძალადობის რისკებს.
ეკონომიკურად არააქტიური ქალები, ხშირად არიან ძალადობის შემდგომ გამოუვალ სიტუაციაში და არჩევენ მოძალადის გარემოცვაში ცხოვრებას სწორედ მათი ეკონომიკური დამოკიდებულების გამო. სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა გახდეს შინ შრომაში ჩაბმული ქალების მხარდაჭერის საკითხი, რაც შეიძლება მრავალმხრივი სოციალური შეთავაზებით გამოიხატოს,”- აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.
ავტორი: ივლიტა გოგუა
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- 14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დიდი დაპირისპირება პუტინის გარემოცვაში - კადიროვმა გავლენიან დაღესტნელ სენატორს და დუმის ორ დეპუტატს “მოსისხლე მტრობა” გამოუცხადა
- დღეს "საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის" პირველი ტურის დასკვნითი თამაში გაიმართა
- "თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, ეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა“ - ვერ გაგვაჩერებენ" - სოფო ჯაფარიძე