მთავრობა იანვრიდან "112"-ის გადასახადს გაუქმების ნაცვლად ზრდის

“112-ის გადასახადი გაუქმების ნაცვლად, გაიზრდება. საკონსტიტუციო სასამართლომ, არაკონსტიტუციურად სცნო, პარლამენტმა კი მისი ოდენობის ზრდას მხარი დაუჭირა.

ახლა ჯერი მთავრობაზეა. სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს უფლება დადგენილებით განსაზღვროს გადასახადის ზუსტი ოდენობა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის “112”-ის მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მთავრობა იანვრიდან 112-ის გადასახადს გაუქმების ნაცვლად ზრდის / მსგავსი გადასახადი არ არსებობს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში.

 

“პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (76 მომხრე) საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად გადაიხდიან “112”-ის მომსახურების საფასურს, რომლის ზუსტი ოდენობაც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. საკანონმდებლო ცვლილება, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილება “112”-ის მომსახურების საფასურის შესახებ ბევრ კითხვას აჩენს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. რატომ იხდის საქართველოს მოსახლეობა “112 საფასურს”, მაშინ როდესაც მსგავსი გადასახადი არ არსებობს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში? რატომ უწევს “112 საფასურის” გადახდა პირს, რომელსაც შესაძლოა არც კი უსარგებლია მისი მომსახურებით და ვალდებულია გაუწეველი მომსახურების საფასური გადაიხადოს? გადაწყვეტილება განსაკუთრებით უცნაურია იმ ფონზე, რომ მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლევან ალაფიშვილის და “კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის” კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ...”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს “112”-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, “კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი” მიუთითებდა, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ “112”-ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და დისკრიმინაციული იყო. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” უმრავლესობის უმრავლესობამ, კანონს მხარი დაუჭირა მათი დიდი ნაწილი “რეზონანსთან” ამ თემაზე არ კითხვებს არ პასუხობს, მათ შორის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია და მისი მოადგილე რეზო არველაძეც. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი კითხვებზე საპასუხოდ სასამართლოსა და პარლამენტში გადაგვამისამართა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“მიუხედავად მთელი დღის მცდელობისა არ მოიძებნა არც ერთი დეპუტატი, რომელიც ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებდა, იურიდიული კომიტეტისგან “რეზონანსმა” შემდეგი კომენტარი მაინც მოიპოვა: “საკონსტიტუციომ, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა ერთი მთავარი რამის გამო, მთავრობას უნდა დაედგინა საფასური, მხოლოდ მას შედეგ, რაც კანონით განისაზღვრებოდა მაქსიმალური და მინიმალური ფარგლები. ამიერიდან კონკრეტული საფასური რამდენი იქნება, ეს მთავრობამ უნდა დაადგინოს. სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დადგენილებას მიიღებდა, იქამდე მოცემულობა იყო ასეთი: პარლამენტი არ განსაზღვრავდა ზღვრებს და მთავრობას ჰქონდა ექსკლუზიური უფლება დაედგინა ნებისმიერი გადასახადი. სწორედ ეს მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და იქვე მიუთითა, რომ თუ პარლამენტი ზედა და ქვედა ზღვარს დაადგენს, ეს იქნება კონსტიტუციური. ჩვენ როგორც საკონსტიტუციომ გვითხრა, ისე გავაკეთეთ და ახლა უკვე, მთავრობა განსაზღვრავს ამ ფარგლებში რამდენი იქნება გადასახადი”, - განუცხადეს “რეზონანსთან” იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ეს არის ტყუილი - ასე აფასებს თავად სარჩელის ავტორი, იურისტი ლევან ალაფიშვილი ხელისუფლების პოზიციას და ამბობს, რომ თუ გადასახადი არ მოიხსნა, სასამართლოში დავა კვლავ გაგრძელდება”, - დასძენს გამოცემა.

 

“ტყუილია, რომ მხოლოდ ეს იყო მიზეზი. საკონსტიტუციო სასამართლომ, რამდენიმე მიზეზით ცნო გადასახადი არაკონსტიტუციურად. პირველი ეს იყო პარლამენტის მიერ მოყვანილი მიზეზი. იქვე თქვა სასამართლომ, რომ ეს არის მოსაკრებელი. ამ ორის გარჩევა რომ პარლამენტში არ შეუძლიათ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და წარმოაჩენს მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ, მთელი ქვეყანა ვართ. კიდევ იყო მესამე მომენტიც, საკონსტიტუციომ აღნიშნა, რომ განსხვავებული გადასახადის დაწესება, არის დისკრიმინაციული. კონსტიტუციის ორ მუხლთან მიმართებაში სცნო არა კონსტიტუციურად. ვნახოთ, რას იზამს მთავრობა. მერწმუნეთ, ასე მარტივად გაჩერებას არ ვაპირებ. ასე ადვილად ეს საქმე არ ჩაივლის. კანონიერება და კანონის უზენაესობა, პირველ რიგში, პარლამენტიდან მოდიოდეს და არა ისე, როგორც ახლაა, ვიძახოთ რა ცოტა გადასახდი გვაქვს და უამრავი სხვადახვა შენიღბული და შეფუთული სახით არსებობდეს ასეულობით ტარიფი. თუ მთავრობა დატოვებს ან გაზრდის გადასახადს, ჩვენ, კიდევ ერთხელ წავალთ სასამართლოში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

 

“ამავე დროს, ივლისში, საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად “112” დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული. როგორც ჩანს, მოწესრიგების თავისებური გაგება აქვს საქართველოს ხელისუფლებას”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 665 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 26 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.