"გამძაფრდა აზერბაიჯანელების მხრიდან განცხადებების შინაარსი... ჩვენი მთავრობა კი დუმს"
დავით ქაცარავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მიუხედავად იმ მწვავე პოლიტიკური პროცესებისა რომლებიც ელვის სისრაფით ვითარდებიან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ გარეჯის პრობლემა.
შეგახსენებთ, საზღვრების დელიმიტაციის საკითხი უკვე ათწლეულებია ჩიხში შესული და განსაკუთრებული სიმძაფრე 2019წლის 25 აპრილიდან შეიძინა, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ აზერბაიჯანული მხარე აშკარა კონფრონტაციაზე გადავიდა და ფაქტობრივად ჩაგვიკეტა აღდგომის, უდაბნოს და ჩიჩხიტურის ტაძრებთან მისასვლელი გზები.
მ/წ ის მაისიდან შეიქმნა ახალი სადელიმიტაციო კომისია, რომელმაც განაახლა მუშაობა საზღვრის სადელიმიტაციო - სადემარკაციო საკითხებთან დაკავშირებით.
ჩვენდა სამწუხაროდ, ორმხრივი კომისიის სამუშაო პროცესის მიუხედავად, რომლის დროსაც არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება განახორციელოს რაიმე სახის სამუშაოები ან აქტივობები, აზერბაიჯანულმა მხარემ გაიყვანა გზა და მოაპირკეთა ბილიკი ჩიჩხიტურის ტაძართან, რამდენჯერმე შეგვიზღუდა წვდომა ჩვენს ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე ე.წ. სადავო ლოკაციებზე, გამოიტანა ხატები უდაბნოს მონასტრის კელიებიდან, გადააქცია ამავე კომპლექსის კელიები ტუალეტებად.
ყველაფერთან ერთად, 25 აპრილიდან მოყოლებული, ოფიციალური აზერბაიჯანი არ წყვეტს განცხადებების კეთებას იმის თაობაზე, რომ გარეჯი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას. ეს რიტორიკა არათუ ნელდება, არამედ სულ უფრო აგრესიული ხდება.
საპასუხოდ კი ჩვენი მთავრობა დუმს. დუმს ასევე ოპოზიციაც.
14 ივლის მოხდა ინციდენტი ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა გაიგეს ხატების უდაბნოს მონასტრიდან გამოტანის და რამდენიმე კელიის ტუალეტებად გადაქცევის შესახებ.
ზუსტად ამ ინციდენტის შემდეგ საბოლოოდ დაიკეტა ჩიჩხიტურის ტაძართან მისასვლელი გზა და კიბეებთან მდებარე მინდორი, ასევე აღდგომისა და უდაბნოს ტაძრებთან მისასვლელი ბილიკები.
გამძაფრდა აზერბაიჯანელების მხრიდან განცხადებების შინაარსი.
ჩვენი მთავრობა კი დუმს. დუმს ასევე ოპოზიცია.
ერთი დაპირება წამოსცდა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს 15 ივლისს, რომ ერთ კვირაში გაიხსნებოდა ყველა გზა. მაგრამ გავიდა 2 კვირაზე მეტი და არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ აზერბაიჯანელებმა მეორე ბაზა გახსნეს სასწრაფო რეჟიმში და ქედზე მესაზღვრეების რაოდენობა მინიმუმ გაასამმაგეს, მაშინ როდესაც ჩვენი მესაზღვრეების რაოდენობა ნამდვილად არ გაზრდილა.
საზოგადოების ინტერესი ძალზედ მაღალია გარეჯთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს მთავრობისგან ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან, მაგალითად, რა მდგომარეობაა ამჟამად, რომელი წლის რუკებით ხელმძღვანელობს კომისია საზღვრების დადგენისას, რატომ აძლევს აზერბაიჯანული მხარე საკუთარ თავს იმოქმედოს სადავო ტეროტორიაზე როგორც უკვე არსებული მესაკუთრე, მაშინ როდესაც სადელიმიტაციო კომისიას მუშაობა არ აქვს დასრულებული და ა.შ.
კითხვები უამრავია, მაგრამ არავინ ჩანს, ვინც შეიძლება პასუხი გასცეს ამ და სხვა, ძალზედ მნიშვნელოვან კითხვებს.
ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ საზოგადოების წარმომადგენლების საჯარო შეხვედრის ორგანიზება იმ პირებთან, ვინც დელიმიტაციის კომისიის შემადგენლობაში მუშაობენ ამ უკიდურესად მნიშვნელოვან საკითხზე.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოხდება საზოგადოების ინტერესის და ყურადღების განელება ამ უმწვავესი პრობლემის მიმართ, ძალიან ცდება.
ჩვენ არ დავთმობთ გარეჯს. გარეჯი-საქართველოა!"-წერს დავით ქაცარავა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი