"ყველაზე ძლიერი მაინც ემიგრანტი ქალია, რომელსაც უამრავი პრობლემა და წინააღმდეგობები ხვდება უცხო მიწაზე, მაგრამ არ ნებდება" - ქალები ემიგრაციიდან
8 მარტი, როგორც ქალების მიერ უფლებების მოპოვებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლის სიმბოლო, მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ქალთა საერთაშორისო დღე არ არის მხოლოდ ზეიმი, ამ დღეს შესაძლებლობა გვეძლევა შევაფასოთ მიღწეული შედეგები და დავინახოთ არსებული გამოწვევები. კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას ქალის როლი და ხაზი გავუსვათ ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას.
ქალები ხომ არაერთი სირთულის მიუხედავად აღწევენ წარმატებას და ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიან სამყაროს. როგორია იყო წარმატებული ქალი და რა ძალისხმევას მოითხოვს ძლიერ ქალად ყოფნა?
ამ საკითხებზე FirstNews.ge ემიგრანტ ქალებს ესაუბრა.
ირმა შამათავა - ამერიკა - მეცნიერებათა დოქტორი, Dartmouth-ის კოლეჯის ასოცირებული მეცნიერ/თანამშრომელი, ტექნოლოგიური კომპანიის “White river technologes “ უფროსი გეოფიზიკოსი
"როგორი საინტერესო და ბევრის მომცველი კითხვაა. ალბათ მთელი ცხოვრებაა საჭირო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად... მართალი გითხრათ არასოდეს მიფიქრია ძლიერი ქალის იმიჯზე... არც კი მგონია ჩემი თავი ძლიერი ქალი. უბრალოდ პირნათლად ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მინდა და მაბედნიერებს... საბჭოთა ბავშვი ვარ. ძალიან მოწადინებული, ინტერესიანი, აქტიური და შრომისმოყვარე ვიყავი სულ. ვფიქრობ, სწორედ ესაა წარმატების მიზანი. სოხუმელი, “პერევალ”- გადავლილი, ვინც ცხოვრება ნულიდან დავიწყე ჯერ საქართველოში და მერე ემიგრაციაში ყველანაირი წინაპირობების და "ბლატების" გარეშე. სოხუმშიც სულ ჩემით უნდა მიმეღწია ყველაფრისთვის, სადაც ვიღაცის მამა პოლიტიკოსი იყო, ვიღაცის- მმართველი, ვიღაცის-საქმოსანი, ვიღაცის მშობელი -პედაგოგი. მე კი ყოველთვის ვიცოდი მხოლოდ ერთი რამ, ჩემს უკან არავინ იდგა, მხოლოდ ჩემი შრომა და მონდომება იყო ჩემი სავიზიტო ბარათი.
პედაგოგებიც ხომ მარტივად ხედავენ მოსწავლეს და ამიტომაც ყველასგან ძალიან დიდ სიყვარულს ვიღებდი... დღესაც ბევრთან ვმეგობრობ, ბევრნიც აღარ არიან, მაინც ვგრძნობ მათ თანადგომას. ადამიანის ხასიათი გენშია და მერე ყალიბდება, იჭედება როგორც ფოლადი მხოლოდ და მხოლოდ შრომით...
ასე მგონია არ არსებობს ოცნება, საქმე რისი გაკეთებაც შეუძლებელია . არის ქალების ორო კატეგორია, ვინც საკუთარ თავს მის მეორე ნახევართან ხედავს, ზოგს სრულებით არ სჭირდება გვერდით არავინ. ჩემი არჩევანი იმ პირველშია, სადაც მეწყვილესთან ერთად აშენებ კარიერას და მომავალ თაობასაც სიამტკბილობაში ზრდი. ჩემი სიძლიერე ჩემი ოჯახია, მეუღლე და სამი შვილი. სიძლიერისა და წარმატების მიზეზი ალბათ მომავლისკენ ლტოლვაა. არასოდეს ვიცქირები უკან და არ მივტირი არაფერს დაკარგულს. ვიცი, რომ მომავალი გაცილებით უკეთესს მიმზადეს, ისევ ჩემი დაუღალავი შრომით. ჩემი სიძლიერე წარმატებული შვილებია. იშვიათი და ბევრისთვის წარმოუდგენელია შვილები შენს პროფესიას თვითნებურად დაეუფლონ. ესეც ჩემი სიძლიერის მახასიათებლად მიმაჩნია. ვფიქრობ, ისე სწორად მივაწოდე ჩემს შვილებს ჩემი პროფესიის სიყვარული, რომ სამივენი მეცნიერებას ეზიარნენ, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩემი ცხოვრების წარმატების მიზეზი ისიცაა, რომ თითქმის ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. საშინლად ვერ ვიტან სიურპრიზებს, კარგსაც მათ შორის. მაშინებს დაუგეგმავი ნაბიჯები... ყველაზე მთავარი კი ალბათ მაინც ის არის, რომ არასოდეს ვიტყუები და არც არავისგან ვეგუები სიცრუეს... კიდევ ერთი და უმთავრესი! ზოდიაქოთი მერწყული ვარ და არჩევანის თავისუფლება ჩემთვის წითელი ხაზია!"
ხატია წიფურია - საფრანგეთი
"ჩემთვის ძლიერი ქალი უნდა იყოს პირველ რიგში საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ მას ყველაფერი შეუძლია და თუ მოინდომებს შეუძლებელსაც კი შეძლებს.
ძლიერია ქალი, რომელსაც მარტოობის შიში არ აქვს და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.
ძლიერია ქალი, რომელიც, მაშინაც კი, როცა ეტირება ის იღიმის და მიიწევს წინ.
ყველაზე ძლიერი ქალი მაინც ემიგრანტი ქალი მგონია, რომელსაც უამრავი პრობლემა და წინააღმდეგობები ხვდებაა უცხო მიწაზე, უცხო ხალხში, მაგრამ არ ნებდება, მას პირიქით მოტივაციას აძლევს ეს ყოველივე და ის აღწევს იმას რასაც წარმატება ჰქვია.
ძლიერია ქალი რომელსაც აქვს მტკიცე ხასიათი და სწორედ ამ თვისებით ის აკეთებს შეუძლებელსაც კი.
ყველა ეს თვისება კი ერთიანდება, როდესაც ქალი ხდება დედა. დედობა ეს კი უკვე ის სტატუსია, როცა შენ უფლება არ გაქვს იყო სუსტი ქალი.
როცა დედა ხარ და შენს სავალ გზაზე გხვდება უამრავი დაბრკოლება, რომ ფიქრობ ნუთუ ამას შენ გაუმკლავდები? სწორედ მაგ დროს შენი შვილების ერთი გაღიმება და მათი თვალები,რომლებსაც მხოლოდ შენი იმედი აქვთ, გაძლევს სწორედ იმ ძალას, რომ იყო ძლიერი ქალი და ძლიერი დედა, რადგან შენ არ გაქვს უფლება იყო სუსტი დედა, პირიქით შენ ძლიერდები შენი შვილებისთვის და ხვდები რომ შენ ეს შეგიძლია".
სიახლეები
- "ასეთია ივანიშვილის „ოცნების“ ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის"
- "ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა არჩევნებზე ცდილობს, საქართველოში შეცვალოს ხელისუფლება და ამის საფუძველი მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ანგარიშები იყოს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 მარტისთვის
- გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- "გიჟი უნდა იყო, რუსეთთან კონფრონტაცია სცადო, გავუწოდე ხელი, ჩავედი მოსკოვში, გავუხსენით საზღვრები რუს ტურისტებს, მაგრამ არაფერი გამოვიდა"