December 18, 2024

"გთხოვთ, მკაფიოდ გამოხატოთ პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით"- მიმართვა კოლეჯ "იბერიას"

ქუთაისში მდებარე კოლეჯ "იბერიას" პირველი და მე-2 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, კოლეჯისგან ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ.



შესაბამისი შინაარსის წერილი მათ კოლეჯის დირექტორს, ირაკლი ავალიანს და სტუდენტულ თვითმართველობას უკვე გაუგზავნეს.

 

"კოლეჯი "იბერია",  მრავალი წლის განმავლობაში, სტუდენტებს განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს აძლევდა. სხვადასხვა პროექტი, რომლებიც განხორციელდა ევროკავშირის და USAID-ის მხარდაჭერით, გვეხმარებოდა როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ ზრდაში. ეს პროექტები არა მხოლოდ ჩვენი ინდივიდუალური განვითარების საფუძველი გახდა, არამედ ხელი შეუწყო კოლეჯის საერთო წინსვლას და ახალი შესაძლებლობების შექმნას, რასაც დღესაც აქტიურად ვიყენებთ.

ამ განცხადების ხელმომწერები მკაცრად ვგმობთ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ჩვენი თანატოლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ ღირებულებების გვერდით, რომლებიც ადასტურებს ჩვენი არჩევანის სისწორეს – საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი იყო, არის და უნდა დარჩეს. ევროპული ღირებულებები და განვითარება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია, ამიტომ მტკიცედ მივისწრაფით ამ გზისკენ. გვჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი სწორი გზა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

დღეს, კოლეჯი იბერია საგანმანათლებლო ცენტრია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კოლეჯს განსაკუთრებული მისია აკისრია, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, რომელიც ახლა, როგორც არასდროს, გაერთიანებული ძალებით იბრძვის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებისთვის.

გთხოვთ, კოლეჯის სახელით მკაფიოდ გამოხატოთ პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გამოხატოთ სოლიდარობა ქართველ ხალხთან. ეს ნაბიჯი არამხოლოდ კოლეჯის პრინციპების დაცვისა და ღირებულებების გამოხატულება იქნება, არამედ დასტური იმისა, რომ ჩვენი კოლეჯი მუდამ ზრუნავს ახალგაზრდების განვითარებასა და ქვეყნის მომავალზე",- აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს კოლეჯის პირველი და მეორე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები აწერენ: 

პირველი მოწვევის სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი: ნიკა ომანაძე;

პირველი მოწვევის სტუდენტური თვითმართველობის ვიცე-პრეზიდენტი: თემო ივანეიშვილი;

მეორე სტუდენტური თვითმართველობის მოწვევის ვიცე-პრეზიდენტი: ანელი კაპანაძე;

ლევანი დავითულიანი;

სოფი მურღვლიანი;

გიორგი გორგოძე;

გიორგი ანდრიაძე;

გოჩა ბენიძე;

გურანდა გოცირიძე;

ნატო კობახიძე;
ლიზი ცქიფურიშვილი;

ნანი მოწონელიძე;

მერი ჩიკვილძე;
აკაკი თავაძე.



შეგახსენებთ, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

წაკითხვა 70 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.