"წარმატების წინაპირობა დიდი შრომა და მიზანდასახულობაა, რასაც მყარი განათლება ერთვის"-ირმა შამათავა
მეცნიერები თვლიან, რომ პროფესიის არჩევისას ადამიანზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს – უნარები, ინტერესები, მოტივაცია, ღირებულებები და ოჯახი.
დიახ, სწორედ ამ ფაქტორების მიხედვით უნდა ვუპასუხოთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ტექნოლოგიების განვითარებამ და ცხოვრების განსაკუთრებულად სწრაფმა ტემპმა, მსოფლიოში არასტანდარტული პროფესიების გაჩენაც განაპირობა, ასევე, წინ წამოწია ისეთი საქმიანობები, რომელიც მივიწყებული იყო.
როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესია?
ჩვენი რუბრიკის სტუმარი გვპასუხობს, რომ პედაგოგს ძალიან დიდი როლი უჭირავს მოსწავლის ინტერესების ჩამოყალიბებასა თუ საერთოდ მის განვითარებაში. ყველა წარმატების უმთავრესი წინაპირობა კი დიდი შრომა და მიზანდასახულობა, რასაც მყარი განათლება ერთვის.
FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“.
ირმა შამათავა - მეცნიერებათა დოქტორი, დართმუსის კოლეჯის ასოცორებული მეცნიერთანამშრომელი, ტექნოლოგიური კომპანიის “White river technologes “ უფროსი გეოფიზიკოსი, ასევე ტექნოლოგიური კომპანიის (sstech) დამფუძნებელია საქართველოში.
- მოგვიყევით თქვენს შესახებ... რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია?
- სოხუმელი გახლავართ. მთელი ჩემი ბავშვობა და სიყმაწვილე აფხაზეთს უკავშირდება. სოხუმი კი სითბოს, სილამაზის , გაზაფხულზე ჟუჟუნა წვიმისა და ზღვის ბობოქარ ტალღებთანაა გაიგივებული ჩემს ქვეცნობიერში, რაც ძალიან ხშირად მესიზმრება. მსოფლიოს უამრავ ადგილას ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი თვალმარგალიტი როგორიც აფხაზეთია, არსად შემხვედრია. ქ. სოხუმის მე-11 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ძალიან მოწესრიგებული და აქტიური მოსწავლე გახლდით დატვირთული დღის განრიგით. მუსიკის გაკვეთილებიდან დაწყებული თეატრალური წრით დამთავრებული. შეჯიბრებებში, ტურებში ხშირად ვღებულობდი მონაწილეობას. განსაკუთრებით მიყვარდა მათემატიკა, ფიზიკა. თითქმის ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობდი. ექიმობაზე ვოცნებობდი. დედა მედიცინის თანამშრომელია და არაერთ ოპერაციას დავსწრებივარ (შუშის მიღმა).
მე-6 კლასში კი ყველაფერი შეიცვალა ჩემში. ჩემმა ფიზიკის მასწავლებელმა ქალბატონმა მანონი ჯოჯუამ თავდაყირა დააყენა ჩემი ინტერესები. უამრავი საინტერესო კითხვა გამიჩნდა, რომელსაც მხოლოდ ფიზიკა ახსნიდა მომავალში. (მახსოვს ბიოლოგიის მასწავლებელი ცოტათი გამინაწყენდა ჩემი არჩევანის გამო, მეგონა ჩემი მიმართულებით წახვიდოდიო...) საოცარი პედაგოგი იყო ქალბატონი მანონი, საოცარი გადმოცემის უნარით. უდაოდ დიდი პროფესიონალი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. პედაგოგს ძალიან დიდი როლი უჭირავს მოსწავლის ინტერესების ჩამოყალიბებასა თუ საერთოდ მის განვითარებაში. საოცარი პედაგოგები მყავდა, რაშიც ძალიან გამიმართლა.
1988 წელს ჩავაბარე სოხუმის უნივერსიტეტში ფიზიკურზე. მერე მოხდა ჩვენთვის ცნობილი პოლიტიკური ცვლილებები და მეც აღმოვჩნდი ჯერ სოხუმის ფილიალში. მერე ომის დროს კი თსუ-ში. ომს მოჰყვა დევნილობა, ემიგრაცია და უამრავი რამ. სავარაუდოდ, რაც არ გკლავს ის გაძლიერებს. ასეც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე დიდი გამართლება ალბათ ის იყო, რომ ცხოვრების თანამგზავრად ავირჩიე ადამიანი, რომელსაც სწორედ ისეთივე მიზნები, ოცნებები აქვს როგორც მე. ჩვენ ორივენი ერთნაირად ვფიქრობთ, რამაც ძალიან შეუწყო ხელი ჩემს განვითარებას პროფესიული მხრით. ადვილი არაა იყო ემიგრაციაში, გყავდეს ოჯახი, გაზარდო სამი შვილი და თან პარალელურად სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდე ისეთ დიდი ქვეყანაში როგორიც ამერიკაა, სადაც კონკურენციას გიწევენ მსოფლიო წარმატებული სკოლების კურსდამთავრებულები. მეორე ნახევარს უდიდესი როლი უჭირავს ამ დროს. იმ გაჭირვების ჟამს მხოლოდ ჩვენ ორს გვესმოდა ერთმანეთის და მხოლოდ ჩვენ ვიცოდით საით მიდიოდა ჩვენი სამომავლო გზა... იყო საბერძნეთი, ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, მერე კი ამერიკა, დართმუსის კოლეჯი... თითქოს ბედის ირონიაა ის ფაქტი, რომ მე ბომბების წვიმას გადარჩენილი 20 წელია მათ განეიტრალებას და გასუფთავებას ვემსახურები, აქ ამერიკაში. მინდა მსოფლიო აუფეთქებელი ნაღმებისა და ბომბებისაგან გავასუფთაო. სწორედ ჩემი ამერიკული საქმიანობა ამ ძირითად პროექტს მოიცავს, რასაც ამერიკის სამხედრო აფინანსებს.
- როგორ მიაღწიეთ წარმატებას? რა ხერხები ან რა თვისებები დაგჭირდათ ამისთვის?
- მიზნის მიღწევა ალბათ ყოველდღიური საქმიანობის, სისტემატიურობის, სიბეჯითისა და ცნობისმოყვარეობის ნაკრებია, რასაც უდიდესი შრომა უნდა ერთვოდეს. ამ ყველაფრის ბაზისი კი კლასიკური მყარი განათლებაა. მიზანდასახულობა და კომუნიკაციის უნარი აუცილებელია ამ დროს.
- რა არის თქვენი პროფესიის მთავარი მიზანი? რას ემსახურებით?
- ამერიკაში ვარ 2000 წლიდან. ჩემი ძირითადი საქმიანობა მიწისქვეშა აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენა და განიარაღებაა, რასაც ელექტრომაგნიტური ველების დახმარებით ვაკეთებთ. ეს პროექტები ფინანსდება თავდაცვის სამინისტროდან და ძირითადად ნიადაგისა თუ წყალქვეშეთის გასუფთავებას ემსახურება. პარალელურად ვმუშაობ ტექნოლოგიურ კომპანიაში“White river technologes”. ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამული პაკეტებით ხდება მიწისქვეშა აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენა და გაუვნებელყოფა, აგრეთვე ვმუშაობთ წყლისქვეშა სამარინების აღმოჩენაზეც, რომელსაც ამერიკის სამხედრო სამსახური აფინანსებს.
2018 წელს საქართველოში, თბილისში დავაარსე ახალი ტექნოლოგიური კომპანია გეოფიზიკის მიმართულებით, რომელიც ამერიკიდან ფინანსდება. ეს პატარა კომპანია, სახელწოდებით " ჩაძირული სხეულების სენსირების ტექნოლოგიები და კონსულტაციები"(sstech) დაფუძნებულია ელექტრომაგნიტური ველებით სენსირებაზე, ჩაძირული სხეულების დეტექტირებასა და იდენტიფიცირებაზე, როგორიცაა აუფეთქებელი ნაღმები, მინერალები(გეოფიზიკა), აქ იქმნება ახალი ტექნოლოგიური სისტემები წარმოებული საქართველოში. ხოლო მისი გამოყენება ხდება რეალურ პრაქტიკაში და ხდება იმ პროექტის ნაწილი, რასაც ამერიკა და მთელი მსოფლიო იყენებს დღეს.
ჩვენი უმთავრესი მიზანია ტექნოლოგიების დამკვიდრება - განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენს სამშობლოში - საქართველოში. იმედს ვიტოვებ ჩვენი სახელმწიფოც ჩაერთვება ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში.
მე და ჩემი მეუღლე (ფიზიკოსი, პროფესორი ფრიდონ შუბითიძე) ერთად ვმუშაობთ სიმსივნის მკურნალობის ახალ მეთოდებზე, რომელსაც ჰიპერთერმია ჰქვია. საქართველოში შ. რუსთაველის ფონდიც აფინანსებს ერთ-ერთ პროექტს.
ჰიპერთერმიის არსი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ ელექტრომაგნიტური ველების დასხივებით ვეძებთ სიმსივნურ კერას, შემდეგ კი ორგანიზმში შეგვყავს თხევადი მეტალები, ვახურებთ 46 გრადუს ტემპერატურაზე, რაც სიმსივნურ უჯრედებს კლავს, ოღონდ ქიმიისგან განსხვავებით, სხვა უჯრედებს სრულიად არ აზიანებს. ამით ბევრნაირ სიმსივნეს შეიძლება ვუშველოთ. მისი პატენტი გვეკუთვნის ჩვენ, დარტმოუთის კოლეჯს. ექსპერიმენტები ცხოველებზე წარმატებით ჩატარდა, რასაც კარგი შედეგები მოჰყვა. ამერიკაში ამ ექსპერიმენტის ადამიანზე ჩატარებას დიდი დრო სჭირდება. ვთხოვე საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე ამ ტექნოლოგიას ამერიკა წაიღებს, იქნებ შეიმუშაოთ კანონი, რაც ექსპერიმენტების დაფინანსებისა და ადამიანებზე - მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებზე მისი ჩატარების საშუალებას მოგვცემს-მეთქი, მაგრამ ამაზე რეაგირება არ ყოფილა. ეს ტექნოლოგიები უკვე დანერგილია და გამოიყენება ევროპა-ამერიკაში.
- თქვენი აზრით, რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ თქვენს პროფესიას დაეუფლოს?
- ყველა წარმატების უმთავრესი წინაპირობა არის დიდი შრომა, მიზანდასახულობა, რასაც მყარი განათლება ერთვის. სამომავლოდ ალბათ პარტნიორსაც დიდი როლი ენიჭება, რომელსაც ესმის შენი მიზნები და მხარს თუ არ დაგიჭერს ხელს არ შეგიშლის. თუ შენი თანამოაზრეა ეს ხომ უდიდესი ბედნიერებაა.
- რას შეცვლიდით საქართველოში განათლებისა და განვითარების კუთხით?
საქართველოში უპირველესად ვისურვებდი ისეთ განათლების სისტემას, რომელიც მაქსიმალურად შეინარჩუნებდა ქართულს, ტრადიციულს, ეროვნულს, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის იქნებოდა მორგებული და არა კოპირებული სხვა ქვეყნებიდან. ამერიკაში სტანდარტული განათლება არ არსებობს. ყველა პროფესორს და უნივერსიტეტს ინდივიდუალური ლექციის კურსი აქვს. პროფესორისა და უნივერსიტეტის წარმატება განისაზღვრება სტუდენტის წარმატებით და პროფესორის სამეცნიერო -საზოგადოებრივი აქტიურობით. ყველა დიდი პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფო მიმართავს ცნობილ პროფესორებს დახმარებისათვის. პროფესორი არის ექსპერტი მის საქმიანობაში.
მაგალითად: ყოველი დიდი პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობას ღებულობენ კომპანიები, პროფესორები, და სამეცნიერო ლაბორატორიები. ამ სამი დაწესებულებიდან პროფესორის ვალდებულებაა პრობლემის ძირფესვიანი შესწავლა, მიღებული შედეგების გამოქვეყნება და დასკვნების დადება ყოველგვარი კომერციული დაინტერესების გარეშე. პროფესორის სამეცნიერო საქმიანობაში აუცილებლად არის ჩართული სტუდენტი, ქვეყნის მომავალი. ეს ურთიერთობა ხსნის ბარიერს სტუდენტსა და პროფესორს შორის, რაც დღემდე პრობლემატურია ქართულ განათლებაში. ურთიერთობისას სტუდენტი სწავლობს არა მარტო დასმული პრობლემის გადაჭრას, არამედ სწავლობს ჭეშმარიტი სამეცნიერო შედეგების მნიშვნელობასაც საზოგადოებისთვის. ვისურვებდი რომ ქართული პროფესურა იყოს საზოგადოებისთვის ჭეშმარიტების რეალური წყარო და მომავალი თაობის მაგალითის მიმცემი. პროფესურა და განათლება მინდა პირნათლად ემსახურებოდეს ქართულ სახელმწიფოს. მიმაჩნია, რომ ქართველი წარმატებული ადამიანები უნდა იყვნენ ჩართულები ახალგაზრდების განათლება - განვითარებაში. არც ერთ უცხოელს ისე არ სტკივა საქართველო, როგორც ჩვენ წამოსულ ემიგრანტებს. სწორეთ მათ ხარჯზე უნდა ხდებოდეს განათლების ამაღლება... მხოლოდ განათლებაშია ჩვენი ხსნა და მომავალი.
დიახ, საქართველო ჩემი სამშობლოა და ეს სიტყვა ყველაფერს იტევს. მიყვარს, მეამაყება , მტკივა, მაწუხებს, ვიძინებ და ვიღვიძებ საქართველოთი. უნიკალური ვარ, იმიტომ რომ ქართველი ვარ ყველა ქართული უარყოფითი თუ დადებითი თვისებებით. ამერიკაშიც ძალიან საინტერესო ვარ, იმიტომ რომ ქართველი ვარ! მე და ჩემი მეუღლე ქართული ტრადიციებით ვზრდით ჩვენს შვილებს, პატივსვცემთ ქართულ სუფრას, ჩვენს უნიკალურ ღვინოს... მიუხედავად ყველაფრისა უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში განათლების დონე ძალიან დაბალია. უდიდესი პრობლემებია სკოლებში, უნივერსიტეტებში. არ გვაქვს შესაბამისი ბიბლიოთეკები, ლაბორატორიები. პრობლემაა მცოდნე პედაგოგები. თავად განათლების სისტემაშია უამრავი ხარვეზი.
- რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებისთვის?
- უპირველესად, მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე მინიმალური ბაზის შექმნა ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ის უნდა იყოს დაინტერესებული ეროვნული ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებით, შეძლოს შექმნილი ტექნოლოგიების შესყიდვა - დანერგვა.
მე, რა თქმა უნდა, გეგმები სულ მაქვს და მექნება საქართველოსთან დაკავშირებით. მომავალში უფრო მეტად მინდა ჩავერთო საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში. ვმონაწილეობ რამდენიმე პროექტში შოთა რუსთაველის სახელობის ნაციონალური სამეცნიერო ფონდიდან, სადაც უმეტესად სტუდენტები არიან ჩართული. აქტიურად ვარ ჩართული კომპანიის მუშაობის საკითხებში.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი