ვაჟა გაფრინდაშვილის ერთი თვე საოკუპაციო ხაზს მიღმა

ერთი თვე გავიდა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში რჩება.

 

ამ ხნის მანძილზე მის მხარდასაჭერად არაერთი განცხადება გაკეთდა,გაიმართა რამდენიმე სამოქალაქო აქცია - თუმცა ექიმი ისევ ციხეშია. დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ კვლავ ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა ექიმი საოკუპაციო ხაზთან, რა ვითარებაში დააკავეს იგი და როგორ პირობებშია ის ცხინვალის იზოლატორში. ერთთვიანი ქრონიკიდან გაიგებთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 9 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე.

 

 

9 ნოემბერი

 

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თბილისელ ექიმს, ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონთან აკავებენ.მას ბრალი წაუყენეს ე.წ.საზღვრის განზრახ დარღვევაში,რაც,დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სავარაუდოდ ექიმი ახალგორში პაციენტის - თამარ გიგაურის დასახმარებლად მიდიოდა,რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლის საშუალება არ მიეცა. 9 ნოემბერსვე ოჯახი გორის სამხარეო პოლიციის სამმართველოში დაიბარეს და ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ამბავი დაუდასტურეს, თუმცა ურჩიეს,რომ ინფორმაცია საჯაროდ არ გაევრცელებინათ.

 

 

13 ნოემბერი
 
ინფორმაცია ქართველი ექიმის დაკავების შესახებ საჯაროდ ცნობილი გახდა დაკავებიდან 5 დღის შემდეგ, 13 ნოემბერს.ოსურმა მედიამ დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თანმხლებ პირთან ერთად ახმაჯი-ორჭოსანს შორის ტერიტორიაზე დააკავეს.

 

 

14 ნოემბერი


 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს : „ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნას გადმოყვანილი“- თქვა ზვიად ზვიადაძემ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან. 14 ნოემბერსვე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა დახმარებისთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა.

 

 

15 ნოემბერი

 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა.

15 ნოემბერსვე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ხელისუფლებას მოუწოდა , დროულად და აქტიურად იმუშაოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე. Ამავე დღეს გაიმართა ექიმის მხარდამჭერი აქცია სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში.

 

 

16 ნოემბერი


 
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო. 16 ნოემბერსვე ქეთევან ციხელაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მოინახულა ექიმის ოჯახი და თქვა , რომ ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი.

 

 

17 ნოემბერი

 

საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური წერილი გაავრცელა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. Საქართველოს პატრიარქის რუსეთის პატრიარქისადმი მიწერილ წერილში ნათქვამი იყო , რომ “გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენ საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.”

 

 

18 ნოემბერი

 

საქართველოს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან, თბილისის საავადმყოფოებთან, გორში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართა ექიმების მხარდამჭერი “თეთრი ხალათების აქცია” ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

 

ამავე დღეს მოქალაქეებმა წერილით მიმართეს გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში.

 

18 ნოემბერსვე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი განცხადება. 

 

18 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახის წერილი გადასცა. წითელმა ჯვარმა

 

 

19 ნოემბერი

 

ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა პირობით საზღვართან დაკავებული ექიმი პროვოკაციაში დაადანაშაულა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“. ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ ომის დროს ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მუშაობდა და დახმარებას უწევდა ომში დაშავებულებს, მათ შორის ორ რუს მფრინავს. 19 ნოემბერსვე თბილისში გაიმართა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან სთხოვა, ყველა ზომას მიმართონ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

 

 

20 ნოემბერი

 

ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან რუსულ ენაზე დაწერილი ღია წერილი მიიღო, სადაც ის ახლობლებს ატყობინებდა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა იმედი გამოთქვა , რომ ცხინვალის საპატიმროში მყოფ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ. ექიმის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ეუთოს გენერალურმა მდივანმა,ტომას გრემინგერმაც.

