November 23, 2024

ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მეტი აქვს

“აჭარა, გურია, სამეგრელო და იმერეთი - ამ რეგიონების ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა.

მასშტაბური კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა "იუნისეფმა" ჩაატარა და დადგინდა, რომ გამოკვლეული ბავშვების 41%-ში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მაღალია. ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია, სადაც ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კვლევა საყურადღებოა, მაგრამ არა - საგანგაშო და კვლევა დამატებით ჩაუტარდებათ იმ ბავშვებს, რომელთა სისხლშიც ტყვიის მომატებული შემცველობა აღმოჩნდა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "კვლევა თითქმის კატასტროფული შედეგებით - ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მეტი აქვს"

 

"მინისტრის თქმით, კვლევის შედეგად პოზიტიური ნაწილიც აქვთ, ბავშვების გონებრივი განვითარება აბსოლუტური ნორმის ფარგლებშია. "კვლევის შედეგებმა დაგვანახა შემდგომი ეტაპების საჭიროება, რომელიც უკვე დაწყებულია. ყველა იმ ბავშვთან, რომლებსაც აღმოაჩნდათ მომატებული რაოდენობა, და მათი ოჯახის წევრებთან განმეორებითი კვლევები ჩატარდება, რასაც დაემატება გარემოს სინჯების აღება. "ჩვენ გვაქვს პოზიტიური ნაწილიც - 16 ბავშვთან, რომლებსაც ყველაზე მეტად ჰქონდათ მომატებული (ტყვიის შემცველობა), უკვე ჩავატარეთ განმეორებითი კვლევა. საბედნიეროდ, მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია და ამ მხრივ არანაირი გართულება არ არის", - აღნიშნა სერგეენკომ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გამოკვლეული 1578 ბავშვიდან დაახლოებით 650-ს ჩაუტარდება დამატებითი კვლევა, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს. "სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ინტერვენციებსაც, სადაც პედიატრის დანიშნულებით ჩარევა იქნება საჭირო. ჩარევა ძირითადად გახლავთ რკინის, კალციუმის, პრეპარატების, ვიტამინების მიცემა. ასევე მონიტორინგი მოხდება გარკვეული პერიოდულობით“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"სხვადასხვა მიდგომაა პროტოკოლში, თუ როგორი ინტენსივობით უნდა გაიმეორო ტყვიის ანალიზი. პროგრამის მიხედვით, ამ ყველაფერს სახელმწიფო დააფინანსებს. ამავე დროს, 19 აპრილის განკარგულების თანახმად, ოთხმა სამინისტრომ - ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის - ხანგრძლივვადიანი პროგრამა უნდა შეიმუშაოს", - აღნიშნავს გამყრელიძე. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მეორე სტრატეგიული ამოცანაა ტყვიის წყაროს პოვნა. "რაც შეეხება რეგიონებს შორის სხვაობას, ჩვეულებრივ, ასეთი განსხვავება რამდენიმე დასკვნის საშუალებას იძლევა ხოლმე. პირველ რიგში ეს არ არის მუდმივმოქმედი ინდუსტრიული კომპონენტი, რადგან ყველაზე დიდ ქალაქში, თბილისში ბევრად ნაკლებია, ვიდრე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. "მეორე, ეს გვაფიქრებინებს, ხომ არ არის გამოხატული ე.წ. "კლასტერიზაცია". ანუ ამ რეგიონებში თუ არის რაიმე ისეთი არეალები, ათწლეულების წინანდელი წყარო - ძირითადად საწვავი და საღებავი, რომელიც ნიადაგში დიდხანს რჩება ხოლმე და განაპირობებს მომატებულ შემცველობას. ამაზეც აღებულია სინჯები და პირველი ეტაპის პასუხები ძალიან მალე გვექნება", - თქვა დავით სერგეენკომ“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ოთხშაბათს, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფ-ის) დახმარებით ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ რეგიონების მიხედვით. ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია. კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია. 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო მეტ ბავშვს აქვს მომატებული დასავლეთ საქართველოში, ვიდრე აღმოსავლეთში. სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ზე მეტი აქვს: აჭარაში - ბავშვების 85%-ს, გურიაში - 73%-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 71%-სა და იმერეთში - 61%-ს. ხოლო 10 მკგ/დლ-ზე მაღალი ან ტოლი შემცველობა აჭარაში მცხოვრები ბავშვების 50%-სა და გურიაში მცხოვრები ბავშვების 44%-ს აქვს მაშინ, როცა შიდა ქართლსა და კახეთში ეს მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს“, - დასძენს გამოცემა.

 

"ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, მრავალინდიკატორული, კლასტერული კვლევა ჩატარდა. ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისაგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხვდა შემთხვევითი პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ლაბორატორიაში. ტყვიის შემცველობა ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ორგანიზმში, იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გონებრივი განვითარების შეფერხებას და ა.შ. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, საიდან ხვდება ბავშვების სისხლში ტყვია. ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. ცნობისათვის, აპრილის დასაწყისში გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ერთმა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, რამდენად მაღალია ტყვიის შემცველობა პროდუქტებში. კვლევა ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითმა კვლევების ცენტრმა ჩაატარა და კვლევის შედეგად ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, ასევე რიგ სათამაშოებსა და სუნელებში, განსაკუთრებით - ყვითელ ყვავილში. კვლევის მიხედვით, ტყვიის დონე დასაშვებ ზღვარზე 200-ჯერ მაღალი იყო სამშენებლო და სარემონტო მასალებში და ითქვა, რომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სახლებში რემონტი ჩაატარეს. ამ კვლევამ დიდი ხმაური გამოიწვია. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ დააანონსა, რომ ერთ თვეში გამოაქვეყნებდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და "იუნისეფის" მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგებს ბავშვთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საკითხზე და, დიდი ალბათობით, ამ დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად საგანგაშოა ვითარება ქვეყანაში“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 715 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.