„ფეიკ ნიუსი“ გავრცელდა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ" - კახა კალაძე
როგორ შეიძლება, ეკლესიის მშენებლობას შევეწინააღმდეგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისში ტაძრის მშენებლობის დაწყება მერიასთან შეთანხმების გარეშე დაწყებულიყო, საპატრიარქო ყოველთვის საქმის კურსში გვაყენებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა“.
როგორც კახა კალაძემ მის სოცილურის ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართავში აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა.
„მე არაერთხელ მისაუბრია რამდენად დამაზიანებელია ყალბი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებისთვის, „ფეიკ ნიუსები“ არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის გახდა დიდი თავისტკივილი. უამრავი საერთაშორისო კვლევა ჩატარდა ამ თემაზე. სწორედ გუშინ დამისვა ჟურნალისტმა შეკითხვა მსგავსი კვლევის შესახებ და ამ თემაზე ჩემი მოსაზრებაც გავაცანი. გუშინვე ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ „ტვ პირველმა“ მაყურებელს მორიგი „ფეიკ ნიუსი“ შესთავაზა, თითქოს მშენებარე ეკლესია, რომლის მშენებლობაც თითქოს 14 წელი მიმდინარეობდა, დავანგრიეთ. თბილისის მერიამ გააკეთა განცხადება ამ თემაზე, სადაც თანდართული იყო ე.წ. ეკლესიის ფოტომასალა, თუმცა მერიის განცხადების გაშუქება „ტვ პირველმა“ არ ჩათვალა მიზანშეწონილად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, როდესაც დედაქალაქში ტაძრის მშენებლობა იგეგმება, საპატრიარქო ამის შესახებ თბილისის მერიას ყოველთვის აცნობებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია. ახლა წარმოგიდგენთ ამ ფოტომასალას. აი, ამ დაუსრულებელ, მცირე ზომის ნაგებობას, რომელიც კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, ვითომდა წარმოადგენდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას, ჩაუტარდა დემონტაჟი, რადგან როგორც ტერიტორია, ისე მშენებლობა იყო სრულიად უკანონო. ამ ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით, სამართალდამრღვევი პირი მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა გაითვალისწინებული და ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა შესაბამისად იმოქმედა.
როგორ შეიძლება, ეკლესიის მშენებლობას შევეწინააღმდეგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისში ტაძრის მშენებლობის დაწყება მერიასთან შეთანხმების გარეშე დაწყებულიყო. საპატრიარქო ყოველთვის საქმის კურსში გვაყენებს. თუ იმ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, განხორციელებას, თუმცა ამ ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მომავალშიც მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„ვფიქრობთ, საზოგადოებას დასკვნის გაკეთება არ გაუჭირდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. მედია, რომელიც პატივს სცემს საკუთარ მაყურებელს, არ უნდა ცდილობდეს მათ დეზინფორმირებას და არ უნდა ავრცელებდეს „ფეიკ ნიუსებს“. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, კვლავაც განაგრძობს მუდმივ მონიტორინგს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- "ახლა რელევანტურია ტრანზიციის გუნდი, რომელიც ახალი, კოალიციური მთავრობის დამტკიცებამდე უხელმძღვანელებს პოლიტიკურ პროცესს ზურაბიშვილის ლიდერობით"
- "ეუთო/ოდირ-თან გვაქვს კითხვა, გზის გადაკეტვის აუცილებლობა როცა არაა და დედაქალაქის პარალიზებას იწვევს 50 კაცი, ეს არ არის უმრავლესობის ინტერესების შელახვა?"
- სამართლებრივი დევნა ოპოზიციის რიგით მე-9 ლიდერზე - რა ემუქრება გახარიას და რა საქმეებზე ედავება პროკურატურა
- „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური გარანტიები იზრდება
- "უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
