"პანიკის საფუძველი არ არსებობს - სისტემა საათივით მუშაობს"

დღეის მდგომარეობით, გლობალურად, ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება. სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობა, თან მნიშვნელოვნად, იზრდება საქართველოშიც, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს.

 

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ, დღეს, რანაირი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება, როგორც მძაფრი კრიტიკოსების, ასევე მხარდამჭერები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე.

 

სწორედ ამიტომ, დღეს, დილით, ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა და რაც მნიშვნელოვანია, ამ საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრა და გარკვეული ანალიზი მოვახდინეთ იმ პროცესების, რომელიც მიმდინარეობს გლობალურადაც და რა თქმა უნდა, საქართველოშიც. პირველი, რისი თქმაც აუცილებელია და უნდა გითხრათ, დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი ღონისძიებები, ან დამატებითი სიმკაცრე უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულებაში, არ უნდა გამოვავლინოთ. დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინა იმ წესების დადგენის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ, მათი აღსრულების საქმეში", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი გახარიას თქმით, გლობალურ პანდემიას, ცალკე აღებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მარტო ვერ გაუმკლავდება.

 

„ამიტომ, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტური ადაპტაციის პროცესი -  სწრაფი გამოვლენა ინფიცირების, სწრაფი მკურნალობა და შესაბამისად,  ჩვენი მოქალაქის, სწრაფად, ნორმალურ სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს პრინციპი არსად არ წასულა და ამ პრინციპზე ვრჩებით.

 

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი პანიკის, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო 5-6 თვე, ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ყველა ის სისტემა, რომელიც სრულად არის ჩართული ეპიდემიის მართვაში, როგორც მენეჯმენტში, ლოგისტიკაში, ასევე ჰოსპიტალური სისტემის მართვაში ეპიდემიოლოგიური, ან კლინიკური მიმართულებით, დღეს არის აბსოლუტურად სხვა ფორმაში და სხვა მდგომარეობაში. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მარტიდან, ეპიდემიოლოგები საქართველოში ახერხებდნენ, დღეში, დაახლოებით 200 PCR  ტესტის გაკეთებას, დღეს ქვეყანაში, უპრობლემოდ, საშუალოდ, 8 000 PCR ტესტი კეთდება. ზუსტად, უახლოეს პერიოდში, ეს რაოდენობა გაიზრდება 10 000-მდე და თუ საჭირო იქნა, შემდგომ უკვე ამ რაოდენობის ზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტალურ სისტემაში უკვე ყველა პრევენციის მექანიზმი -  112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდეგ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი - ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და აქ, არანაირი შეფერხება არ იქნება", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

წაკითხვა 471 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.