June 9, 2025

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ რამდენიმე დღის წინ, მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ისაუბრა და თქვა, რომ ვიდეოს წინ გატაცება და რამდენიმესაათიანი ზეწოლა უძღოდა

ყველას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა, არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც თითქოს ბოდიშს იხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით.

 

მე მინდა საზოგადოებას მოვუყვე რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს, ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად — ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. მანძილიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის მიიყვანეს მოდულის შენობაში, თუმცა თვალებახვეულ მდგომარეობაში ბუნებრივია რთული განსასაზღვრია მისი გატაცების ლოკაცია.

 

ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი შვილის სკოლის და ორ-წლინახევრის ტყუპების საბავშვო ბაღის ლოკაციას, ემუქრებოდნენ და ემუქრებოდნენ მათ შორის ჩვენი სამი მცირეწლოვანი შვილის უსაფრთხოებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას. ყველას პირადი ცხოვრება – პირადია. წერტილი. მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე მოიხადა საჯაროდ ბოდიში, გუშინდელი კოტეს  ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არაა და ეს მხოლოდ საბაბია. რეალური მიზეზი კი ჩემი დაშინებაა. ჩემი გაჩუმებაა.

 

ახლა მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილს, მის ყველა ოჯახის წევრს, კოტეს გამტაცებლებს და გატაცების დამკვეთებს, გელა გელაძის ჩათვლით, რომელიც, როგორც მეუბნებიან, მე როდესაც ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, მინდა გარკვევით გითხრათ – არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის, ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს და ვიბრძოლებ თქვენი რეჟიმის დემონტაჟისთვის, რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია დავამარცხოთ რეჟიმის სიცრუე, მათი სიმხდალე, მათი ბოროტება და ქვეყნის ღალატი.

 

ჩათვალეს, რომ ვერ მიჭერენ და ჩემი ოჯახით გადაწყვიტეს ჩემი გაჩუმება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს.

 

და აქვე ვიტყვი – მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილთან ვითომ შერკინება – ეს არის თავის და ხალხის მოტყუება და აქაც უნდა ითქვას სიმართლე, ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა შეიძლება იყოს მხოლოდ ივანიშვილთან გარიგების შედეგი.

 

იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები, ივანიშვილთან ასეთ გარიგებაზე არ წავლენ.

 

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული სიტყვა. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

კოტე იოსელიანმა გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის მეორედ ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს უტა ივანიშვილის რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო.

წაკითხვა 61 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 09 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.