შქმერული - კერძი, რომელიც იაპონიაში ჰიტად იქცა!
კერძი „შქმერული“ იაპონიაში ჰიტი-კერძების რეიტინგში შევიდა.
სიტყვა „შქმერული“ კი იაპონური Yahoo-ს ყველაზე ძიებად სიტყვათა ოთხეულში მოხვდა - ეს ინფორმაცია გაავრცელა იაპონიის საელჩომ საქართველოში. რაჭის სოფელ შქმერის სეხნია კერძი, მართლაც, უგემრიელესია. მთელი მისი საიდუმლო კი ნივრის სოუსია, რომელშიც შემწვარ ქათამს აწყობენ.
შქმერულის უამრავი ვერსია არსებობს და ეს რეცეპტი, მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა.
საჭირო პროდუქტი (4 პორციისთვის):
ქათმის ხორცი - 1-1,2 კგ.
დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ.
მარილი
კარაქი
რამდენიმე ღერი ქინძი
ნივრის სოუსისთვის:
22%-იანი ნაღები - 500 მლ
ნიორი - 6-7 დიდი კბილი
მომზადების წესი:
ქათამი გამდინარე წყალში გარეცხეთ და შუაზე გაჭერით.
რეცეპტების უმეტესობაში გირჩევენ, რომ ტაფაზე დადებამდე ქათამს მარილი მოაყაროთ, მაგრამ ჩვენ სხვა გზით წავალთ, რომლის დამსახურებითაც ხორცი თანაბრად დამარილებული და ძალიან წვნიანი იქნება - ამისათვის 1 ლიტრ წყალს დაამატეთ 1/4 ჭიქა მარილი, აურიეთ სანამ არ გაიხსნება. ქათამი მარილწყალში ჩადეთ და ერთი საათის განმავლობაში დატოვეთ.
ამოიღეთ ქათამი მარილწყლიდან, გამდინარე წყალში გარეცხეთ, გაამშრალეთ და წაუსვით დაფქული წიწაკა. ზოგი გირჩევთ, გემოვნებით ხმელი ქინძი მოაყაროთ, მაგრამ წიწაკა სრულიად საკმარისია.
ტაფაზე გაადნეთ 50 გრ კარაქი, ზედ მოათავსეთ შუაზე გაჭრილი ქათამი, რამე სიმძიმე დაადეთ და შეწვით, სანამ ორივე მხრიდან ოქროსფერი არ გახდება. სასურველია, რომ ქათამს შეწვა ცოტა დააკლოთ.
შემწვარი ქათამი გვერდით გადადეთ, ხოლო ტაფაზე დარჩენილი ცხიმი გადაღვარეთ.
ამის შემდეგ ტაფა დაბალ ცეცხლზე დაადგით, დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი კარაქი და დანაყილი ნიორი. ნიორი კარაქში რამდენიმე წუთი შუშეთ, შემდეგ დაამატეთ ნაღები და ადუღებამდე მიიყვანეთ.
ნივრიან ნაღებში ჩააწყვეთ დაჭრილი ქათამი და 10 წუთი, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.
მზა შქმერულს წვრილად დაჭრილი ქინძი დაუმატეთ.
კერძი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი