"როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ უკვე ექიმები მართავენ ყველაფერს"

როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა ავიღოთ და დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ უკვე ექიმები მართავენ ყველაფერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც 112-ში იმყოფებოდა.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, პირველივე სიმპტომის აღმოჩენისთანავაზე, 112-ს მიმართონ.

 

„მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, როდესაც თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ცოტა სიცხე გაქვთ, გიჭირთ სუნთქვა, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. სისტემა გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მიუდგება მის ყოველდღიურ ცხოვრებას. როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა ავიღოთ და დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ უკვე ექიმები მართავენ ამას ყველაფერს. 112 დღეს სრულად არის მობილიზებული, 112-ის გარდა ქვეყნის მასშტაბით რეგიონალურად ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები არიან კონკრეტულ სტაციონარებში მობილიზებული იმისთვის, რომ ტელემედიცინის საშუალებით, პირველადი კონსულტაცია გაუწიონ ჩვენს მოქალაქეებს, რომელსაც პირველი სიმპოტომები გაუჩნდებათ”, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე განმარტებით, სულ რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაირთო ერთი ქოლ-ცენტრი - 144, რომლის ძირითადი ამოცანაა საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ მოქალაქეებს გასცეს პასუხი.

 

"ამ ქოლ-ცენტრში ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმიტომ, რომ მოქალაქეებმა უკვე დეტალებში იციან, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საკანონმდებლო სპეციფიკა როგორია, მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ძირითადი მიზანი გახლავთ „112“. შემიძლია, დღეს უკვე ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან და პირველად სამედიცინო მომსახურებასთან ერთად (რაც ოჯახის ექიმს და სოფლის ექიმს ნიშნავს) აეწყო სრულიად ახალი ხაზი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს კოვიდ19-თან ბრძოლის პირველი ხაზია იმიტომ, რომ როგორც კი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს რაიმე ელემენტარული სიმპტომი ექნება - სიცხის მატება, სუნთქვის გართულება - მას შეუძლია აიღოს ტელეფონი, აკრიფოს 112, ხოლო 112 მას დააკავშირებს მისი რეგიონის ოჯახის ექიმს ან სოფლის ექიმს. ე.ი. საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ზარი შემოდის თბილისში, ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე, საიდანაც ზარი ხორციელდება და ჩვენს მოქალაქეს აკავშირებს ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. შემდგომ უკვე ჩეკ-ლისტის შესაბამისად ტარდება კონსულტაცია და თუ საჭიროა მოქალაქის სტაციონარში გადაყვანა, მაშინ ის გადაჰყავთ რეგიონალურ ცხელების ცენტრში. იქ მასზე ყურადღება მახვილლდება 24 საათის განმავლობაში, უტარდება კვლევები და ამის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელ სტაციონარში უნდა იქნეს განაწილებული,“ - განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 457 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.