"მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლეში დადებითი კვალი დავტოვოთ" - პროფესია მასწავლებელი
როგორ იქმნიან ადამიანები მომავალს? ამ ეტაპს თითოეული ჩვენგანი გადის. დიახ, ჩვენი მომავლის საფუძველი სკოლაში ყალიბდება და მასწავლებელია ამ მომავლის გარანტიც.
მისი მისია დიდია და პასუხისმგებლობა — უკიდეგანო. მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბაშვის მშობელი; მასწავლებელი ანბანის დედა; „მასწავლებელი — ბურჯი სიბრძნისა“; „მასწავლებელი — ცოდნის ლამპარიო“…
ეს არის პროფესია რომელიც ძალიან დიდ განათლებასა და შრომას მოითხოვს. რა არ ხდება მის თავს — ტრენინგები, კრედიტები, ატესტაციები, გამოცდები, ელექტრონული ჟურნალები, უამრავი საწერი, ათასი თავსატეხი… მაგრამ მაინც უძლებს დროისა და ეპოქის გამოწვევებს!
FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“. ანა ჩაჩხიანი ქალაქ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელია. პედაგოგების ოჯახში იზრდებოდა და როგორც ჩვენ გვიყვება, იმდენად მოსწონდა ეს პროფესია, რომ არც კი დაფიქრებულა საკუთარ არჩევანზე.
- მუშაობა 14 წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად ქალაქ ქუთაისის ეროვნულ უნივერისტეტში ვმუშაობდი, ბოლო თორმეტი წელია ვასწავლი სსიპ - წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის #3 საჯარო სკოლაში. პირველივე წელს როგორც კი დაინიშნა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები, მასწავლებლის სერთიფიკატი ავიღე. საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი კი 5.10.2011 წელს მოვიპოვე. PH International ის მიერ 2013 წელს კონკურსის შედეგად, მოხდა ინგლისური ენის პედაგოგთა შერჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით. გამარჯვებული პედაგოგები გავემგზავრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც მოხდა ჩვენი ტრენერებად გადამზადება World Learning SIT Graduate Institute-ის მიერ. იქ შევისწავლეთ მოსწავლეებზე ორიენტირებული თანამედროვე მიდგომები, გავიღრმავეთ პროფესიული ცოდნა. ეს იყო საუკეთესო გამოცდილება,რაც შეიძლებოდა მენატრა.
ბავშვობა
- როგორც ბავშვი ძალიან დამყოლი ვიყავი. გამოვირჩეოდი მშვიდი ბუნებით, პატარაობიდანვე მზრუნველი ხასიათი მქონდა, მიყვარდა ადამიანები,ვოცნებობდი მათ გაბედნიერებაზე. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, ვეცნობოდი სხვადასხვა ლიტერატურას. წიგნის პერსონაჟებს ვაიგივებდი ხოლმე ჩემს თავთან, ასე ვირგებდი განსხვავებული გმირების სახეებს. გატაცებული ვიყავი ცეკვით, დავდიოდი მუსიკალურ თეატრში. ბავშვობა ძალიან ტკბილად მახსენდება.
პროფესია
- პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგი ვარ. ვიზრდებოდი პედაგოგების ოჯახში,იმდენად მომწონდა ეს პროფესია, რომ არც კი დავფიქრებულვარ როცა ამ არჩევანის წინაშე დავდექი. კარგად მახსოვს, ბავშვობაში ავიღებდი ხოლმე დიდ რვეულს, დავხაზავდი ჟურნალს, მოვირგებდი ბაბუს სათვალეებს და ძალიან კმაყოფილი გამომეტყველებით ამოვიკითხავდი ხოლმე სიას. მოსწავლეც მე ვიყავი და მასწავლებელიც. ძალიან მომწონდა ამ ამპლუაში თავი.
ოცნება
- ბავშვობაში მსახიობობაზე ვოცნებობდი, თეატრალურ უნივერსიტეტში მინდოდა ჩამებარებინა.
პროფესიული წარმატება
- წარმატებას დიდი შრომის შედეგად მივაღწიე, როგორც ზემოთ აღვნიშნე ძალიან შრომისმოყვარე, ბეჯითი და პასუხისმგებლობით სავსე ვიყავი. ეს უნარები აუცილებელია,როცა გინდა წარმატებას მიაღწიო. მონაწილეობა მიმიღია სხვადასხვა ტრენინგებსა თუ სემინარებში, საიდანაც ყოველთვის მომქონდა ახალი უნარები, ცოდნა და გამოცდილება. ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს ჩემმა ლექტორებმა, რადგან ნამდვილი პროფესიონალების ხელში მოვხვდი. ყველაზე დიდი მადლობა მინდა ქალბატონ მადონა მეგრელიშვილს გადაუხადო, ის გახლდათ ჩემი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, რაც დიდი პატივი იყო ჩემთვის. ყველაზე დიდ წარმატებად კი ის ფაქტი მიმაჩნია, რომ წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის #3 საჯარო სკოლაში ვმუშაობ, ნამდვილი პროფესიონალების გვერდით საუკეთესო კოლექტივთან ერთად. ჩემი სკოლა ის ადგილია, სადაც ღიად და ძალიან თამამად ვხვდებით სხვადასხვა ტიპის გამოწვევებსა და ინოვაციებს.
პროფესიული მიზანი
- მასწავლებლის უპირველესი მიზანი, მოსწავლის კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებაა. მათი სწორი ღირებულებებით და ინტერესებით აღზრდა. ჩვენი ვალია სხვადასხვა საკითხის მიმართ მათი ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაღრმავება. მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლეში დადებითი კვალი დავტოვოთ. აუცილებელია ყველა მოსწავლის ინტერესისა და თავისებურებების გათვალისწინება.
რჩევები ახალგაზრდებს
- ახალგაზრდებს, რომლებსაც პედაგოგობა სურთ, აუცილებელია იყვნენ საგნის კარგი სპეციალისტები. უნდა შეეძლოთ პრობლემის სწრაფი მოგვარება, იყვნენ მუდმივი ინოვატორები. ეს ყველაფერი კი მოითხოვს დიდ ენერგიას, მოთმინებასა და დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ემპათიის უნარია, ბავშვებისა და საკუთარი საქმისადმი უზომო სიყვარულია. მომავალ თაობას, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ ამ პროფესიის არჩევა ვურჩევდი, რომ არ დაეზაროთ სწავლა და თვითგანვითარება.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"