თურქეთი რუსეთს და საქართველოს შერიგებისაკენ მოუწოდებს
რუსულ გამოცემაში - „სვობოდნაია პრესა“-ში («Свободная пресса») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „თურქეთი რუსეთს და საქართველოს შერიგებისაკენ მოუწოდებს: ანკარა ამიერკავკასიის მთავარი რეგიონულ არბიტრის როლში გამოდის“, რომელშიც პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ ამას წინათ გაჟღერებული ინიციატივის - „კავკასიური პლატფორმის“ პერსპექტივაა განხილული.
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:
„როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ბაქოში ყოფნისას „კავკასიური ექვსეულის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომლის ჩარჩოებში გათვალისწინებულია თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა. ინიციატივა საინტერესოა, თუმცა მას სადაო ხასიათი აქვს - „კავკასიური პლატფორმით“ მტკიცდება თურქეთის დომინირება სამხრეთ კავკასიაში, რაც საეჭვოა რუსეთს და ირანს მოეწონოს.
ჯერ-ჯერობით თურქულ ინიციატივაზე ოფიციალურად მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება გამოეხმაურა: თბილისმა რადიკალურად განაცხადა, რომ არ მიიღებს არავითარ მონაწილეობას ისეთ ფორმატებში რუსეთთან ერთად, სანამ მოსკოვი თავის საერთაშორისო ვალდებულებას არ შეასრულებსო (ანუ ჯარების გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან).
კომენტარისთვის მივმართეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კომუნიკაციების სააგენტოს წამყვან ანალიტიკოსს, პოლიტოლოგ მიხეილ ნეიჟმაკოვს:
- საქართველო უარს აცხადებს „კავკასიურ პლატფორმაში მონაწილეობაზე მხოლოდ რუსეთთან დამოკიდებულების გამო თუ კიდევ სხვა მიზეზებიც არსებობს?
- ვფიქრობ, საქართველო უფრო ამერიკის შეერთებულ შტატებს უყურებს და არ ჩქარობს ახალი ინიციატივისადმი მხარდაჭერას: თბილისი ფიქრობს - ვაითუ ამერიკულმა მხარემ თურქული პროექტი გულგრილად მიიღოსო. მით უმეტეს, ბევრი ელოდება, რომ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მმართველობის პერიოდში აშშ-ის დამოკიდებულება რეჯეფ ერდოღანის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული გახდება. გარდა ამისა, პატარა ქვეყნისათვის ისეთ პროექტში მონაწილეობა, რომელშიც ამინდს დიდი და ძლიერი ქვეყნები ქმნიან, ყოველთვის არის რისკი და წყალქვეშა ქვები - შესაძლოა პატარები დიდების თამაშში ხელწამოსაკრავები გახდნენ.
- სომხეთი როგორ მოიქცევა? მოისურვებს თუ არა ერევანი პროექტში ჩართვას? საერთოდ, სჭირდება თუ არა სომხეთს „კავკასიური პლატფორმა“ ან თვითონ რეჯეფ ერდოღანს სომხეთის მონაწილეობა?
- სომხეთის ხელისუფლებისათვის მთიანი ყარაბაღში განცდილი მარცხის შემდეგ თურქეთის ინიციატივისადმი მხარდაჭერა ძალზე სერიოზული შიდაპოლიტიკური რისკების წყარო გახდებოდა. თეორიულად, [დამარცხებამდე] ერევანს შეეძლო ანკარის წინადადებაზე დათანხმება იმ ფონზე, თუ მას მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეებიც მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ ახლა ერევნის მხრიდან ანკარის ყოველი ინიციატივის მიმართ თანხმობის გამოხატვა სომეხი პოლიტიკოსების კრახს მოასწავებს.
- ირანი რას აცხადებს? განა თეირანს სიამოვნებს თურქეთის გაძლიერება რეგიონში?
- საერთოდ, ირანი ისეთ სიტუაციაშია - ვგულისხმობ მის იზოლირებას დასავლეთისაგან და გაურკვევლობას აშშ-ის მხრიდან, რომ მისთვის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი პოზიტიური უნდა იყოს. დიახ, შესაძლოა ჯოზეფ ბაიდენმა „დათბობა“ გამოაცხადოს ირანთან ურთიერთობებში, მაგრამ გავიხსენოთ: ბარაკ ობამასგანაც ბევრი ელოდა სწრაფ პროგრესს, მაგრამ „ბირთვული გარიგების“ დადებას გრძელი გზის გავლა დაჭირდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ანკარა და თეირანი ტრადიციულად ერთმანეთის კონკურენტებად ითვლებიან რეგიონში. საკმაოდ ხშირად ისმის ისეთი განცხადებები, რომლებიც ორმხრივ თანამშრომლობას არანაირად ხელს არ უწყობენ. ასე მოხდა ახლახან, როცა რეჯეფ ერდოღანმა ბაქოში ყოფნისას „კავკასიური პლატფორმაზე“ ილაპარაკა და იქვე „არაზის გადაღმა მდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიები“ ახსენა, რაც ირანს არ ესიამოვნა. ამიტომაც დიდი ალბათობაა იმისა, რომ ირანი თურქეთის ინიციატივას ამ ეტაპზე არ დაეთანხმება და მის იგნორირებას მოახდენს.
- და რუსეთი როგორ მოიქცევა? გვჭირდება ჩვენ „კავკასიური პლატფორმა“?
- მსგავსი ინიციატივები რუსეთისთვის მოქმედების არეალს უფრო ზღუდავს, ვიდრე აფართოებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ კავკასიურ ქვეყანას რუსეთთან რთული დამოკიდებულება აქვს, ვფიქრობ, ანკარის ინიციატივის რეალიზების საკითხში მოსკოვი ნაკლებად აქტიური იქნება.
როგორც რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დეპარტამენტის დოცენტი გევორქ მირზანიანი ამბობს, თავიდანვე აშკარა ჩანდა, რომ საქართველო თურქულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერდა: ექვსეულში ხომ ისეთი ქვეყნები შეიკრიბნენ, რომლებთანაც თბილისს რთული ურთიერთობა აქვს.
„ქართველის გაგებით, იქ არის „სამხედრო ოკუპანტი“ (რუსეთი), „ეკონომიკური ოკუპანტი“ (თურქეთი), „ეკონომიკური ოკუპანტის უმცროსი პარტნიორი“ (აზერბაიჯანი), „პოტენციური ოკუპანტი“ (სომხეთი, რომელსაც სამცხე-ჯავახეთზე „თვალი უჭირავს“), „უახლოესი მეგობრის დაუძინებელი მტერი“ (ირანი, რომელსაც აშშ-სთან კონფლიქტი აქვს). რაში სჭირდება საქართველოს ასეთ პლატფორმაში მონაწილეობა? არანაირად. საქართველო მხოლოდ იმ პლატფორმებს თანხმდება, რომლებშიც მისი მეგობრები მონაწილეობენ“, - ამბობს პოლიტოლოგი.
- დანარჩენი პოტენციური მონაწილეები თუ დათანხმდებიან? ვთქვათ, იგივე რუსეთს და ირანს მოეწონებათ თურქეთის გაძლიერება? და სომხეთს ეს აწყობს?
- მართალია, თურქული პანთურქიზმი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის პირდაპირ საფრთხედ აღიქმება, თუმცა მოსკოვი კავკასიაში დასავლურ დომინირებას უფრო საშიშ და მადესტაბილიზებლად მიიჩნევს. ბოლოს და ბოლოს, თურქებს და ირანელებს ჩვენ თვითონვე მოვუვლით (გავითვალისწინოთ ისიც, რომ თეირანსაც არ სიამოვნებს ანკარის ექსპანსია).
რაც შეეხება სომხეთს, ამ შემთხვევაში საკითხი უფრო რთულად დგას. სომხეთისათვის „კავკასიურ პლატფორმაზე“ დათანხმება მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისადმი დათმობის საბოლოდ აღიარებას ნიშნავს. ამიტომაც ერევანი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. მართალია, რეჯეფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ სომხეთისათვის სავალდებულო არ არის - „თუ მოისურვებს, შემოვაო“, მაგრამ განა სომხეთის გარეშე პლატფორმა იარსებებს? და თუ სომხეთი უარს იტყვის, ანკარის ინიციატივაზე არც რუსეთი არ დათანხმდება - აბა, მოკავშირე სომხეთს ხომ არ დაკარგავს სამხრეთ კავკასიაში?
- საერთოდ, საიდან გაჩნდა „კავკასიური პლატფორმის“ ინიციატივა? რამ უბიძგა მის გაჟღერებას?
- პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრი პლატფორმა იქმნება - ძირითადად იმ მიზნით, რომ რეგიონული პრობლემების მოსაგვარებლად ძლიერი გარე მოთამაშეები მიიწვიონ. მით უმეტეს, რომ ჯოზეფ ბაიდენის განცხადებამ „რუსეთთან მრავალმხრივი მიდგომის“ თაობაზე მოსკოვთან კონფლიქტში მყოფი ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა აღაფრთოვანა. მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს იმედი აქვთ, რომ ამერიკელებს საკუთარი პრობლემების გადაჭრაში უფრო აქტიურად ჩართავენ. ამ ფონზე ანკარამ სხვაგვარი მიდგომა აჩვენა - კავკასიის რეგიონის პრობლემები თვითონ კავკასიელებმა, ჩვენს შორის გადავწყვიტოთო... და ეს აჩვენა არა მარტო იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესების ლეგიტიმაცია მოახდინოს. თეორიულად ასეთი ფორმატი - „პრობლემები ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ“ - კონსტრუქციულია, რადგან ადგილობრივი სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა იმას, რომ მეზობლის დესტაბილიზებითთვითონაც დაზარალდებიან, წესით და რიგით, უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებულები თანამშრომლობის განვითარებით და არა მტრობით.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"