 

 

ამავე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, აკაკი ზოიძემ თქვა, რომ ის მზად იყო ვაჟა გაფრინდაშვილის ნაცვლად ერთი კვირით ჩამჯდარიყო ცხინვალის იზოლატორში. ექიმის მხარდასაჭერი ვიდეო მიმართვა გაავრცელა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდა უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლებისკენ. ვიდეო მიმართვა მან ცოლთან ერთად ჩაწერა.

 

 

21 ნოემბერი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ მთავრობა და შესაბამისი უწყებები დღე და ღამე მუშაობენ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად. "ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ სხდომის დაწყების წინ.

 

21 ნოემბერსვე დე-ფაქტო რეჟიმის უშიშროების კომიტეტმა ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ საზღვრის კვეთა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა, თქვა, რომ ფლობდა ვაჟა გაფრინდაშვილის საზღვარგარეთ ვიზიტების, საბანკო ოპერაციების, სატელეფონო საუბრების შესახებ ვრცელ ინფორმაციას და გააფრთხილა ოფიციალური თბილისი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილით პოლიტიკური ქულების ჩაწერა არ გამოუვათ.

 

 

22 ნოემბერი

 

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს საოკუპაციო ძალების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების თაობაზე. Ოჯახმა კი წითელ ჯვარს ოპერატიულობისკენ მოუწოდა. „სამწუხაროდ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ცხინვალის ციხეში კვლავ ვერ ახერხებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულებას და მისთვის ამანათის გადაცემას, რომელშიც ძირითადად მედიკამენტებია“ - ამბობდნენ ოჯახის წევრები. 22 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა.“ „სამხრეთ ოსეთის / ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების სრული აკრძალვა უხეშად არღვევს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს“ - ნათქვამი იყო ორგანიზაციის განცხადებაში. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ეუთოში აშშ-ს მისიის ხელმძღვანელმა ჰარი კამიანმა, რომელმაც ეუთოს მუდმივ საბჭოში განაცხადა, რომ აშშ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებს რუსეთს ჯარების გაყვანისკენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ.

 

 

25 ნოემბერი

 

ექიმის ოჯახი გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავს, დაუყოვნებლივ გამოიყენოს ყველა არსებული რესურსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის გასათავისუფლებლად და საქართველოში სასწრაფოდ გაგზავნოს გაეროს სპეციალური კომისარი.

 

 

26 ნოემბერი

 

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტარ ექიმებს მოუწოდა, თავადაც გადავიდნენ საზღვარზე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მსგავსად.

 

 

27 ნოემბერი

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილება. Ამავე დღეს, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის წინ, ზურაბ აბაშიძე ირწმუნებოდა, რომ ექიმის გათავისუფლების საკითხი იქნებოდა ერთ-ერთი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელებდნენ.

 

 

28 ნოემბერი

 

პრაღაში, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმი ახალ წლამდე დატოვებს ცხინვალის ციხეს და დღესასწაულს ოჯახთან ერთად შეხვდება.

 

 

2 დეკემბერი

 

ვაჟა გაფრინდაშვილის, საქმე სასამართლოს გადაეცა და მას ახალგორის სასამართლო განიხილავს დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, სასამართლო სხდომა მასალების გადაცემიდან მაქსიმუმ 14 დღეში უნდა დაინიშნოს.

 

 

3 დეკემბერი

 

მოსკოვში შეხვედრებისთვის წასული ნინო ბურჯანაძის პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ის რუს პოლიტიკოსებთან დააყენებდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს.

 

 

4 დეკემბერი

 

სააქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვაჟა გაფრინდაშვილის და ახალგორის ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ესაუბრა ლონდონში ნატოს ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ ფორუმზე „ნატოს ჩართულობა.”

 

 

7 დეკემბერი

 

მოქალაქეებმა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ თხოვეს დახმარება ექიმის გათავისუფლებაში.

 

 

9 დეკემბერი
 
ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახი, მედიას შეხვდა და პატიმრობის ერთი თვის მანძილზე განვითარებული სიტუაცია შეაჯამა. ექიმის ახლობლები ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, მზად არიან, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართონ.

 

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

 

 

წაკითხვა 590 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 10 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.