"ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით ისეთ პოლიტიკურ კრიზისში არ იმყოფება, რომ მონარქიის აღდგენის იდეამ კვლავ წამოყოს თავი"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"კრიზისულ ვითარებაში სოკოებივით ჩნდებიან ხოლმე არაორდინალური იდეები და პრობლემის გადაჭრის ეგზოტიკური შეთავაზებები. მოთხოვნადი ხდებიან ექიმბაშები, მკითხავები, ასტროლოგები, თვითნასწავლი ეკონომისტები.

 

კრიზისის პოლიტიკური დაძლევის გზად გაცოცხლდება ხოლმე მონარქიის აღდგენის ნაფტალინმოყრილი იდეა, ხოლო ფინანსური(სავალუტო) კრიზისის დაძლევის საშუალებად და ინფლაციის მოსათოკად- საკუთარ ვლუტაზე უარის თქმა.

 

ამ უკანასკნელს აქვს რამდენიმე მოდიფიკაცა:

1. გადავიდეთ სხვა ქვეყნის ვალუტაზე( ევრო, დოლარი).
2. მივაბათ საკუთარი ვალუტა სხვა ქვეყნის ვალუტას.
3. დავუშვათ მრავალვალუტიანი რეჟიმი.

ეს იდეები შეიცავს ასევე ქვეიდეებს, მაგ. გავაუქმოთ საერთოდ ეროვნული ბანკი ან გადავიდეთ მის ისეთ ნაირსახეობაზე, როგორიცაა ე.წ. ”სავალუტო საბჭოები”, რომლებიც სულ რამდენიმე ქვეყანაში, ძირითადად ბრიტანეთის იმპერიის ყოფილ კოლონიებში მოქმედებს და რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია როგორც კოლონიური გადმონაშთი. ჩვეულებრი ატავიზმია, ოღონდ ფინანსური სფეროში.

 

ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით ისეთ პოლიტიკურ კრიზისში არ იმყოფება, რომ მონარქიის აღდგენის იდეამ კვლავ წამოყოს თავი (თუმცა, არც ბევრი გვაკლია აქამდე), მაგრამ სავალუტო კრიზისი უკვე აშკარაა და ლარიც სამის ნიშნულს მიუახლოვდა. ამან კვლავ გააცოცხლა ”ეკონომიკური ექიმბაშობა” და თუ ლარი სამს გადასცდა, ამ იდეებმა შეიძლება ”ექსპერტული” მოსაზრებებიდან პოლიტიკური პარტიების პროგრამებშიც ამოჰყოს თავი.

 

მოკლედ, კვლავ დაიწყეს აქა-იქ მსჯელობა, ლარით, ულაროდ თუ კენტავრულად.

რეალობა ასეთია:
-ევროზონაში არავინ მიგვიღებს. ევროკავშირშიც რომ ვიყოთ, ამისთვის აბსოლუტურად არა ვართ მზად( ჩეხეთი, პოლონეთი, ბულგარეთი და ევროკავშირის ათამდე ქვეყანა ჯერაც არ არის მზად).

-ჩვენით რომ გამოვაცხადოთ ევრო ან დოლარი საკუთარ ვალუტად( კოსოვო, მონტენეგრო, პანამა), უნდა გვქონდეს უცხოური ვალუტის გენერირების სტაბილური წყარო და ვალუტა მეტი უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში, ვიდრე გადის. ჩვენთან პირიქითაა, ე.წ. საგადასახდელო ბალანსში წონასწორობა მყარდება საგარეო ვალების მუდმივად აღების გზით.

 

-სხვა ვალუტას რომ მივაბათ ლარი, ამის რეზერვები არა გვაქვს. დღეს რომ ასეთი რეჟიმი ყოფილიყო და ლარის ფიქსაცია მოგვენდომებინა ვთქვათ, 1,8 ნიშნულზე, მთელი რეზერვები მომენტალურად დასული იქნებოდა ნულამდე. რომელ ფიქსირებულ კურსზეა საუბარი( არც ვარგა), როცა ერთხელ გააკეთა ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა ერთი კვირის წინ და ხელები უკანკალებს, მეორეს ვერ ბედავს, რადგან რეზერვებს უფრთხილდება. რეზერვები კი საგარეო ვალის გასასტუმრებლად და შავი დღისთვის სჭირდება.

 

მრავალვალუტიანი რეჟიმის გაფეტიშება ყველაზე არასერიოზული მსჯელობაა. იყო ასეთი რამ უკვე საქართველოს ისტორიაში. ქვეყნის ფულს ანუ გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებას კუპონი ერქვა, რომელიც ემსახურება ეკონომიკის ძალიან ვიწრო სეგმენტს, ხოლო ძირითადი ვალუტა იყო დოლარი და რუსული რუბლი და ვისაც რა ჰქონდა და რასაც იშოვიდა, იმის გამოყენების უფლება ეძლეოდა. როგორ უშველა ამან ეკონომიკას, ყველამ კარგად ვიცით.

 

ლარიც იგივე ექვსნულჩამოცილებული კუპონია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მის შესაქმნელად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა გამოგვიყო დაახლოებით 250 მილიონი დოლარის სესხის სახით. ეს იმ დროისათვის უზარმაზარი ფული იყო. ლარი შექმნა უცხოური ვალუტის რეზერვებმა. სამი წლის განმავლობაში ფიქსირებული კურსის( ფაქტიურად დოლართან მიბმა) რეჟიმი მოქმედებდა და 1998 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ეს რეჟიმი მოშალა და რეზერვების უდიდესი ნაწილი შეიწირა.

 

სავალუტო რეჟიმს განსაზღვრავენ არა მთავრობები, პარტიები ან ”ექსპერტები”, არამედ ეკონომიკა. ჩვენს ეკონომიკას ბედმა არგუნა ლარი და ასე იქნება კიდევ მრავალი, მრავალი წელი.

 

და ბოლის, უკლებლივ ყველა ზემოთჩამოთვლილი თუ ზემოთსასურველი სავალუტო რეჟიმების დროს მოვსწრებივარ, მიმუშავია და საკუთარ ტყავზე გამომიცდია, ბევრი რამ საკუთარი ხელებით მიკეთებია( თუ ვერმიკეთებია). ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა: ძალიან კარგად ( ბოდიში, ყველაზე კარგად) ვიცი, თუ როგორი სავალუტო რეჟიმი სჭირდება ქვეყანას. შევეშვათ ილუზიებს და მივხედოთ ლარს."- წერს რომან გოცირიძე.

წაკითხვა 664 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.