"ვფიქრობ, სათანადოდ არ შევაფასეთ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეები"-ქუთაისელი სტუდენტი საფრანგეთიდან
კორონავირუსის გამო არა თუ ევროკავშირმა, არამედ მსოფლიოს დიდმა ქვეყნებმაც საგანგებო ზომები მიიღეს.
მსოფლიო მთელი ძალებით ებძვის უხილავ მტერს. ცუდი მდგომარეობაა საფრანგეთშიც.
ბოლო ერთ დღეში იქ ახალი კორონავირუსით 186 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 860-ს მიაღწია.
როგორც „როიტერი“ იუწყება, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივერ ვეერანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 19 856-ს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო ერთ დღეში 20 პროცენტით გაიზარდა.
ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე FirsNews.ge საფრანგეთში მცხოვრებ ქუთაისელ სტუდენტს, -თამარ კლდიაშვილს ესაუბრა:
ის, Erasmus+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იანვრიდან, ქალაქ რენში ცხოვრობს. რენის „გამოყენებითი მეცნიერებების ეროვნულ ინსტიტუტში - Institut National des Sciences Appliquées de Rennes- სწავლობს.
- რა მდგომარეობა იმ ქალაქში სადაც იმყოფებით?
- რენი ბრეტანიის რეგიონში მდებარეობს, სადაც 297 შემთხვევაა დაფიქსირებული. თვითონ ქალაქში ინფიცირებულების რაოდენობაზე ზუსტი მონაცემები არ მაქვს.
- რა ხერხებს მიმართავს საფრანგეთისხელისუფლება, რომ უფრო მეტად არ გავრცელდეს კორონა ვირუსი?
16 მარტიდან საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზეყველა სასწავლო დაწესებულება (ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი) დაიხურა, იქამდე, სანამ სწავლის აღდგენის ახალ ბრძანებას არ გასცემს.
17 მარტიდან საგანგებო ვითარება გამოცხადდა, მინიმუმ 15 დღით. დაიკეტა ყველა რესტორანი, კაფე, კინოდარბაზი და ღამის კლუბი… მოკლედ, სასიცოცხლოდ არა აუცილებელი ყველა დაწესებულება. მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ბანკები განაგრძობენ მუშაობას.
გარეთ გასვლისას სავალდებულოა თან ვატაროთ მოწმობა, რომელშიც შევსებულია ჩვენი პირადი მონაცემებით და რომლის მიხედვითაც ვადასტურებთ, თუ, რატომ გადავაადგილდებით ქალაქში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი უმიზეზო გადაადგილება კონტროლის შემთხვევაში ჯარიმდება.
- თქვენი აზრით რატომ გავრცელდა ვირუსი ასე სწრაფად მსოფლიოში და ასევე საფრანგეთში?
- ვფიქრობ, სათანადოდ არ შევაფასეთ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეები. მიუხედავად გაფრთხილებებისა ხალხი მაინც არ ერიდებოდა თავშეყრის ადგილებს, მოგზაურობას რისკის შემცველ ქვეყნებში... ალბათ სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ვიდრე არ ვიგრძენით რეალურად საფრთხე, მანამდე არ მივიღეთ საჭირო ზომები.
- რამდენად დაცულად გრძნობთ თავს?
- თავს საკმაოდ დაცულად ვგრძნობ. ვითვალისწინებ რეკომენდაციებს. პანიკის საფუძველი არ მაქვს.
უნივერსიტეტის საერთაშორისო განყოფილების თანამშრომლები მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან საერთაშორისო სტუდენტებთან და გვთავაზობენ/გვიწევენ დახმარებას თუკი რაიმე გვჭირდება.
მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად ვიყო და დრო სასარგებლოდ გამოვიყენო.
- გაქვთ თუ არა ფინანსური რესურსები, იმისათვის, რომ დარჩეთ არსებულ ქვეყანაში, ხომ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
Erasmus+ გრანტის მფლობელ სტუდენტებს ყოველთვიურად გვერიცხება სტიპენდია. შესაბამისად, საცხოვრებლად საჭირო ფინანსური რესურსი ჯერჯერობით მაქვს.
ვაანალიზებ, რამდენად საფრთხის შემცველია მოგზაურობა ამ სიტუაციაში. შესაბამისად ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ.
ვიმედოვნებ მალე გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს.
FirstNews.ge მოგიწოდებთ #დარჩისახლში
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"